სალუსტიუს კრისპუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალუსტიუს კრისპუსი

სალუსტიუს კრისპუსი (ლათ. Gaius Sallustius Crispus; დ. ძვ. წ. 86 — გ. ძვ.წ. 35), რომაელი ისტორიკოსი.

ბერძნულ ისტორიოგრაფიაში ისტორიკოსების წინამორბედები ლოგოგრაფოსები იყვნენ, რომში ანალოგიურ როლს ასრულებდნენ ანალისტები. სწორედ მათ მოუმზადეს ნიადაგი ისტორიკოსების გამოჩენას. პირველი პროფესიონალი ისტორიკოსი რომში იყო გაიუს სალუსტიუს კრისპუსი. სალუსტიუსი პირველია რომაულ ისტორიოგრაფიაში, რომელიც ამბების მოთხრობიდან მათი შემფასებელი, კომენტატორი გახდა. აქ სალუსტიუსზე უდავო გავლენა იქონია ბერძნულმა ისტორიოგრაფიამ. გარკვეული გაგებით, რომაელი ისტორიკოსი თუკიდიდეს მოწაფეა, ამაზე ბევრს წერდნენ წარსულში, თავის მხრივ, სალუსტიუსმა უდავო გავლენა მოახდინა მომდევნო ხანის ყველა რომაელ ისტორიკოსზე და იმპერიის პერიოდის ისეთ გიგანტებზეც კი, როგორიც ტაციტუსია.

სარჩევი

ბიოგრაფია

გაიუს სალუსტიუს კრისპუსის ცხოვრების შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. იგი დაიბადა საბინურ ქალაქ ამიტერნში გაიუს მარიუსისა და ლუციუს კორნელიუს ცინას კონსულობის დროს, ძვ. წ. 86 წელს, ამიტერნი საბინების მხარის საკმაოდ თვალსაჩინო ქალაქი იყო.

ისტორიკოსის მშობლები პლებეები იყვნენ. მამასაც გაიუს სალუსტიუსი ერქვა. სალუსტიუსის ბავშვობის წლები ემთხვევა რომის რესპუბლიკისათვის მეტად მრისხანე ხანას – ბრძოლას სულასა და მარიუსის მომხრეებს შორის.

სალუსტიუსი ადრე გადასახლდა რომში, წყაროებში არაა დაცული რაიმე ცნობა მისი განათლების შესახებ, მაგრამ, ეტყობა, მჭევრმეტყველებას სწავლობდა.

ახალგაზრდა ნიჭიერი პროვინციელი რომში შედარებით იოლად დაწინაურდა. ძვ. წ. 58 წელს, როდესაც სალუსტიუსი მხოლოდ 28 წლისა იყო, მან დაიწყო თავისი სამსახურებრივი კარიერა. ეს კარიერა 14 წელს გაგრძელდა.

ძვ. წ. 52 წელს სალუსტიუსი სახალხო ტრიბუნის მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზეც კი იქნა არჩეული. ამ დროს ფრიად გამწვავებულია ურთიერთობა უკვე დაშლილ პირველ ტრიუმვირატის (კრასუსი აღარ იყო ცოცხალი) ორ წევრს, ცეზარსა და პომპეუსს შორის, სალუსტიუსი მთელი ენერგიით ილაშქრებს პომპეუსელთა წინააღმდეგ და ცეზარის გავლენიანი მომხრე ხდება.

ძვ. წ. 50 წელს. მეტად უსიამოვნო ამბავი მოხდა სალუსტიუსის ცხოვრებაში. ცენზორმა აპიუს კლავდიუსმა სალუსტიუსს ბრალი დასდო უზნეობაში და სენატიდან გარიცხა. ცხადია, ეს პოლიტიკური აქტი იყო, ამით პომპეუსელებმა ანგარიში გაუსწორეს ცეზარის თავგამოდებულ მომხრეს.

სამოქალაქო ომში სალუსტიუსი ასრულებდა ცეზარის სხვადასხვა დავალებებს.

ცეზარის სიკვდილის შემდეგ სალუსტიუსი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოსცილდა. მას ძვ. წ. 38 წელს პართელებზე გამარჯვებულ სარდალ ვენტიდიუსის დავალებით შეუდგენია საზეიმო სიტყვა.

სალუსტიუსი გარდაიცვალა ძვ. წ. 35 წლის 13 მაისს.

შემოქმედება
წერილები

სალუსტიუსის ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდი არაა. მის კალამს ეკუთვნის ორი წერილი ცეზარისადმი, ორი მონოგრაფია – „კატილინას შეთქმულება“ და „იუგურთას ომი“. ძირითადი ნაშრომიდან „ისტორია“, მხოლოდ ნაწყვეტებიღა დარჩა.

წერილებმა ჩვენამდე მოაღწია ვატიკანის X საუკუნის ხელნაწერებში. ადრეული წერილი, რატომღაც მეორე ადგილზე იყო, შემდგომი დროისა კი - პირველზე. მეცნიერებაში დამკვიდრდა ეს მცდარი ნუმერაცია. პირველი წერილი დაწერილი უნდა იყოს ძვ.წ. 51-50 წწ., მწორე სამოქალაქო ომის პერიოდში.წერილება საყურადღებოა იმითაც, რომ მასში ბევრ ცნობას ვნახულობთ ძვ.წ. პირველი საუკუნის რომის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.

კატილინას შეთქმულება

ფრიად საინტერესო ნაწარმოებიია „კატილინას შეთქმულება“, რომელიც სალუსტიუსმა დაწერა ცეზარის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ. 44 ან 43 წელს. მასში ასახულია რესპუბლიკის დასასრულის პერიოდის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა - კატილინას მიერ რომში არსებული ხრლისუფლების დამხობის ცდა.

კატილინას შეთქმულების შესავალში (1-4 თავები)სალუსტიუსი გადმოგვცემს თავის შეხედულებას, თუ როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა ცხოვრება: თითოეული უნდა ესწრაფოდეს მოიხვეჭოს სახელი, ხელი აიღოს უსაქმურობაზე და ფუქსავატურ დროსტარებაზე.

სალუსტიუსი წერს, რომ თავისთვის ყველაზე შესაფერად მიაჩნია ისტორიკოსის საქმიანობა: "მე მიზნად დავისახე დამეწერა რომაელი ხალხის ისტორია ცალკე ეპოქების მიხედვით, იმ ამბების ამორჩევით, რომლებიც მოხსენების ღირსად მეჩვენებოდა. ეს შრომა მით უფრო შემეფერებოდა, რადგან თავისუფალი ვიყავი იმედისა, შიშისა და პატრიოტული სულისკვეთებისაგან."

ავტორის გარკვეული ტენდენციურობისა და ზოგიერი ფაქტორივი უზუსტობის მიუხედავად, „კატილინას შეთქმულება" შესანიშნავ ნაწარმოებად უნდა ჩაითვალოს.

იუგურთას ომი

სალუსტიუსის მეორე მონოგრაფიაა „იუგურთას ომი“. ეს ნაწარმოები მიეძღვნა მეორე საუკუნის თვალსაჩინო პოლიტიკურ მოვლენას - რომის ბრძოლას ნუმიდიის მეფე იუგურთას წინააღმდეგ.

საინტერესოა თავები, მიძღვნილი ნუმიდიის ადრეული ისტორიისადმი (5-10). ამ ქვეყნის მეფე მასინისამ მეორე პუნიკურ ომში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია რომს კართაგენის წინააღმდეგ. იგი, ისევე როგორც მისი შვილი მიციპსა, „რომაელი ხალხის მეგობრის“ ტიტულს ატარებდა. მიციპსას ორი შვილი ჰყავდა: ადჰერბალი და ჰიემპსალი, მათთან ერთად მიციპსამ ნუმიდია თავის ძმისწულ იუგურთასაც დაუტოვა. მიციპსამ სამივე მემკვიდრეს ანდერძი დაუტოვა ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონოდათ და ისე ემართათ ნუმიდია. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. იუგურთამ მოკლა ჰიემპსალი ღა გაილაშქრა ადპერბალის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა დახმარებისათვის რომს მიმართა.

რომისა და იუგურთას ურთიერთობის აღწერამ სალუსტიუსს საშუალება მისცა, ეჩვენებინა რომაული ნობილიტეტის ზნედაცემულობის, შემზარავი სურათი. ნობილიტეტი, რომელიც ამ პერიოდისათვის რომის ბატონ-პატრონი იყო, სრულიად უმოქმედო, გამყიდველ ფენას წარმოადგენდა. მან ვერაფერი დააკლო ისეთ უმნიშვნელო მეფესაც კი, როგორიც იუგურთა იყო. სალუსტიუსი წერს, რომ იუგურთა ჩინებულად იცნობდა რომს, მაშინაც კი როდესაც მასა და რომს შორის საომარი მოქმედება დაიწყო, იგი დარწმუნებული იყო, რომ საჭიროების ჟამს, ყოველთვის შეძლებდა მოწინააღმდეგის სარდლობის მოქრთამვას. ქრთამის მეშვეობით რომაელ სენატორთაგან შემდგარმა კომისიამ, როდესაც იუგურთა და ადპერბალი შეარიგა ნუმიდიის უმთავრესი ნაწილი სწორედ იუგურთას მიაკუთვნა. იუგურთამ ქალაქი აიღო, ადპერბალი ჯვარს გააკრა და, ნუმიდიელებთან ერთად, ცირტაში მყოფი დიდძალი რომაელი ვაჭრები და ხელოსნებიც ამოხოცა. სალუსტიუსი ამ ამბავს განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რათა დაამტკიცოს, რომ გახრწნილი ნობილიტეტის უმოქმედობამ რომაული მოქალაქეები შეიწირა.

სალუსტიუსი აღწერს ამ შემზარავი ფაქტის გამოძახილს რომში. მხედრები სერიოზულად შეფიქრიანდნენ. სახალხო ტრიბუნმა – გაიუს მერიუსმა მოითხოვა იუგურთას რომში გამოძახება და მისთვის პასუხის მოთხოვა. ამ ტრიბუნის სიტყვა „იუგურთას ომის“ ერთ–ერთი შესანიშნავი ადგილია (იუგურთას ომი, 30).

„იუგურთას ომში“ სალუსტიუსი რამდენადმე აგრძელებს „კატილინას შეთქმულებაში“ აღებულ ხაზს, კვლავ მკაცრად კრიტიკებს რომაულ ნობილიტეტს და უპირისპირებს მათ პოპულარების წარმომადგენლებს. ზოგ შემთხვევაში ნობილიტეტის წარმომადგენელთა კრიტიკა ოსტატურადაა შენიღბული (მაგ. მეტელუსის მიმართ).

ისტორია

სალუსტიუსის მესამე და უმთავრესმა ნაწარმოებმა - „ისტორიამ“ ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ნაწყვეტების სახით. იგი მიძღვნილი იყო სალუსტიუსის თანადროული ამბებისადმი. თხრობა იწყებ ძვ. წ. 78 წლიდან. ეს ნაწარმოები, ეტყობა, სალუსტიუსს ჩაფიქრებული ჰქონდა ჯერ კიდევ „იუგურთას ომზე“ მუშაობის დროს, ამაზე მიგვითითებს ერთი ფრაზა „იუგურთას ომის“ 95-ე თავიდან, რომ სხვა ადგილას იგი (სალუსტიუსი) აღარ აპირებს შეეხოს სულას მოქმედებას.

„ისტორია“ 5 წიგნისაგან შედგებოდა და მოიცავდა ძვ. წ. 78-66 წწ. ამ ხნის განმავლობაში რომის ისტორიაში არაერთი საინტერესო მოვლენა მოხდა. ერთი მათგანი იყო კონსულ ლეპიდეს გამოსვლა, რომელიც მიზნად ისახავდა სულას ოლიგარქიული კონსტიტუციის დამხობას; ესპანეთში წარმოებდა ომი სერტორიუსთან, იტალიაში დაიწყო მონათა მძლავრი აჯანყება სპარტაკის მეთაურობით; ამავე წლებს მიეკუთვნება მითრიდატესთან მესამე ომი, პომპეუსის ღონისძიებები მეკობრეთა წინააღმდეგ და ა. შ.

„ისტორიამ“ ჩვენამდე ვერ მოაღწია. ზოგი ნაწყვეტი შემონახულია ძველი მწერლების ნაწარმოებებში. რამდენიმე მათგანი საკმაოდ ვრცელია და მნიშვნელოვან ცნობებსაც გვაწვდის. ესენია: ლეპიდუსის, ფილიპეს, კოტას, მაკრუსის სიტყვები, პომპეუსისა და მითრიდატეს წერილები. სულ შემორჩენილია 500 ნაწყვეტი, რომელთა უდიდესი ნაწილი საკმაოდ პატარა ფრაგმენტებია. ჩვენ საშუალება გვაქვს, ასე თუ ისე, ვიმსჯელოთ „ისტორიის“ შესახებ.

თუ „კატილინას შეთქმულება“ და „იუგურთას ომი“ იწყებოდა ვრცელი ფილოსოფიური შესავლით, ასეთ შესავალს „ისტორიაში“ უკვე ვეღარ ვხვდებით სალუსტიუსი გაკვრით ლაპარაკობს რომაელთა ისტორიულ ნაშრომებზე (ანალისტებზე), ეხება კართაგენის დამხობასაც.

საყურადღებოა ლეპიდუსის სიტყვა. ეს არის პოლიტიკური დემაგოგის გამოსვლის ტიპური ნიმუში. მაკრუსის სიტყვა დემოკრატიის თავისებურ პროგრამას წარმოადგენს.

საერთოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ „კატილინას შეთქმულებას“ და „იუგურთას ომთაწ“ შედარებით, „ისტორიას“ ნაწყვეტები ნაკლებადაა შესწავლილი.

სალუსტიუსმა ბერძნული ისტორიოგრაფიის საგრძნობი გავლენა განიცადა. განსაკუთრებით ბევრი რამ ანათესავებს მას თუკიდიდესთან, თუკიდიდეს მსგავსად ირჩევს ისტორიის რომელიმე გარკვეულ პერიოდს და ისევე, როგორც თუკიდიდე, ამ პერიოდის თანამედროვეა, სალუსტიუსი კარგად იცნობდა არჩეულ ხანას, ესმოდა მისი მნიშვნელობა. თუკიდიდესაგან შეითვისა მან მაღალი შეხედულება ისტორიკოსის დანიშნულებაზე, გავიხსენოთ ისიც, რომ რომაელი ისტორიკოსი, თუკიდიდეს მსგავსად, ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ სიმართლეს წერს.

სალუსტიუსის სახით რომაულმა ისტორიოგრაფიამ თვალსაჩინო ნაბიჯი გადადგა წინ. ანალისტებისაგან განსხვავებით, სალუსტიუსი შემოიფარგლა ერთი გარკვეული ისტორიული პერიოდით და მას მიუძღვნა თავისი ნაშრომი. ეს ნაშრომები მშრალი ქრონიკა როდია, სალუსტიუსი ისტორიულ მონოგრაფიაში ცოცხლადაა ასახული რომის მძაფრი პოლიტიკური ვითარება. ამავე დროს, ისევე როგორც ყველა მანამდელი რომაელი ისტორიკოსი, სალუსტიუსი პრაქტიკული მიზნებისათვის წერდა, იგი მიზნად როდი ისახავდა ისტორიული ჭეშმარიტების დადგენას მხოლოდ ამ ჭეშმარიტების გულისათვის, არამედ თავისი ნაშრომებით აქტიურად ერეოდა პოლიტიკურ ბრძოლაში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები