ვალუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალუტა - (currency, <იტალ. valuta-ფასი, ღირებულება) - ქვეყნის ფულადი ერთეული, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ გაცვლაში და დაკავშირებულია ყოველგვარ ფულად ანგარიშსწორებასთან საერთაშორისო ურთიერთობაში. ვალუტას მიეკუთვნება აგრეთვე საერთაშორისო საანგარიშსწორებო ფულადი ერთეულები (მაგ., ევრო), რომლებიც ემიტირებულია სამთავრობათაშორისო სავალუტო-საფინანსო ორგანიზაციების მიერ. სხვადასხვა ქვეყნის ვალუტები საერთაშორისო ანგარიშსწორებაში არათანაბარი ზომით გამოიყენება, ვინაიდან ამ ქვეყნებს მსოფლიო საფინანსო გაერთიანების მიერ აღიარებული და დაკანონებული კონვერტირების სხვადასხვა რეჟიმი აქვთ. ამიტომ ქვეყნების ერთი ჯგუფი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, და სხვ.) საერთაშორისო ანგარიშსწორებაში იყენებს როგორც საკუთარ ეროვნულ ვალუტას, ისე უცხოურსაც, მაშინ როდესაც სხვა სახელმწიფოები (მათ შორის, საქართველო და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები) იძულებულნი არიან საერთაშორისო ანგარიშსწორებაში მხოლოდ უცხოური ვალუტები გამოიყენონ.

საერთაშორისო სავალუტო ბრუნვაში უპირატესად მონაწილეობს სულ რამდენიმე თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, რომლებსაც ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიაკუთვნებს აშშ-ის დოლარს, ევროს, ინგლისურ გირვანქა სტერლინგს და იაპონურ იენს. სწორედ ეს ვალუტები შეადგენენ მსოფლიო სავალუტო რეზერვების ძირითად მასას. არსებობს აგრეთვე სხვა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტები - ზოგიერთი ქვეყნის (შვეიცარიის, სინგაპურის და სხვ.) ეროვნული ფულადი ერთეულები, მაგრამ ემისიის მასშტაბის გამო მსოფლიოში მათი რაოდენობა არ არის საკმარისი საერთაშორისო საგადასახადო ბრუნვის მომსახურებისათვის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფულადი ერთეულები ან შეზღუდული შექცევადობისაა, ან მთლიანად შეუქცევადი და მხოლოდ სავალუტო კოტირების მეშვეობით უკავშირდება სავალუტო სფეროს. მსოფლიო ვაჭრობასა და საერთაშორისო ინვესტირებაში ძირითადი (სარეზერვო) ვალუტის როლს ასრულებს აშშ-ის დოლარი (აგრეთვე, ევრო), რომლის წილადაც მოდის საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი. ნედლეულის, ენერგომატარებლების, უმეტესი სახის მზა ნაწარმის მსოფლიო ფასები დოლარებშია ფიქსირებული.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები