ვალუტის ბირჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალუტის ბირჟა - (currency stock market, <ლათ. bursa - საფულე) - ბაზრის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ხდება უცხოური ვალუტების კურსის (ფასის) კოტირება. რაც შეეხება უცხოური ვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ვალუტის ბირჟაზე მათი მხოლოდ ნაწილი სრულდება. ვალუტის ბირჟის განსაკუთრებული როლი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბირჟაზე ფიქსირდება უცხოური ვალუტების ოფიციალური კურსი (ოფიციალური ფასი), როგორც საფინანსო და სტატისტიკური გაანგარიშებების საყოველაო მასშტაბი, რომელსაც ბაზად იყენებენ არასაბანკო სექტორის კლიენტებთან სავალუტო ანგარიშსწორებისას. ვალუტის ბირჟის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური ბანკი. თუ რომელიმე ვალუტის კურსის ზედა ზღვარის ამაღლების საშიშროება წარმოიქმნება, იგი ზრდის ამ ვალუტის მიწოდებას, მაგრამ თუ, პირიქით, კურსის დაცემის ტენდენცია შეიმჩნევა, ცენტრალური ბანკი ყიდულობს ვალუტას მისი პარიტეტის შენარჩუნებისათვის.

ცენტრალური ბანკის „ინტერვენცია” შეიძლება განხორციელდეს ვალუტის ბირჟის ფარგლებს გარეთაც. ეს ნაკარნახევია, პირველ ყოვლისა, ოფიციალური კურსის დადგენის საჭიროებით. ბირჟაზე სავალუტო ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ დევიზებით და არა მონეტებით ან სახაზინო ბილეთებით. ვაჭრობის დამთავრებისას ბირჟაზე ცხადდება მყიდველის, გამყიდველისა და საშუალო კურსები. ოფიციალურ ბიულეტენში, როგორც წესი, ქვეყნდება მხოლოდ მყიდველისა და გამყიდველის კურსები, რაც კლიენტებთან ანგარიშსწორების საფუძველია. თუ კლიენტი ვალუტას ყიდულობს, მაშინ ბანკი თანხას გაიანგარიშებს გამყიდველის კურსით, ხოლო თუ კლიენტი ვალუტას მიჰყიდის ბანკს, მაშინ თანხა გამოითვლება უფრო დაბალი მყიდველის კურსით. გამყიდველისა და მყიდველის კურსებს შორის სხვაობა დაახლოებით შეესაბამება სავალუტო ოპერაციებზე გაწეულ დანახარჯებს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილია გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდის ვალუტის ბირჟები. ზოგ ქვეყანაში ასეთი ბირჟა საერთოდ არ არსებობს, კურსების კოტირება კი სხვადასხვაგვარად ხდება. მაგ., შვეიცარიაში უცხოური ვალუტების კურსებს მსხვილი ბანკები ადგენენ. ასევე ხდება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც პრესა აქვეყნებს ცნობებს მხოლოდ ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი კურსების შესახებ. სკანდინავიის ქვეყნებში ეროვნულ და კომერციულ ბანკებს შორის წინასწარ ხდება შეთანხმება აშშ-ის დოლარისა და ბრიტანული გირვანქა სტერლინგის კურსების თაობაზე. იტალიაში მოქმედებს ორი სხვადასხვა ვალუტის ბირჟა განსხვავებული კოტირებით. იტალიის ცენტრალური ბანკი მათი მონაწილეობის საფუძველზე ადგენს კურსის საშუალო სიდიდეს, რომლის მიხედვითაც ბანკები ანგარიშსწორებას ახდენენ თავიანთ კლიენტებთან.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები