ვანის ქვაბთა წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის ქვაბთა წარწერებითამარ მეფის ეპოქის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც შესრულებულია მრგლოვანი დამწერლობით ვანის ქვაბთა გუმბათოვანი მონასტრისა და წუნდის ეკლესიის კედლებზე.

ვანის ქვაბთა სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძიდან 28 კმ დაშორებით მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახალქალაქის პლატოს ქარაფის კლდოვან უბეში. გამოქვაბულთა ხუროთმოძღვრული ანსამბლის ცენტრში, კლდეში ნაკვეთი გუმბათოვანი ტაძრის გარშემო, 24 სართულზე განლაგებულია 200-ზე მეტი კლდის სახლი 8 ეკლესიით. ვანის ქვემოთ 4 კმ-ზე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს წუნდის ნაქალაქარი. ვანის ქვაბთა უდაბნო-მონასტერი და წუნდის საერისთავო 1191-მდე გურგენისძეთა ფეოდალური გვარის სამფლობელო იყო. 1191 გურგენისძეთა წარმომადგენელ იჩქითს თამარ მეფის წინააღმდეგ გიორგი რუსის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ჩამოერთვა ვანის ქვაბები და 1191-1204 ისინი მეფის კუთვნილებად იქცა. შემდეგ მონასტერი გადაუციათ თმოგველ ერისთავთ-ერისთავებისათვის. XIII ს-ის 20–30-იან წლებში ერისთავ-ერისთავ მხარგრძელს შეუდგენია მონასტრის წესდება, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. XIV ს. II ნახ-იდან მონასტრის მფლობელები სხვა გვარეულობანი ჩანან. თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ მონასტერმა არსებობა შეწყვიტა.

ვანის ქვაბთა წარწერები აღმოაჩინა გ. გაფრინდაშვილმა 1283 მიწისძვრით დანგრეული ნამონასტრალის არქეოლოგიური გათხრებისას 1965-66. წარწერების დათარიღების (1186-91) წლები ტექსტისა და ისტორიული წყაროების ანალიზის საშუალებას იძლევა. წარწერები ეკუთვნის იჩქით გურგენისძეს.

ტაძრის წარწერა ხუთსტრიქონიანია, შესრულებულია ქვის ფილაზე (150x60 სმ) წითლად შეღებილი ასოებით. სიტყვათა განკვეთილობის ნიშანი ორწერტილია, ქარაგმის ნიშანი – მოკლე. წარწერის შინაარსი ასეთია:

„ი'ეს'ო ქრისტე, ადიდე ორთ'ა'ვე, შ'ი'ნა ს'უფე'ვ'ა'თა მ'ე'ფ'ე'თა მ'ე'ფე და დ'ე'დ'ო'ფ'ა'ლი თ'ა'მ'ა'რ, რ'ომ'ლისა ზე მე იჩქ'ი'თმ'ა'ნ გურგ'ე'ნისძემ'ა'ნ ა'ღ'ვ'ა'შ'ე'ნე კედ'ე'ლი ესე და დავ'ა'ს'უე'ნ'ე'ნ ხ 'ა'ტნი მ'ა'ცხ'ოვ'რისა, ღ' მრთ'სმშ'ო'ბლისა, ნ'ა'თლ'ი'სმც'ე'მლ'ი'სი და ჯ'უარ'ი წმ'ი'დისა ს'ჳ'მ'ეო'ნისი ვ'ი'ნცა ილ'ო'ცე'ი'დ'ე'თ მ'ე'ცა მ'ო'მ'ი'ჴს'ე'ნ'ე'თ“.

მეორე სამკვიდრებლის ეგვტერის წარწერა, ორსტრიქონიანია (130x36 სმ). სიტყვებს შორის განკვეთილობის ნიშანი არ ჩანს. ქარაგმის ნიშანი მოკლეა.

„ესე არს სამკ'უ'დრ'ო'ბ'ე'ლი ჩ'უე'ნ გ'უ'რგ'ე'ნ'ა'თი მე იჩქითმ'ა'ნ აღვ'ა'შ'ე'ნე შ'ე'მინ'დო'ს ღ'მერთმა'ნ“.

იჩქით გურგენისძის მესამე, კიდურწერტილოვანი დამწერლობით შესრულებული სამსტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია წუნდის ეკლესიის არქიტრავზე (190x53 სმ):

„ს 'ა'ხ 'ე'ლითა ღ'მრთისა'ითა მე იჩქ'ი'თმან გ'უ'რგენისძემ'ა'ნ. აღვ'ა'შ'ე'ნე ეკლ'ე'ს'ი'აჲ ესე მ'ა'მ'უ'ლი ჩუესნის'ა' ხ'ე'ლსა ზ'ედ'ა წ'მიდ'ისა ნ'ა'თლ'ი'სმც'ე'მ'ლი'ს'ა'სა ს'ა'ლ'ო'ცვ'ელა'დ ჩემთ'ჳ'ს და მშობელთა ჩე'მთათჳს“.

წარწერა შესრულებული უნდა იყოს XII ს. 90-იან წლებში. ამას ადასტურებს ვანის ქვაბებში აღმოჩენილი ექვსსტრიქონიანი წარწერა (1204), ამოკვეთილი მონასტრის ზღუდეზე, რომლის ამშენებელი მეფის მოხელე ანტონ ჭყონდიდელია. „ი'ეს'უ ქ'რისტ'ე ადიდე ორთავე შ'ინ'ა სუფ'ე'ვ ა'თა მეფეთა მეფე და დ'ე'დ'ო'ფალი თ'ა'მა'რ წელსა მ'ე'ფ'ო'ბისა მათის'ა'სა ოცსა ანტ'ო'ნი ჭ'ყონდიდელი'სა მ'იე'რ აღეშ'ე'ნა ზღ'უ'დე ესე შეუნდვე“

გ· გაფრინდაშვილი


ლიტერატურა

  • ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959; მეტრეველი ე. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ. 1962;
  • გაფრინდაშვილი გ. ვანის ქვაბის განძი. – «ძეგლის მეგობარი»,
  • 1966, №6;
  • სილოგავა ვ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ახალციხე. 2000.

იხილე აგრეთვე

ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები