ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერებივატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულია დაახლოებით 15 ქართლი ხელნაწერი წიგნი. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ დრომდე ვატიკანის ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები ქართველ მეცნიერთათვის ყველაზე მიუწვდომელ ერთეულებს წარმოადგენდა. ამჟამად უკვე დაიწყო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ციფრული ვერსიების გამოქვეყნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ვატიკანის სამოციქოლო ბიბლიოთელის დღეს არსებულ ციფრულ ფონდში ჯერჯერობით იძებნება მხოლოდ ერთი ქართული ხელნაწერი.

სარჩევი

Vat. Iberiko 1. ოთხთავი.

XI ს. შუა წლები, 305 ფ.; ეტრატი; 22×16,5 სმ.; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით, წითელი და ლურჯი მელნით. ოთხთავის ტექსტს უძღვის დეკორირებულ კამარებში მოქცეული აყვავებული ჯვრის გამოსახულება, ევსებიოსის წერილი და კანონები. არშიებზე არაერთი მინაწერია, მათ შორის მხედრულითაც. ხელნაწერი ვატიკანის ფონდში შევიდა ცნობილი საზოგადო მოღვაწის პიეტრო დელა ვალეს კოლექციიდან (Ciampi1880). წიგნი მ. თარხნიშვილმა X ს-ით დაათარიღა (Tarchnichvili 1962: 61), მაგრამ კოდექსის ანდერძ-მინაწერებისა და მხატვრულ დეკორატიული სისტემა წიგნის გადაწერის დროისა და ადგილის დაზუსტებით განსაზღვრის საშუალებას ქმნის. ვატიკანური ხელნაწერის დეკორირებული კამარები და საზედაო ასოები აბსოლუტურ მსგავსებას ავლენს 1054 წელს შავ მთაზე, კალიპოსისი ლავრაში გადაწერილ ალავერდის ოთხთავთან (ხეც A 484) (კლდიაშვილი 2005: 165-167). ამავე დროს, ორივე წიგნის შექმნა უკავშირდება XI ს-ის 50-60-იან წლებში მოღვაწე დვალების მწიგნობარ-კალიგრაფთა ოჯახს. Vat.Iberiko 1-ის 279r -ზე გადამწერის ანდერძში ვკითხულობთ: „დაესრულა წმიდაჲ ესე სახარებაჲ ოთხთავი ჴელითა უღირსისა მიქელ დიაკონისაჲთა სულიერისა ძმისა, კეთილისა ბერისა სჳმეონისათჳს. ღმერთმან შეაწიენ წმიდანი მახარებელნი და ახმარენ ნებასა შინა ღმრთისასა წმიდაჲ ესე სახრებაჲ, ამენ...“ სწორედ ეს მიქაელი და სვიმეონი არიან 1054 წელს კალიპოსის ლავრაში გადაწერილი ალავედის ოთხთავის მომგებელ-გადამწერები (ხეც A 484). შესაბამისად, ვატიკანის ხელნაწერი გადაწერილია XI ს-ის შუა წლებში შავი მთაზე არსებულ კალიპოსის ლავრაში. ხელნაწერს ახლავს ნუსხუ- რითა და მხედრულით შესრულებული არაერთი მინაწერი, რომლებშიც მოხსენიებული პარხლისა და პალატის მონასტერთა და ალექსაანდრე მეფის იდენტიფიკაცია კვლავ სამომავლო საკითხად რჩება ისევე, როგორც ვატიკანური ოთხთავის ტექსტის რედაქციული თავისებურებანი. მ თარხნიშვილის აზრით, ნუსხა წინარეათონური რედაქციის ტექსტს შეიცავს (Tarchnisvili 1962: 63-64). ხელნაწერი არაერთხელ მოექცა მკვლევართა ყურადღების ცენტრში (თაყაიშვილი 1950: 177-187; უტიე 1992: 119; კლდიაშვილი 2005: 150; Shurgaia 2000: 164-167; 2011: 615-616; შურღაია 2006; ქავთარია 2011: 90-92).

Vat. Iberico 2. ფსალმუნი.

XVII ს.178 ფ.; ქაღალდი; 14,5×9,5 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; 175v, 176r ასტროლოგიური ხასიათის მინაწერები. ფსალმუნი გვიანდელი რედაქციისა უნდა იყოს.

Vat. Borgia. 1. ვახუშტი ბატონიშვილი.

„აღწერა საქართველოს სამეფოისა“. XVIII ს. 477ფ.; +5; ქაღალდი; 33×21 სმ.; მხედრული; ტყავის ტვიფრული ყდა. გადამწერი და გადაწერის ადგილი უცნობია. დათარიღებულია ჭვირნიშნით; ქაღალდი სავა იაკოვლევის ფაბრიკის წარმოებისაა. საქართველოს სამეფოს აღწერის ძირითად ტექსტს მოსდევს 5 ფ., რომლებზეც სვეტებადაა ჩამოწერილი მეფეების, მთავრებისა და პაპების ქრონოლოგიური ნუსხა.

Vat. Borgia. 2. „განხმული ჯოჯოხეთი“.

XVIII ს. ქაღალდი; მხედრული. კათოლიკე მისიონერთა თხზულებები.

Vat. Borgia. 4. მამათა სწავლანი.

თამარაშვილის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, 95ფ., ეტრატი; 24.7x18.3 სმ. შედგენილობა: იოანე ოქროპირის,ეპიფანე კვიპრელის, გრიგოლ ნეოკესარიელის, კირილე ალექსანდრიელის, ეფრემ ასურის, სოფრონ იერუსალიმელის ჰომილიები, თეოდორე კვირელის „აღსარებაჲ მართლისა და უბიწოჲსა ქრისტიანეთა სარწმუნოებისაჲ“ და წმ. პანტელეიმონის მარტვილობის 2 ფრაგმენტი. თარხნიშვილის თვალსაზრისით, კრებულში შესული თეოდირე კვირელის თხზულების ბერძნული დედანი არ არის ცნობილი. ქართულ ტრადიციაში თეოფილე ხუცესმონაზვნის მიერ თარგმანილმა ამ თხზულებამ 3 ხელნაწერით მოაღწია (კეკელიძე 1957: 59). ვატიკანურ ნუსხას 59r-60v გვერდებზე ერთვის ქრონიკალური ცნობები, რომლებშიც თარხნიშვილი გარკვეულ ანაქრონიზმზე მიუთითებს. აღმწერლის შენიშვნით, ხელნაწერი შესწავლილი აქვს ვატიკანის ბიბლიოთეკის ვიცე-პრეზიდენტ არნ. ვან ლანშოტს.

Vat. Borg. 6. ოთხთავი.

XVII-XVIII სს. 404 გვ., ფ.; 21,5×15 სმ.; ქაღალდი; მხედრული, შავი მელანი, შავტყავგადაკრული ხის ყდა. ტექსტი თანამედროვე ტრადიციის შესაბამისად დაყოფილია თავებადდა მუხლებად. სათაურები მთავრულით, თითოეულ სახარებას წინ უძღვის ავტორის შესხმა. ბოლო გვერზე ლათინური ლექსია. პროპაგანდის კოლექციაში შეტანილია 1841 წელს ა. გლაკოვის მიერ.

Vat. Borg. 7. კურთხევანი.

XIII-XIV სს. 85 ფ.; 21×15 სმ.; ნუსხური; ნაკლული. ხელნაწერში შემონახულია წმ. პეტრეს ლიტურგია. ტექსტი გამოქვეყნებული აქვს მ. თარხნიშვილს (Tarchnischvili 1950 (a): 84-92). ხელნაწერის შესახებ სხვა კოდიკოლოგიური მონაცემები კატალოგში არაა გამოქვეყნებული.

Vat. Borg. 8. თეოდორე სტუდიელი.

სწავლანი. თარიღი არაა მითითებული. 186 ფ.; ეტრატი; 19,5×15 სმ.; ნუსხური; ყდა წითელი. თავნაკლული; გადამწერი ელია (186a-186b), გადაწერილია ჯურის(?) წმ. გიორგის მონასტრისთვის. გარდა თეოდორე სტუდიელის 39 ჰომილიისა, აქვეა იო-ანე ოქროპირის 1 ჰომილია. მარხვის ციკლის თხზულებებია.

Vat. Borg. 9. ქადაგებათა კრებული.

1831 წ. ქაღალდი; 18×11 სმ.; მხედრული; გადამწერი ანტონ გლახაშვილი. შეიცავს ახალ ქართულზე შესრულებულ 14 ქადაგებას. სავარაუდოდ, კათოლიკური წიგნია. ხელნაწერი სოლომონ დოდაშვილის გრამატიკასა და რუსულ-ქართულ გრამატიკასთან ერთად ანტონ გლაკოვმა 1841 წელს გადასცა პროპაგანდას.

Vat. Borg. 10. თომას კემფელი. მიბაძვა ქრისტესი.

XVIII-XIX სს., ქაღალდი, 16,9×10 სმ.; მხედრული. თარხნიშვილის შენიშვნით, 1734 წელს რომში ლათინურიდან თარგმნა გორელმა ტლუკაანთ პაპაშვილმა დავითმა. მისი ანდერძი ხელნაწერს ერთვის ბოლოში.

Vat. Borg. 11. „მიწყალეს“ განმარტება.

XVIII ს. ქაღალდი, 17,5×10 სმ.; მხედრული. კათოლიკური წიგნი.

Vat. Borg. 12. „გული მარიამისა“.

1759 წ. ქაღალდი, 16,3×9,7 სმ.; მხედრული, ნათარგმნი ფრანგულიდან. კათოლიკური წიგნი.

Vat. Borg 13. „გული მარიამისა“.

XVIII ს. ქაღალდი, 15,2x11 სმ.; მხედრული. იმავე ხელით, რომლითაც Vat. Borg. 12-ია გადაწერილი. კათოლიკური წიგნი.

Vat. Borg. 14. „ჯვარი მსუბუქი“.

ქაღალდი, 11×8,5 სმ.; მხედრული.

Vat. Borg. 15. „გული შემუსვრილი“.

XVIII ს. 129 ფ.; ქაღალდი, 10,6×8 სმ.; მხედრული, მთავრული და ნუსხური. ხელნაწერში 7 ფურცელი სინანულის ლოცვაა ჩამატებული. ყდის საცავ ფურცლებზე კერძო პირის ქრონიკალური ცნობებია.

პროპაგანდის არქივი

„დიონისე არეოპაგელისა ათინელ ეპისკოპოზისა ტიმოთეს მიმართ ეფესელთა ეპისკოპოზისა საღმრთოთა სახელთათვის“

1836 წ. 284 გვ.; ქაღალდი, 35×22 სმ.; მხედრული, შავი მელანი, ზოგი გვერდი დაუწერელია. ქაღალდის ყდა. გადამწერი: ანტონ თუმანოვი. წიგნის დედნად გამოყენებულია 1757 წელს ნუსხურით გადაწერილი ხელნაწერი. შეიცავს ეფრემ მცირის თარგმანს; 3r-ზე იტალიური მინაწერია, რომლის თანახმადაც ხელნაწერი 1867წელს ა. გლაკოვმა გადასცა კონგრეგაციას. წიგნი გადაწერილია ქართველ კათოლიკეთათვის: „დიდება შენდა, სამებაო წმიდაო, ღმერთო, რომელმან წაჰრმართე აღსრულებად წმიდისა ამის წიგნისა დიონისივსისა ხელითა ჩემ უღირსისა მღუდლის ანტონ მოძღვრის თუმანოვის, კათოლიკე მრევლთ შემვლელის ქუთაისის ქალაქისა, სამოციქულო მისიონერის მიერ...“

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები