ველის არწივი
ველის არწივი (ლათ. Aquila nipalensis Hodgson, 1833) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, თუმცა ჩამოუვარდება მთისა და ბეგობის არწივებს. ფრთა 520-600 მმ-ია, კუდი – 245-280 მმ, წონა – 2700-3400 გ. ზოგჯერ უფრო მეტიც. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის საერთო შეფერილობა მურა-შავია, მოიისფრო ელფერით. კეფაზე ზოგჯერ მოქარცისფრო ლაქაა. მომქნევები მურა-შავია, შიგნითა მარაოების ძირითად ნაწილში მორუხო სიჭრელით. მუქი მურა საჭის ბუმბულებზე რუხი განივი ზოლებია. ნისკარტი მორუხო-შავია, ცვილანა და ფეხები — ყვითელი, ბრჭყალები — შავი. პირველი წლის სამოსის შეფერილობა მკრთალი - ჟანგმიწისფერ-მურაა, მორუხო განივი ზოლებით მხრებზე; კუდზედა ბუმბულები ჟანგ-მიწისფერია, ხოლო საჭის მურა ბუმბულებზე ცვილისფერი არშიებია. პირველი წლისა და საბოლოო შეფერილობას შორის სამი შუალედური შეფერილობაა, რომლებიც ხასიათდებიან თანდათანობით გამუქებით, ჟანგმიწისფერი სიჭრელის შემცირებით და შემდეგ მთლიანად გაქრობით.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული ველის არწივი — A. n. orientalis Cabanis, 1857.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ველებსა და ნახევარუდაბნოებს — მდ. დუნაის დაბლობიდან იმიერბაიკალეთამდე. სამხრეთით აღწევს შუა და ცენტრალური აზიის უდაბნოებამდე. ზამთრობს უპირატესად აზიის სამხრეთ ნაწილში — ინდოეთში, წინა აზიაში, აგრეთვე მცირე რაოდენობით — არაბეთსა და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში, აღმოსავლეთ საქართველოში — ზოგჯერ ზამთარშიც.
ბიოტოპი
ბინადრობს ღია, ფართო და სწორ ადგილებში, ყამირ ველებზე — უროიან და ვაციწვერიან ბალახნარებით, ნახევარუდაბნოებში. გავრცელება კავშირშია მღრღნელების სიუხვესთან. მთებში არ ადის, მაგრამ ხალისით ჩერდება დაბალგორაკებიან ადგილებში.
გამრავლება
ბუდეს ყველაზე ხშირად მიწაზე იკეთებს, ზოგჯერ ძველ ნაგებობებზე, ბუჩქნარიან ხრამებში, თივის ძველი ბულულებზე. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 45 დღეს გრძელდება.
კვება
ველის არწივის ძირითადი საკვებია საშუალო და პატარა ზომის მღრღნელები. იკვებება მძორითაც. მცირე რაოდენობით ჭამს ზოგიერთ ფრინველს და ქვეწარმავლებსაც.
მნიშვნელობა
დიდი სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მასობრივად განადგურებით, მაგრამ ამ ფრინველის რიცხობრიობა შემცირებულია.