ველის პრანწია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველის პრანწია (ლათ. Chettusia gregaria Pallas, 1771) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ველის პრანწია.

ველის პრანწია მეჭვავიასნაირთა შორის საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 185-210 მმ-ია, გალო – 60-65 მმ, ნისკარტი – 25-30 მმ, წონა – 180-250 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზაფხულში მამალი ზურგის მხარესა და მკერდზე ღია მოწაბლისფრო-რუხია. თავი ზემოდან, მუცლის წინა ნაწილი, ნისკარტი და ფეხები შავია. შავი ზოლები გასდევს პირის კუთხეებიდან თვალების გასწვრივ. შუბლი, ზოლები თვალების ზემოთ, კუდის ზემო და ქვემო მფარავები, აგრეთვე საჭის ბუმბულების კიდურა ორი წყვილი თეთრია. საჭის დანარჩენი ბუმბულებიც თეთრია, მაგრამ წვეროს ქვემოთ შავი ზოლები აქვთ. პირველი რიგის მომქნევები შავია, ხოლო მეორე რიგისა – თეთრი. დედალი ზაფხულში მამლის მსგავსია, მაგრამ თავი ზემოდან შავი კი არა, მოწაბლისფროა, შავი წინწკლებით, ხოლო მკერდი და მუცელი კვამლისფერ-წაბლისფერი. ზამთარში ორივე სქესის ფრინველი რამდენადმე უფრო მკრთალი შეფერილობისაა.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი ძირითადად ყაზახეთში აბზინდიან ველებზე მდებარეობს და ვრცელდება ვოლგიდან ირტიშისა და ობის სათავეებამდე. ჩრდილოეთით აღწევს ორენბურგამდე, ორსკამდე და თითქმის პეტროპავლოვსკამდე და ომსკამდე. სამხრეთის საზღვარი გადის ყამიშ-სამარის ტბების, არალის ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროებისა და მდ. სარი-სუს ზემო დინების გასწვრივ. იზამთრებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ერაყში, პაკისტანსა და ინდოეთის დასავლეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს აბზინდიან მშრალ ველებზე და მლაშობ ნაკვეთებზე, მწირი მცენარეულობით.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე პატარა ორმოში, აბზინდას ან ვაციწვერას კორდის ძირში, ამოფენს ხმელი ბალახით. ივნისის პირველ რიცხვებში დებს ჩვეულებრივად 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.

კვება

ველის პრანწიას ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, უმთავრესად სწორფრთიანები და ხოჭოები, მათ შორის უმრავლესობა სოფლის მეურნეობისათვის მავნებელია.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. საქართველოში, მცირერიცხოვნობის გამო, პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები