მეჭვავიასებრნი
მეჭვავიასებრნი (ლათ. Charadriidae) − ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ამ ოჯახში გაერთიანებულია მეჭვავიასნაირთა რიგის სახეობათა უმრავლესობა. სიდიდით საშუალო და პატარა ზომის ფრინველებია. აქვთ შედარებით მოკლე კისერი, დიდი თავი, გრძელი ან ზომიერი სიგრძის ფეხები, უკანა თითი პატარაა ან სრულიად არაა. ფრთა, უმრავლეს შემთხვევაში, გრძელი და მახვილია, რითაც კარგადაა შეგუებული სწრაფი ფრენისადმი. არიან ფართო და ბლაგვფრთიანი სახეობებიც. ნისკარტი უფრო ხშირად საკმაოდ მოკლეა, ზოგჯერ – გრძელი, ხოლო ფორმით ნაირგვარია: სწორი ან მოხრილი ქვემოთ, იშვიათად ახრილია ზემოთ, მახვილწვერიანი ან ბოლოში გაფართოებულია და სხვ. ნისკარტის ნაირგვარობა საკვების მოპოვების ნაირგვარობასთანაა დაკავშირებული.
მეჭვავიასებრთა დიდი უმრავლესობა ღია ლანდშაფტის ბინადარია. სახლდებიან წყალსატევების (ზღვების, ტბების, მდინარეების) სანაპიროებზე, ბალახიან ან ხავსიან ჭაობებსა და ჭანჭრობებში, ველებსა და უდაბნოებში. მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფრინველი ბინადრობს ტყეში, რომელთაგან ზოგიერთი ხეზეც ბუდობს.
მეჭვავიასებრთა მეტ ნაწილს კარგად აქვთ განვითარებული ფეხები, რის გამო სწრაფად სიარულისა და სირბილის უნარი შესწევთ. არიან კარგად მცურავი ფორმებიც. საკვები თითქმის მხოლოდ ცხოველურია, მათ შორის მეტწილად მწერები, მოლუსკები, ჭიები და სხვა უხერხემლოები. ზოგიერთი სახეობის ფრინველები მცირე რაოდენობით მცენარეულ საკვებსაც იყენებენ.
ამ ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე და გვხვდებიან სრულიად ნაირგვარ ზონებში – ტუნდრაში, ტაიგაში, ველებსა და უდაბნოებში, ტროპიკულ ქვეყნებში. ოჯახში გამოყოფენ 9 ქვეოჯახს. საქართველოში გვხვდება 8 ქვეოჯახის წარმომადგენლები.
- მეჭვავიები (ლათ. Charadriinae)
- პრანწიები (ლათ. Vanellinae)
- მეკენჭიები (ლათ. Arenariinae)
- მექვიშიები (ლათ. Calidriinae)
- ჭოვილოები (ლათ. Tringinae)
- ტივტივები (ლათ. Phalaropodinae)
- ოჩოფეხები (ლათ. Himantopodinae)
- ზღვის კაჭკაჭები (ლათ. Haematopodinae)