ჭოვილოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭოვილოები (ლათ. Tringinae) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

ჭოვილოების ქვეოჯახი აერთიანებს საშუალო და მოზრდილი ზომის ფრინველებს, რომელთაც აქვთ წვრილი და გრძელი ნისკარტი, უმრავლეს შემთხვევაში სწორი, მაგრამ ზოგჯერ რკალისებურად მოხრილი ქვემოთ ან ახრილი ზემოთ. ფრთები მახვილი აქვთ, მათ წვეროს უპირატესად პირველი მომქნევი წარმოქმნის. გალო წინიდან დაფარულია განივი ფარებით. უკანა თითი შედარებით კარგადაა განვითარებული. აპკი არის წინა სამივე თითს შორის, მაგრამ შუა და შიგნითა თითებს შორის იგი ხშირად ძლივს შესამჩნევია.

ქვეოჯახის წარმომადგენლები ბინადრობენ ბალახოვან ან ხავსიან ჭაობებში წყალსატევის მახლობლად. იკვებებიან უპირატესად მწერებითა და მათი ლარვებით, რომელთაც მოიპოვებენ როგორც ბალახებში, ისე შლამში, ზოგჯერ წყალშიც. საკვების ძებნის დროს არ დარბიან, არამედ დადიან ნელა და კმაყოფილდებიან იმ ნადავლით, რომელიც უშუალო სიახლოვეს შეხვდებათ. ბუდობენ ჩვეულებრივად განცალკევებულ წყვილებად, თუმცა ზოგიერთი სახეობა პატარა კოლონიებსაც კი წარმოქმნის.

ქვეოჯახი აერთიანებს 9 გვარს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4 გვარის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები