მეჭვავიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეჭვავიები (ლათ. Charadriinae) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მეჭვავიები (Charadriinae)
მეჭვავიები საშუალო ან პატარა ზომის ფრინველებია. აქვთ შედარებით დიდი თავი, მოკლე კისერი, მოგრძო ფეხები, სწორი და მოკლე ნისკარტი, რომლის ბოლო ცოტად თუ ბევრად ყოველთვის შემსხვილებულია. ნესტოები მოთავსებულია ფართო ღარებში, რომლებიც ნისკარტზედას სიგრძის მხოლოდ ნახევრამდე აღწევენ. ფრთა მახვილია, მის წვეროს პირველი რიგის პირველი მომქნევი წარმოქმნის. უკანა თითი მხოლოდ ერთი გვარის (Squatarola) წარმომადგენლებს აქვთ. დანარჩენების ფეხი სამთითიანია. შუა და გარეთა თითებს შორის პატარა აპკია განვითარებული.
მეჭვავიები ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე. ქვეოჯახი აერთიანებს 10 გვარს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 2 გვარი.