მექვიშიები
მექვიშიები (ლათ. Calidriinae (Eroliinae)) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მექვიშიები (Calidriinae)
მექვიშიები მეჭვავიასნაირთა რიგის საშუალო და პატარა ზომის ფრინველებია. აქვთ მოკლე ფეხები, წვრილი და სუსტი ნისკარტი (ნისკარტნიჩაბასა და მეტალახიას გარდა). ნესტოები ნისკარტზედას ძირშივეა განლაგებული, ხოლო ღარები ნისკარტზედას თითქმის წვერომდე აღწევენ (გამონაკლისია მეტალახიას გვარი). ნისკარტი სწორია ან ზოგიერთი სახეობის ფრინველს წვეროს ნაწილში ცოტათი ქვემოთ აქვს მოხრილი. ფრთა მახვილია. პირველი 2 მომქნევი თითქმის ერთნაირი სიგრძისაა. საჭის ბუმბულების შუა წყვილი ხშირად დანარჩენებზე გრძელია. გალო ყოველი მხრიდან დაფარულია განივი ფირფიტებით. უკანა თითი კარგადაა განვითარებული, მაგრამ ქვიშაქექიას გვარის ფრინველებს იგი სრულიად არა აქვთ. თითებს შორის აპკი არ არის. მექვიშიების მამლები და დედლები ერთნაირი შეფერილობისანი არიან. მხოლოდ ტურუხტანის მამლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ განსაკუთრებული ბუმბულსაფარველი. შეფერილობაში სეზონური განსხვავება კარგადაა გამოხატული.
მექვიშიები გავრცელებული არიან უმთავრესად ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრებსა და ტყე-ტუნდრებში. ქვეოჯახი შეიცავს 8 გვარს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4 გვარის წარმომადგენლები.