ქვიშაქექია
ქვიშაქექია (ლათ. Crocethia alba Pallas, 1764) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ქვიშაქექია.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მექვიშიები (Calidriinae)
- გვარი − ქვიშაქექია (Crocethia)
ქვიშაქექია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 115-125 მმ-ია, გალო – 23-27 მმ, ნისკარტი – 20-27 მმ, წონა – 45-50 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ორივე სქესის ფრინველი ზაფხულში ზემოდან შავია, ბუმბულების კიდეებზე ფართო ჟანგისფერი ზოლებით. წელის არეში რუხია. პირველი რიგის მომქნევები მუქი მუარაა, ხოლო მათი ღეროები თეთრი. მეორე რიგის მომქნევები ძირში თეთრია, ბოლოში კი – მურა. თავისა და კისრის გვერდები და ქვემო მხარე, ჩიჩახვი, აგრეთვე მკერდის წინა ნაწილის გვერდები ქარცია, მურა წინწკლებით. დანარჩენი ქვემო მხარე, მათ შორის იღლია და ფრთისქვეშა ბუმბულები თეთრია. საჭის ბუმბულები მორუხო-მურაა, თეთრი ღეროებით. შუა, წაგრძელებული წყვილი, მოშავო-მურაა. კუდის ქვემო მფარავები თეთრია, ზემო მფარავები მორუხო-მურა. ნისკარტი და ფეხები შავია. ზამთარში სხეულის ზემო მხარე ღია ნაცრისფერია, ვიწრო მუქი ცენტრებით და მოთეთრო კიდეებით. სხეულის ქვემო მხარე თეთრია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს არქტიკულ ზოლს შპიცბერგენზე, ტაიმირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდ. ლენის შესართავთან, აგრეთვე ჩრდილო ამერიკაში – ალასკისა და კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში, მათ შორის მრავალ კუნძულზე და გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე. ზამთრობს ბრიტანეთის კუნძულებზე, ჩრდილოეთის ზღვის ნაპირებზე, საფრანგეთისა და ესპანეთის, აგრეთვე მთელი აფრიკის სანაპირო ზოლში; სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგსა და ავსტრალიაში. ამერიკაში – ვაშინგტონის შტატიდან, არგენტინასა და ჩილეში; გალაპაგოსის, ანტილიის, ბაჰამისა და ზოგ სხვა კუნძულზე. მოიპოვება კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზეც. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს.
ბიოტოპი
ბინადრობს არქტიკულ ტუნდრაში, ბორცვების მსხვილქვიშიან ნაკვეთებზე, ხავსით დაფარულ ან სრულიად მოტიტვლებულ თიხნარიან ადგილებში ბორცვებს შორის.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც ამოფენილია ხმელი ბალახით ან წნორის ფოთლებით. ივნისის შუა რიცხვებში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 23-24 დღეს გრძელდება.
კვება
ქვიშაქექიას საკვებს შეადგენენ ნაირგვარი ჭიები, მწერები და მათი მატლები, კიბოსნაირები და მოლუსკები. მცირე რაოდენობით იკვებება მცენარეთა თესლებითაც.
მნიშვნელობა
პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.