ვერცხლისფერი თოლია
ვერცხლისფერი თოლია (ლათ. Larus argentatus Pontoppidan, 1763) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თოლია (Larus)
ვერცხლისფერი თოლია დიდი ზომისაა, ფრთა 400-485 მმ-ია, ნისკარტი − 50-80 მმ, წონა − 700-1200 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგზე მოცისფრო-რუხია; ღია რუხი ფერის მომქნევებზე წვეროების მახლობლად აქვს შავი ზოლები, ხოლო წვეროები თეთრია. ბუმბულსაფარველის დანარჩენი ნაწილი თეთრია. ნისკარტი ყვითელია, მაგრამ ქვედა ყბის კუთხესთან არის მონარინჯისფრო-წითელი ლაქა. ფეხები ხორცისფერია, ხშირად მოყვითალო ან მოცისფრო ელფერით. ზამთარში თავსა და კისრის უკანა ნაწილზე მურა ფერის შტრიხებია. ახალგაზრდა ფრინველს ზურგისა და მხრების ბუმბულები მორუხო-მურა აქვთ, მოთეთრო არშიებით. თეთრი ფერის საჭისა და კუდზედა ბუმბულებზე მუქი მურა ან მოშავო განივი ლაქებია. მომქნევები მოშავო-მურაა, მოთეთრო ბოლოებით. თავის გვერდებსა და სხეულის მთელ ქვემო მხარეზე ჟანგმიწისფერ-მურა ლაქებია. ნისკარტი მოშავოა, მაგრამ ძირში მკრთალი მოვარდისფრო.
აღწერილია 12 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება სევანური ვერცხლისფერი თოლია − L. a. armenicus Buturlin, 1934 და სამხრული ვერცხლისფერი თოლია − L. a. cachinans Pallas, 1811.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, აგრეთვე აზიის დიდ ნაწილს (აღმოსავლეთი ციმბირის ცენტრალური ნაწილის გამოკლებით), ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებიდან და კუნძულებიდან, სამხრეთით − ხმელთაშუა ზღვა, მცირე აზია, ამიერკავკასია, ირანი, შუა აზია, მონგოლეთი. გარდა ამისა, მოიპოვება აზორისა და კანარის კუნძულებზე, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში − ცენტრალური ალასკიდან ნიუ-იორკამდე. არეალის ჩრდილოეთი ნაწილებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში − მობინადრე ან მომთაბარე. საქართველოში მობუდარია სამხრული ქვესახეობა, სევანური კი შეიძლება შეგვხვდეს მომთაბარეობის დროს.
ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და შიდა წყალსატევების კლდოვან, ქვიშიან, ბალახნარებითა და ბუჩქნარებით დაფარულ სანაპიროებზე, აგრეთვე ჭაობებში. მიმოფრენის დროს და ზამთარში მოიპოვება ზღვების სანაპიროებსა და მდინარეთა ხეობებში.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეები ჩვეულებრივად განლაგებულია ჯგუფებად და კარგადაა დაფარული მცენარეულობით. ბუდე წარმოადგენს ლელის, ლერწმისა თუ სხვა მცენარეთა ხმელი ფოთლების გროვას. აპრილის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 26 დღეს გრძელდება.
კვება
საკვები რაციონი იცვლება ადგილობრივი პირობების მიხედვით იკვებება თევზებით, პატარა ზომის ხმელეთის ხერხემლიანებით, მწერებით, ზღვის უხერხემლოებით, მძორით, კენკრა და სხვა ნაყოფებით.
მნიშვნელობა
ზოგან მრავლად ანადგურებს მავნე თაგვისებურ მღრღნელებსა და მავნე მწერებს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.