ვილჰელმ ტელი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ვილჰელმ ტელი“ – იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინის ოპერა. ოპერა სერიის ჟანრში დაწერილი „ვილჰელმ ტელი“ როსინიმ ფრიდრიხ შილერის დრამის („ვილჰელმ ტელი“) მიხედვით დაწერა . ლიბრეტოს ავტორები არიან ეტიენ დე ჟუიდა იპოლიტ ბისი. ოპერა დაიდგა პარიზში 1829 წელს.

„ვილჰელმ ტელი“ შვეიცარიული ლეგენდის სიუჟეტზე აგებული სახალხო დრამაა. მოქმედება მიმდინარეობს ალტდროფში (შვეიცარია) დაახლოებით 1308 წელს. ოპერა აგებულია სხვადასხვა სიუჟეტური ხაზის მონაცვლეობაზე: დიდი ადგილი უჭირავს ბუნების სურათებს (ხან იდილიური, ხან მძვინვარე), ავსტრიელი მეფისნაცვლის, გესლერის და მისი ჯარისკაცების დახასიათებას, მატილდასა და არნოლდის სიყვარულის ისტორიას. ეს ყველაფერი წარმოდგენილია ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ფონზე. ჟანრიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ადგილი ოპერაში მასობრივ სცენებს უჭირავს. აქ თითქმის ვერ შევხვდებით საზოგადოდ იტალიური ოპერის დრამატურგიისთვის დამახასიათებელ დასრულებულ სოლო ეპიზოდებს. საინტერესოა, რომ მთავარი გმირი ვილჰელმ ტელი არც ერთი არიით არ არის წარმოდგენილი. ძირითადი დრამატურგიული ხაზი დიდი მრავალფეროვანი სცენების (ანსამბლები, გუნდები, სოლო ნომრები, რეჩიტატივები, ინსტრუმენტული ეპიზოდები) მონაცვლეობით ვითარდება.

თუ მანამდე, იტალიურ ოპერაში ორკესტრი მოკრძალებულ აკომპანემეტს უწევდა მომღერალს, „ვილჰელმ ტელში“ გაზრდილია ორკესტრის დატვირთვაც. ეს უკანასკნელი იღებს თავზე ლოკალური კოლორიტის გადმოცემასაც. ოპერის უვერტიურა რელიეფურ კონტრასტულ თემებზეა აგებული, ის 4 ეპიზოდისგან შედგება და შეიძლება ითქვას, რომ მთელი დრამის მოკლე პრეზენტაციას წარმოადგენს. პირველი ეპიზოდი - ვილჰელმ ტელის ფიქრები სამშობლოზე - ვიოლონჩელოს სოლო; მეორე - ბრძოლის დრამატიზმი; მესამე - ბუნების პოეტური სურათები - ინგლისური ქარახსის სოლო და მეოთხე - გამარჯვებული ხალხის საზეიმო მარში.

ვილჰელმ ტელი“ ფრანგულენოვანი ოპერაა, საინტერესოა, რომ როსინის ყველაზე მასშტაბური ოპერა, უჩვეულოდ დიდხანს, 6 თვის განმავლობაში იწერებოდა. „ვილჰელმ ტელის“ პირველი წარმოდგენა 6 საათს გაგრძელდა (რედაქტირების შემდეგ კი სრული ვერსია 4 საათამდე შემცირდა). საზოგადოების ნაკლებად დაინტერესების მიზეზი სწორედ მისი ხანგრძლივობა გახდა. სპექტაკლს ხალხი აღარ ესწრებოდა და ოპერის კუპიურებით შესრულება დაიწყეს, რამაც ძალიან გააღიზიანა კომპოზიტორი.

„ვილჰელმ ტელი“ როსინის უკანასკნელი ოპერაა, მისი პრემიერის შემდეგ მან 40 წელი იცოცხლა და თვალს ადევნებდა იტალიური ოპერის განვითარების პროცესს, რომელიც მისი თანამედროვე კომპოზიტორების - ვინჩენცო ბელინისა, გაეტანო დონიცეტის შემოქმედებით აქტივობაში გამოიხატებოდა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები