ვირსალაძე ელისო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისო ვირსალაძე

ვირსალაძე ელისო კონსტანტინეს ასული - (14. IX. 1942, თბილისი), ქართველი პიანისტი. საქართველოს (1974) და სსრკ (1989) სახალხო არტისტი.


1964 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფესორ. ი. ზაკის ხელმძღვანელობით. ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. თავისი პირველი სოლო კონცერტი ელისო ვირსალაძემ გამართა მეათე კლასში ყოფნისას. 1957 წელს 15 წლის პიანისტმა გაიმარჯვა ახალგაზრდობის რესპუბლიკურ ფესტივალზე, 1959 წელს კი ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულის დიპლომი დაიმსახურა (ქ. ვენა). რამდენიმე წლის შემდეგ მან მართლაც უკიდურესად დაძაბულ და ძნელ შეჯიბრებაში მოიგო მესამე ადგილი ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში. ეს პრემია მით უფრო საპატიოა, თუ გავიხსენებთ, რომ მისი კონკურენტები იყვნენ საშემსრულებლო ხელოვნების ისეთი ვირტუოზები, როგორებიც არიან ჯონ ოგდონი, სიუზინ სტარი, ალექსეი ნასედკინი, ჟან ბერნარ პომიე… ამას მოჰყვა მართლაც ტრიუმფული გამარჯვება ცვიკაუში, შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (1966).

ვირსალაძე თანამედროვეობის გამოჩენილი პიანისტია, მისი შესრულება გამოირჩევა უმაღლესი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. გასტროლებს მართავს უცხოეთში. თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან. ვირსალაძემ 1982 ქ. თელავში დააარსა კამერული მუსიკის სემინარ-ფესტივალი „ქება ვაზისა“ (ჩატარდა ხუთჯერ) ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. 1967-იდან ვირსალაძე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის კონსერვატორიაში. იგო მოსკოვის (1979-იდან), და მიუნხენის (1993-იდან) კონსერვატორიის პროფესორია. სისტემატურად მართავს კონცერტებს საქართველოში. 1975 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, 1989 წელს სსრ კავშირის სახალხო არტისტისა.

მსოფლიოს მუსიკალურ საზოგადოებრიობაში სარგებლობს მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტით. ვირსალაძე შ. რუსთაველისა (1983) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1991) პრემიების ლაურეატია.

(გ. ტორაძე)


იხილეთ აგრეთვე

ელისო ვირსალაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები