ვიტელო ერაზმი
ერაზმ ვიტელო – (პოლ. Erazmus Ciołek Witelo, 1220-1270), ვიტელო ეკუთვნის ლეგენდებით გარემოცულ საინტერესო მეცნიერთა რიცხვს. ეს პოლონეთის მიწაზე დაბადებული პირველი მათემატიკოსი და საერთოდ, პირველი მეცნიერია. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ უსაფუძვლო არაა ჩავთვალოთ, რომ იგი დაიბადა 1220-1230 წლებს შორის ვროცლავთან ახლოს. ვიტელო იყო პოლონელი ქალის და ტიურინგიდან გადმოსახლებული გერმანელის შვილი. ეს უკანასკნელი პოლონეთში გადმოსახლდა ბოლესლავ მორცხვის დროს.
ვიტელო სწავლობდა უცხოეთის უნივერსიტეტებში. დაახლოებით 1253 წელს ის სწავლობდა პარიზში. სილეზიაში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა მასწავლებლად, ალბათ, ლეგნიცის სკოლაში.
1262-1268 წლებში ვიტელო ცხოვრობდა პადუაში, სადაც ეუფლებოდა საკანონმდებლო სამართალს, ფილოსოფიას, და ზუსტ მეცნიერებებს. პადუიდან გამოგზავნილ წერილზე ვიტელო აწერდა ვიტელო პლებანუსის სახელს, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ იგი აპირებდა სასულიერო პირი გამხდარიყო. დაახლოებით 1209 წ. ვიტელომ გაიცნო პაპის აღმსარებელი და რომში გაემგზავრა, იგი იქ პაპ კლიმენტი IV-ის კარზე იმყოფებოდა. რომში ვიტელო ძირითადად მათემატიკაში მუშაობდა. რომში ყოფნისას ვიტელომ ლათინურად დაწერა ორი წიგნი, მათგან პირველია „დასკვნები ევკლიდეს საწყისებიდან“. ეს წიგნი შეიცავდა ევკლიდეს შემდეგ აღმოჩენილ ყველა თეორემას და, სამწუხაროდ, დაიკარგა.
ვიტელოს მეორე ნაშრომია ტრაქტატი ოპტიკაზე ათ წიგნად, რომლის სრული სათაური ასე შეიძლება ვთარგმნოთ: „მეცნიერ მათემატიკოს ვიტელოს მსჯელობანი ოპტიკის შესახებ, ე. ი. სხივთა არსზე, მის მიზეზზე და დაცემაზე, მხედველობაზე, სინათლეზე, ფერებზე და, ფორმებზე, რასაც ჩვეულებრივად პერსპექტივა ეწოდება, ათი წიგნი.“
ტრაქტატი გამოიცა 1272 წელს ბაზელში, პირველი წიგნი შეიცავს თეორემებს და მათ მათემატიკურ დამტკიცებებს (მათ შორის ორიგინალური თეორემები, აღმოჩენილი ევკლიდეს შემდეგ, სამწუხაროდ დაკარგულია). ვიტელოს ტრაქტატმა მეცნიერების ისტორიაში დიდი როლი ითამაშა, მისგან ბევრჯერ გადაიღეს ასლი, გადაწერეს და გადაბეჭდეს, ხშირად მოკლე სათაურით „ოპტიკა“ ან „პერსპექტივა“. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თუმცა ტრაქტატი არ შეიცავდა რაიმე ახალ იდეებს, მაგრამ იგი მაინც ძირითადი ნაშრომი გახდა ოპტიკაში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო, რომელსაც ბევრი გამოჩენილი მეცნიერი იყენებდა. ესენი იყვნენ: კოპერნიკი, კეპლერი, რეგიომონტანი.
კეპლერმა, ვიტელოს „ოპტიკის“ გამოსვლის ოთხასი წლის შემდეგ, ერთ-ერთ თავის ტრაქტატს ოპტიკაში მოკრძალებით უწოდა „Ad Vitellonem Paralipomena“, ე. ი. „ვიტელოს დამატება.“
ვიტელოს დამსახურება ოპტიკის სფეროში იმდენად ცნობილია, რომ მთვარის ერთ–ერთ კრატერს მისი სახელი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტელოს მიღწევები მათემატიკაში ისე დიდი არ არის, როგორც ოპტიკაში, ისინი მაინც იმსახურებენ ყურადღებას.
ვიტელო ეკუთვნოდა მეცნიერთა იმ მცირე წრეს, რომლებიც იმ დროს მუშაობდნენ მეორე და მეტი ხარისხის წრფეებზე. მათ გამოსახაზად ვიტელომ შესაბამისი ხელსაწყოც კი შექმნა. არაჩვეულებრივად იცოდა ტრიგონომეტრია და მას იშველიებდა ოპტიკის დარგში თავის გამოკვლევებში.
საყურადღებოა ის, რომ ვიტელოს საქმიანობა XIII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება, როდესაც პოლონეთის სკოლებში მათემატიკის შესწავლა დაყვანილი იყო კალენდრის მცნებამდე და ძირითად ციურ მოვლენებამდე. მხოლოდ უნივერსიტეტებში სტუდენტები სწავლობდნენ ზეპირად, ყოველგვარი დამტკიცებების გარეშე, თეორემებს ევკლიდეს „საწყისებიდან.“
თავის ცდებს ოპტიკაში ვიტელო ატარებდა ლიასოტას მთაზე, კრაკუსის საფლავთან. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იმ დროიდან გაიზარდა ლეგენდების რიცხვი პან ტვარდოვსკიზე.