ზაბოლოცკი ნიკოლოზ
ნიკოლოზ ზაბოლოცკი – რუსი პოეტი, პოეტური თარგმანის დიდი ოსტატი, თავის დროზე რეპრესირებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ, შემდეგ ― შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი, სიკვდილის შემდეგ — საქართველოს სსრ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).
დაიბადა 1903 წელს ყაზანში, დაამთავრა ლენინგრადის პედაგოგიური ინსტიტუტი 1925 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1929 წელს, პოეტის ადრინდელ შემოქმედებას XVIII საუკუნის რუსული მწერლობისა და ხლებნიკოვის პანთეისტური მსოფლმხედველობის კვალი აჩნია; ზაბოლოცკის შემოქმედებაში, შემდეგ და შემდეგ, 40-50-იან წლებში შექმნილ ციკლებში, დასმულია ფსიქოლოგიური და მორალურ-ზნეობრივი პრობლემები („ულამაზო გოგონა“, „მოხუცი აქტრისა“ და სხვ.); ზაბოლოცკი უაღრესად ეროვნული პოეტია;
ორმოციანი წლების მიწურულს ნიკოლოზ ზაბოლოცკი უკავშირდება საქართველოს, უმეგობრდება ქართველ პოეტებს, მოგზაურობს საქართველოში და წერს ქართული სინამდვილისადმი სიყვარულით გამსჭვალულ ლექსებს, რომელთაგან აღსანიშნავია: „საგურამო“, „ღამე ფასანაურში“, „გრემის გოდოლი“, „თბილისის ღამე“; თარგმნის აგრეთვე ქართველი პოეტების: გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის, გრიგოლ აბაშიძის, კარლო კალაძის, მიხეილ ქვლივიძისა და სხვათა ლექსებს. მაგრამ მთავარი, რამაც შესაძლოა ყველაზე მეტი მადლიერების გრძნობა აღძრას ქართველის გულში, ეს გახლავთ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მაღალმხატვრული თარგმანი რუსულ ენაზე, რომელიც ზაბოლოცკის კალამს ეკუთვნის.
1975 წელს (სიკვდილის შემდეგ) ნიკოლოზ ალექსის ძე ზაბოლოცკის ქართული კლასიკური პოეზიის (აკაკი, ვაჟა, ილია, გურამიშვილი, გრიგოლ ორბელიანი) და ქართული საბჭოთა პოეზიის რუსულ ენაზე მაღალმხატვრული თარგმანებისათვის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ნიკოლოზ ზაბოლოცკი გარდაიცვალა 1958 წელს, დაკრძალულია მოსკოვში.