ზეღირებულოვანი იდეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეღირებულოვანი იდეები პირველად 1900 წელს, ვერნიკეს მიერ იქნა აღწერილი. ზეღირებულოვანი იდეა არის იზოლირებული, „მისაღები, გასაგები იდეა, რომელიც პაციენტს მისი არაგონივრული შინაარსის მიუხედავად გააჩნია.“ (Sims, 2003, გვ. 143). მას შეიძლება მრავალი წლის მანძლზე წამყვანი ადგილი ეჭიროს ადამიანის ცხოვრებაში და გავლენას ახდენდეს მის ქმედებებზე. ამიტომ ზეღირებულოვან იდეას ბოდვითი იდეებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისება გააჩნია. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ამ ორი სახის იდეის ერთმანეთისაგან განსხვავება, რადგან მათ ძალზე განსხვავებული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გააჩნიათ.

ზეღირებულოვანი იდეები ბოდვითი იდეებისაგან სამი მთავარი ნიშნით განსხვავდება:

  • ზეღირებულოვანი იდეის შინაარსი და საფუძველი, ჩვეულებრივ, გასაგებია, თუკი ცნობილია პიროვნების ცხოვრების ისტორია, მაშინ როდესაც ბოდვით იდეას და მის პაციენტისეულ განმარტებას ჩველებრივ უცნაური ხასიათი აქვს. მაგ., პიროვნება, რომლის ჯერ დედა, ხოლო შემდეგ და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადდა, შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ავთვისებიანი სიმსივნე გადამდებია (რაც, ძნელი გასაგები არ არის).
  • ზეღირებულოვანი იდეების თემატიკა, ჩვეულებრივ, იმ კულტურის წარმომადგენლებისთვის, რომელსაც პაციენტი განეკუთვნება, მისაღებია და მათ მიერ გაზიარებულია (მაგ., სხეულის ფორმასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები, რომლებიც ნერვული ანორექსიისთვის არის დამახასიათებელი).
  • ზეღირებულოვანი იდეების დროს, პაციენტს, ჩვეულებრივ, გააჩნია სურვილი, ჩაწვდეს თავისი შეხედულებების ბუნებას და მიიღოს განსხვავებული თვალსაზრისი, თუმცა ასეთი სურვილი სუსტია - პაციენტი ყოველთვის უბრუნდება თავის პირვანდელ იდეებს და ინარჩუნებს მათ.

ზეღირებულოვანი იდეები ობსესიებისგანაც უნდა განვასხვაოთ. ზეღირებულოვანი იდეების განსხვავება ობსესიისაგან უფრო ადვილია, ვიდრე ბოდვითი იდეებისაგან, რადგან ამ დროს იდეები არ განიცდება უაზროდ, ცნობიერებაში შემოჭრილად და ადამიანი არ უწევს მათ წინააღმდეგობას. ზეღირებულოვანი იდეები იმით განსხვავდება ნორმალური რელიგიური რწემენისაგან, რომ ეს უკანასკნელი უფრო ფართო ჯგუფის მიერ არის გაზიარებული, რელიგიური სწავლებიდანაა აღმოცენებული და პერიოდულად დაეჭვების საგანს წარმოადგენს

ამ განსხვავებების მიუხედავად, ხანდახან შეიძლება ძნელი იყოს ზეღირებულოვანი იდეის ამოცნობა და მკვეთრი სხვაობის დანახვა ზეღირებულოვან აზრებს, ბოდვით იდეებს, აკვიატებასა და ნორმალურ იდეას შორის. თუმცა, ეს იშვიათად იწვევს პრაქტიკული ხასიათის პრობლემებს, რადგან დიაგნოზის დასმა ერთზე მეტი სიმპტომის არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული.

სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავშირებული წარმოდგენები, რომლებსაც ნერვული ანორექსიის დროს ვხვდებით, ალბათ ზეღირებულოვანი იდეების ყველაზე უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს. მაკკენას თანახმად (McKenna, 1984), ეს ტერმინი ასევე გამოიყენება ისეთი სახის ანომალიური იდეების მიმართ, რომლებიც მრავალ სხვა ვითარებაშიც იჩენს თავს (დისმორფოფობია, იპოქონდრია, პიროვნების პარანოიდული აშლილობა და ავადმყოფური ეჭვიანობა). თუმცა, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ზეღირებულოვანი იდეების იდენტიფიცირება ხდება არა შინაარსის, არამედ ფორმის მიხედვით და მათ არ გააჩნიათ ცალსახა კავშირი რომელიმე ცალკე აღებულ დიაგნოსტიკურ კატეგორიასთან. ამგვარად, ავადმყოფობასთან დაკავშირებული ეჭვიანობის ზოგიერთი შემთხვევა აშკარად ბოდვით ხასიათს ატარებს, მაშინ როცა იპოქონდრიისა და დისმორფოფობიის დროს ასეთ შეხედულებებს ხშირად ობსესიის ან წუხილის ხასიათი აქვს და არა ზეღირებულოვანი იდეის.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები