ზურტაკეტის ყორღანების პეტროგლიფები
ზურტაკეტის ყორღანების პეტროგლიფები – ზურტაკეტის პლატო ვულკანური პლატოა სამხრეთ საქართველოს ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდინარე შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) აუზში. სიმაღლე 1200-1600 მ. სოფელ ზემო ყარაბულახსა და უსეინკენდს შორის პლატოზე XX საუკუნის 40-50-იან წლებში ტარდებოდა არქეოლოგიური გათხრები. ზურტაკეტის (თრიალეთი) უდიდესი გორასამარხების ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე — 8 მ. დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ აღწევდა, კედლების სიმაღლე − 4-6 მ.
ყორღანების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ დარბაზების კედლების ზოგიერთ ქვაზე ამოკაწრულია უცნაური ნიშნები. ერთ ყორღანში აღმოჩნდა 60-ზე მეტი ნიშნიანი ქვა, მეორეში 117, მესამეში 78. ქვებზე სქემატურად გამოსახულია ცხოველები – ირემი, თხა, ხარი, ფრინველი, გველი. ასევე პარალელური ხაზებისგან შედგენილი ბადეები, სამკუთხედები, რომბები. ნიშნები ქვებზე სხვადასხვა სიძლიერითაა ამოკაწრული. ზოგიერთი ნაკაწრი ღრმაა და ფართო ხაზებითაა შესრულებული, ზოგიც უფრო სუსტად არის გამოხატული. არ არის გამორიცხული, რომ ზურტაკეტის ყორღანების ზოგიერთ ნიშნიან ქვას შეიძლება პიქტოგრაფიული ან თუნდაც იდეოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდა.
დღეისათვის ყორღანები მიწითაა დაფარული და პეტროგლიფების მოძიება მხოლოდ გათხრების თავიდან ჩატარების მერე თუ იქნება შესაძლებელი.
კოორდინატები: 41°25′34.04″N, 44°04′02.15"E