თეთრკუდა ფსოვი
აღწერილია 2 (ზოგი ავტორის მიერ 3) ქვესახეობა. საქართველოში მო იპოვება ჩვეულებრივი თეთრკუდა ფსოვი — H. a. albicilla Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ გრენლანდიას, ისლანდიას, კონტინენტურ ევროპას და აზიას — ჩრდილოეთით ტუნდრის ზონას (მურმანსკი, ობის შესართავი, ენისეიზე 72-ე პარალელი, ლენისა და კოლიმის შესართავები); სამხრეთით − შავი ზღვის სანაპიროებს, მცირე აზიას ჩრდილოეთ ირანს, ამუ-დარიისა და სირ-დარიის ქვემო დინებას, ზაისანს, ჩრდილოეთ მონგოლეთს, კორეას, სახალინს; დასავლეთ ევროპაში — ოდერის ქვემო დინების, შუა დუნაისა და ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროს შემაერთებელი ხაზის აღმოსავლეთით, აგრეთვე კორსიკასა და სარდინიაზე. ზამთარში ხშირად რჩება ბუდობის არეალის ფარგლებში. ნაწილობრივ მიფრინავს დასაზამთრებლად დასავლეთ ევროპაში, ნილოსის დაბლობზე, კასპიის ზღვის ნაპირებთან, ინდოეთსა და ინდოჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე.
ბიოტოპი
ბინადრობს დიდ და თევზით მდიდარი წყალსატევების სანაპიროებზე, სადაც არის აგრეთვე ბუდობისათვის მოსახერხებელი მაღალი ხეები ან მიუვალი კლდეები. გამრავლების შემდეგ შეიძლება შეგვხვდეს წყალსატევებიდან დაშორებითაც, ველებში (ტყეში კი არა). ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს ხეებზე. ამ ბუდით სარგებლობს რამდენიმე წელიწადს. ტუნდრაში ბუდე კლდეებზეც შეიძლება იყოს. მარტის პირველ ნახევარში (სამხრეთში) ან აპრილში (ჩრდილოეთში) დებს 2 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი. საინკუბაციო პერიოდი 35 დღემდე გრძელდება.
კვება
ფსოვი პოლიფაგი ფრინველია, მაგრამ ძირითადად თევზებით იკვებება, თუმცა მის საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კურდღელს, თრიას, ზაზუნას, წყლის ვირთაგვებს, ონდატრას, ლემინგებს და სხვ. ფრინველებიდან თავს ესხმის იხვებს, მელოტას, ყანჩებს, როჭოს, სოღოს, სავათსა და გედებსაც კი. იკვებება მძორითაც.
მნიშვნელობა
თეთრკუდა ფსოვი, კვების ხასიათის მიხედვით, მავნე ფრინველია, მაგრამ მისი რიცხობრიობა იმდენად შემცირებულია, რომ მოითხოვს განსაკუთრებულ დაცვას.