თერნერი ჯოზეფ მელორდ უილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოზეფ მელორდ უილიამ თერნერი. ქარბუქი: ჰანიბალისა და მისი ჯარი გადასვლა ალპებზე, 1812; ტილო, ზეთი, 1.46X2.39 მ. თეითი, ლონდონი

ჯოზეფ მელორდ უილიამ თერნერი – (Joseph Mallord William Turner 1775-1851) მას ხშირად იხსენიებენ ქონსთებლთან ერთად. ორივე პეიზაჟის ოსტატი იყო და ისინი დაახლოებით ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ, მაგრამ თერნერის კარიერა სხვა გზით წარიმართა. იგი სამეფო აკადემიაში 1789 წელს უჩვეულოდ ახალგაზრდა, 27 წლის ასაკში შევიდა და აკადემიის სრულ წევრად იქნა არჩეული; მოგვიანებით კი სამეფო აკადემიის სკოლის პროფესორი გახდა. 1790-იანი წლების ბოლოს იგი ზეთით შესრულებულ მასშტაბურ პეიზაჟებსა და ისტორიულ თემებზე აგებულ მონუმენტურ ტილოებს ქმნის, რომლებშიც თერნერი ცდილობს ვიზუალურად გამოხატოს ფილოსოფოს ედმუნდ ბერკის (1729-1797) ამაღლებულის კონცეფცია. ბერკის მიხედვით, როდესაც ჩვენ რაიმე ისეთის მოწმენი ვხდებით, რაც ჩვენში შიშნარევ აღტაცებას იწვევს, ან როდესაც რაიმე დიადის წინაშე აღმოვჩნდებით, მაშინ ჩვენი გრძნობები გაცილებით უფრო მძაფრი ხდება, ვიდრე, ჩვეულებრივ. თუმცა რეალური საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ასეთი ველური სიდიადე მნახველში მაინც იწვევს მოკრძალებასა და შიშს. და რადგან "ამაღლებული" გაშუალებულად, არაპირდაპირ განიცდება, იგი უფრო მომაჯადოებელი და ამაღელვებელია, ვიდრე შემაშინებელი და ხშირად ღმერთის ტრანსცენდენტული ძალის შეგრძნებას იწვევს. ტერნერმა „ამაღლებულის“ კონცეფცია თავის ნახატებში გადაიტანა.

ჯოზეფ მელორდ უილიამ თერნერი. ლორდთა და თემთა პალატის ხანძარი, 1834 წლის 16 ოქტომბერი, ტილო, ზეთი, 92.1X123.2 სმ. ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი, ჯონ ჰოვარდ მაკფადენის კოლექცია, 1928

1812 წელს შესრულებული მისი სურათი "ქარბუქი: ჰანიბალისა და მისი ჯარის გადასვლა ალპებზე" ბუნების შემზარავ ძალას ასახავს. საშინელი გრიგალი, ნისლი და თოვლი ფარავს მზეს და ჯარისკაცებს განადგურებით ემუქრება. შორს მოჩანს ჰანიბალის ძლივსშესამჩნევი, სპილოზე ამხედრებული ფიგურა, რომელიც ძვ.წ. 218 წელს ალპებში ჯარს მიუძღვოდა რომის არმიასთან საბრძოლველად. თერნერმა ნამუშევარი, როგორც ჩანს, ნაპოლეონის ომების ალეგორიად ჩაიფიქრა. ნაპოლეონმა თავად გადაიარა ალპები და სწორედ ამ ისტორიულ ფაქტს მიუძღვნა დავიდმა ნაპოლეონის პორტრეტი. მაგრამ თუ დავიდის ნამუშევარი, რომელიც თერნერმა პარიზში 1802 წელს ნახა, ასახავდა ნაპოლეონს, როგორც ძლიერ ფიგურას, რომელიც მხოლოდ ჯარს როდი მეთაურობდა, არამედ თავად ბუნებასაც მართავდა, თერნენმა ჰანიბალის გამოსახულება ჰორიზონტზე ძლივსშესამჩნევ ლაქამდე შეამცირა. მხედართმთავარი და მისი ჯარი სტიქიური უბედურებით არიან შეშფოთებულები. მხატვარი მათ თითქოს გარდაუვალ დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.

თერნერმა კიდევ ერთი დრამატული და ამაღელვებელი სურათი შექმნა, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიულ შენობაში გაჩენილ ხანძარს აღწერს. თერნერის დრამატულ ტილოზე ლორდთა და თემთა პალატის ხანძარი, 1834 წლის 16 ოქტომბერი ალისფერი დომინირებს და განათება ასრულებს განსაკუთრებულ როლს. მხოლოდ ჩვენ არ ვართ გაოგნებული ამ შემზარავი სანახაობით - სურათის წინა პლანზე, თემზის სამხრეთ ნაპირზე შეკრებილი ადამიანებიც შეშფოთებით გაჰყურებენ ხანძარს. ეს ხანძარი ეროვნული ტრაგედია იყო. ლონდონის უძველესი პარლამენტის შენობა ინგლისის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე იყო. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ლორდთა პალატა, ხოლო თემთა პალატა სახურავის გარეშე დარჩა. თერნერი თავად იყო ამ ფაქტის მომსწრე და სასწრაფოდ გააკეთა ესკიზები აკვარელით; რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოფენისთვის უკვე დიდი სურათი ჰქონდა მზად. ამ სურათის ჭეშმარიტი არსი ბრწყინვალე ფერებითა და უზადოდ ასახული შუქითაა გადმოცემული; სწორედ ამიტომ ეძახდნენ თერნერს "სინათლის მხატვარს".

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები