თრიალეთური ვერცხლის თასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თრიალეთური ვერცხლის თასიარქეოლოგიური გათხრების დროს (1936-40) ნაპოვნი ვერცხლის თასი, რომელზეც მონადირეთა დღესასწაულია რელიეფურად წარმოდგენილი. თასი, ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი პერიოდით თარიღდება და ადგილობრივ ნაკეთობას წარმოადგენს.

კომპოზიციები შესრულებულია მაღალი გემოვნებითა და მითოლოგიის კარგი ცოდნით. თასის ზედა ნაწილზე ერთი მწკრივად გამოხატულია ადამიანის 23 ფიგურა, სასმისით ხელში, ტახტზე მჯდომარე პერსონისაკნ პროცესიად მიმავალი. თითოეული ფიგურა, მათ შორის ტახტზე მყოფიც, ნიღაბშია. სასმისის ქვემო ფრიზზე 9 ხარ-ირმისა და ფურ-ირმის მსვლელობაა გადმოცემული. ხარ-ირმებს დატოტვილი რქები აქვს. მთელი კომპოზიცია მონადირეთა საახალწლო წეს-ჩვეოლებას გადმოგვცემს ერთნაირად გამოწყობილი – ერთ ტოტემზე მიკუთვნებული მონადირეები უახლოვდებიან ნადირობის ქალღმერთს და დამწყალობებას ითხოვენ. ნადირთა მწყემსი ლოცავს მახვეწართ და ნადირობის ბედს აძლევს – ირმებით ასაჩუქრებს.

თასზე ადგილობრივი ოსტატის მიერ გადმოცემულია ისეთი მითოლოგიური წარმოდგენები, რომელთა ანარეკლი თავს იჩენს ამირანის თქმულებაში. საბრძანისზე მსხდომი ღვთაება მატრიარქატის დროინდელი ნადირთა მწყემსია, სვანეთში დღემდე დალის სახელს რომ ატარებს და ამირანის დედად ითვლება. ექვსი ავტორის „საქართველოს ისტორიის“ 1958 წლის გამოცემაში აღნიშნულია: „საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ, უკვე ბრინჯაოს ხანის ზოგიერთ ნივთზე (მაგალითად, შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანულ სამარხებში ნაპოვნი ვერცხლის სარწყული და ვერცხლის თასი, სამთავროში (მცხეთა) ნაპოვნი გვიანბრინჯაოს ხანის სარტყელი, სტეფანწმინდაში აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანის მცირე ქანდაკებები) მოცემულ გამოხატულებებში მეცნიერები არჩევენ ამირანის ეპოსის „ცალკეულ მოტივებს“. ვერცხლის თასი და მისი მომდევნო დროის ნივთიერი კულტურის ძეგლები ადასტურებენ, რომ იმ შორეულ წარსულში ჩვენში საკმაოდ გამოკვეთილი დარგობრივი მითოლოგია „არსებობდა თავისი რიტუალით, რამაც ასახვა ჰპოვა ჭედურ ხელოვნებაში და ეპოსში.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოენების ისტორია, 1, 1944;
  • მ. ჩიქოვანი, მიჯაქვული ამირანი, 1947;
  • ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, პ. რატიანი – საქართველოს ისტორია, I, 1958;
  • ალ. „ღლონტი, მიჯაჭვული გმირის პრობლემა ქართულ ეპოსში, საზ. მეცნ. განყოფილების მოამბე, 1, 1960.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები