იადონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იადონი

იადონი (ლათ. Serinus canaria Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა − იადონი და თავწითელა მთიულა.

პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 65-75 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი – 6-7 მმ, წონა – 10-14 გ. სქესთა შორის სიდიდეში განსხვავება თითქმის არაა, ხოლო შეფერილობაში მცირე სხვაობაა. საერთო შეფერილობით ჩამოჰგავს ჭივჭავს. ზრდასრულ მამალს შუბლი, ვიწრო ზოლი თხემზე, წარბები, კუდზედა ბუმბულები, „საყელური“ და სხეულის ქვემო მხარე, თეთრი მუცლის გარდა, ლიმონისფერ ან მომწვანო-ყვითელია, თხემის გვერდები – მომწვანო-რუხი, მუქი მურა შტრიხებით. ზურგი მომწვანო-რუხია, მოთეთრო და მუქი მურა ლაქებით. ფრთის პატარა მფარავებიც მომწვანო-რუხია, ხოლო ფრთის დანარჩენი ბუმბულები, აგრეთვე საჭის ბუმბულები, მოწაბლისფრო-რქისფერი, გამოხუნებული მომწვანო არშიებით. თავის გვერდები რუხია. სხეულის გვერდებზე არის მურა ფერის სიჭრელე. დედალი ზურგის მხრიდან მურაა, ჟანგისფერ-მოყავისფრო, მოშავო-მურა და მოთეთრო ღერძულა ლაქებით. კუდზედა ბუმბულები მომწვანო-ყვითელია. ნისკარტი მურა-რქისფერია, ფეხები – მურა-ხორცისფერი.

აღწერილია 3 ქვესახეობა საქართველოში გვხვდება ევროპული იადონი – S. c. serinus Linn., 1766.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს, გარდა სკანდინავიის, დანიის, ინგლისის, ჰოლანდიისა და რუმინეთისა. მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, კანარის კუნძულებსა და კუნძულ მადეირაზე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში (მაროკო, ალჟირი, ტუნისი), მცირე აზიაში, სირიასა და პალესტინაში. უკანასკნელ ხანებში გაიფართოვა არეალი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში და მიაღწია ლენინგრადამდე, ტარტუმდე საქართველოში ცნობილია როგორც მცირე რაოდენობით მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

იადონი საბინადროდ ირჩევს მეტწილად კულტურულ ლანდშაფტს – ბაღებს, პარკებს, ხეივნებს, სხვა ხემცენარეთა ნარგავებს, მით უფრო, თუ აქა-იქ წიწვიანებიც ურევია. არაკულტურულ ლანდშაფტში გვხვდება მეჩხერი ტყის ფარგლებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, განცალკევებით მდგომ ხეებზე.

გამრავლება

ბუდობს უფრო ხშირად წიწვიანი ხეების კრონაში, ზოგჯერ ხშირტოტებიან ფოთლოვან ხეებზე ან ბუჩქებზეც აგებს საკმაოდ მოხდენილ ბუდეს რბილი მცენარეული მასალისაგან. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილ-მაისში, ხოლო მეორე – ივნის-ივლისში. დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება.

კვება

იადონი იკვებება ნაირგვარ მცენარეთა, მათ შორის მეტწილად სარეველა, ბოსტნეული და სხვათა თესლებითა და ნორჩი მწვანე ფოთლებით. ჭამს პატარა ზომის მწერებსაც – ბუგრებს, ხოჭოებს და სხვ.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. ჩვენში სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. დიდად ფასობს ფრინველების მოყვარულთა შორის როგორც ლამაზი გარეგნობისა და სასიამოვნო მგალობელი ფრინველი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები