იანქოშვილი ნათელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ნათელა იანქოშვილი – (დ. 30 აგვისტო, 1918 — გ. 2008), საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1995).

დაიბადა 1918 წლის 30 აგვისტოს გურჯაანში, პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 4-ე საშუალო სკოლა. 1937 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ: დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, თამარ აბაკელია, უჩა ჯაფარიძე. აკადემია დაამთავრა 1943 წელს. სადიპლომო ნამუშევარი შეასრულა მოსე თოიძის ხელმძღვანელობით. 1941 წელს ცოლად გაყვა მწერალ ლადო ავალიანს — იმ დროს სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტს.

1947 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. ამ დროიდან მოკიდებული, სისტემურად მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში (იტალია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, საბერძნეთი).

ორმოცდაათიანი წლებიდან ნათელა იანქოშვილის შემოქმედებაში ძირითადი გახდა პორტრეტული ჟანრი. ამ წლების (1950-1960) ნამუშევართაგან მრავალს ხვდა წილად მოწონება როგორც სპეციალისტთა, ისე ხელოვნების მოყვარულთა შორის („ნინო ჭავჭავაძე“, „მამის პორტრეტი“, „ნუნუ გელდიაშვილი“, „ლილი ძაღლით“, „ნუკრია“…).

1960 წელს შალვა ამირანაშვილისა და ლადო გუდიაშვილის მხარდაჭერით მოეწყო მხატვრის ნამუშევართა პირველი პერსონალური გამოფენა სამხატვრო გალერეაში (წარმოდგენილი იყო 250 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი). ამ გამოფენის დიდ წარმატებას ადასტურებენ ჩანაწერები შთაბეჭდილებათა წიგნში და გამოხმაურებანი პრესაში.

1961 წლის იანვარში იმოგზაურა სსრ კავშირის კულტურის მოღვაწეთა ჯგუფთან ერთად საზღვარგარეთ (კუბა, მექსიკა, ჰოლანდია). ამავე წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, ხოლო ნოემბერში მოეწყო მისი მეორე პერსონალური გამოფენა (ხელოვნების მუშაკთა სახლში). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გრაფიკული სერიები („სვანეთი“, „კუბა“, „მექსიკა“. ასი ნამუშევარი). გამოფენა გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა აკაკი ხორავამ.

მესამე პერსონალური გამოფენა გაიმართა 1963 წელს, მეოთხე — 1970 წელს (კვლავ სამხატვრო გალერეაში), მეხუთე — 1972 წელს, მოსკოვში, ლიტერატორთა ცენტრალურ სახლში. ეს ის ადგილია, სადაც სისტემურად იკრიბებიან კულტურის მოღვაწენი, რაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს გამოფენის მომწყობთ. გამოფენას უჩვეულო წარმატება ხვდა წილად, გამოფენის ვადა ორჯერ იქნა გაგრძელებული.

1967 წლიდან მოყოლებული, მის პორტრეტულ გალერეას ემატება ქართული პეიზაჟის სერიები — ქართლი, კახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მესხეთი და კულტურის ძეგლები — ჯვარი, სხალთა, ვარძია და სხვა მრავალი.

1964-1966 წლებში დაასურათა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, შექმნა 18 ილუსტრაცია, რომლებიც დაიბეჭდა ჯერ კრებულში — „ვეფხისტყაოსნის“ დასურათება“, შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ 1978 წლის გამოცემაში. ცალკეული ილუსტრაციები დაიბეჭდა პოემის რუსულ და უცხოურ გამოცემებში (იაპონია).

1970 წლის მარტში მეორედ იმოგზაურა საზღვარგარეთ (სიცილია, რომი, ნეაპოლი, პარიზი).

1976 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.

ორჯერ გამოიცა მხატვრის ალბომი, 1963 წელს ფ. ლაპიაშვილის შესავალი წერილით, 1983 წელს ― ლია ჭავჭავაძის შესავალი წერილით. წიგნად გამოიცა კუბაზე მისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები. მის ყოველ პერსონალურ გამოფენას ახლდა სოლიდური კატალოგი, ფერადი რეპროდუქციებით და შესავალი წერილით.

1995 წელს ნათელა იანქოშვილს, ბოლო სამი წლის მანძილზე შექმნილი 12 ფერწერული ნამუშევრისათვის („თამარი ლომით“, „ფიროსმანი“, „დავით გარეჯი“ და სხვ.), მთელი მისი შემოქმედების გათვალისწინებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

2000 წელს, თბილისში გაიხსნა „ერთი მხატვრის — ნათელა იანქოშვილის მუზეუმი“. მუზეუმშიათასზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები