იბნ ბატუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იბნ ბატუტა

იბნ ბატუტა – (არაბ. أبو عبد الله محمد ابن بطوطة; სრული სახელი და გვარია: აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ლავატი ალ-ტანჯი, 1304 – 1377 წწ.), არაბი მოგზაური და ვაჭარი.

დაიბადა ქალაქ ტანჟერში. მოგზაურობა დაიწყო ახალგაზრდობიდან (ოცდაორი წლისამ); ჯერ ინახულა მექა, შემდეგ კი გაემგზავრა სირიაში, ირანში, მესოპოტამიაში, აფრიკაში (აქ ის ნილოსით მივიდა ასუანამდე), იემენში (აქედან გაიარა არაბისტანის მთელი ცენტრალური ნაწილი) იბნ-ბატუტამ ინახულა ჩრდილოეთიც; მცირე აზიით და ყირიმით (კაფა, ახლანდელი თეოდოსია) ის ესტუმრა ყივჩაყთა სამეფოს (სამხრეთი რუსეთი), ინახულა ქალაქი ბულგარი, იქიდან გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი ხელახლა იბრუნა პირი აღმოსავლეთისაკენ და კასპიის ზღვის ჩრდილო ნაპირების გასწვრივ, ხივაზე, ბუხარაზე, ხვარასანზე და ყანდაგარზე გავლით მოხვდა ინდოეთში, სადაც მან ქალაქ დელიმდე მიაღწია. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი, როგორც საელჩოს წევრი, გაემგზავრა ჩინეთში; მალდივის კუნძულებისა, ცეილონისა, სუმატრისა, იავის და ზონდის არქიპელაგის სხვა კუნძულების გავლით მან მიაღწია პეკინამდე (ბეიპინი). ამის შემდეგ სუმატრის გავლით მივიდა არაბეთამდე.

1347 წელს იბნ ბატუტამ კვლავ იმოგზაურა ირანში, მესოპოტამიაში, სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. აგრეთვე მეოთხეჯერ ინახულა მექა და 1349 წელს გადასწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში ტუნისის, ტენესის ტლემსენისა და ფესის გავლით. მას დაებადა აზრი ენახა მისთვის მანამდე უცნობი ორი სამუსულმანო სახელმწიფო: გრენადა და მალი; მალში ის წავიდა სიჯალმასის გავლით ტიმბუქტუზე. უკან დაბრუნებისას იბნ-ბატუტამ დაათვალიერა ტაგადას სპილენძის მადნები. 1353 წ. მან განვლო აჰაგარის ზეგანი, ოაზისი აჰადესი და, ბოლოს, გადალახა რა ატლასის მთები, დაბრუნდა ფესში, სადაც ის სიკვდილამდე დარჩა.

იბნ ბატუტამ მოგზაურობაში გაატარა დაახლოებით ოცდაშვიდი წელი. მას ეკუთვნის დიდი შრომა შემდეგი სათაურით: „საჩუქარი ქალაქთა საკვირველებისა და მოგზაურობათა სასწაულების დარგში დამკვირვებელთ“ „ტუხ-ფეტ-ულ-ნაზარ ფი-ჰერაიბ-ელ იმსარ ვე აჯაიბ-ელისფარ").


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები