იერობოამ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იერობოამ I ისრაელის მეფე

იერობოამ I - (ებრაულად ნიშნავს: „ხალხი იზრდება“, „მრავლდება“ ძვ.წ. 928-907) – ისრაელის პირველი მეფე (ისრაელ-იუდეის ერთიანი სამეფოს დაშლის შემდგომი ისრაელის). მეფობდა 928-907 წლებში. ისრაელ-იუდეის გაერთიანებული სამეფოს უკანასკნელი მეფის, სოლომონის ყოფილი მოხელე და ხალხთა აჯანყების ლიდერი რობოამის წინააღმდეგ.

იერობოამი ქალაქი ცერედიდან იყო, რომელიც იორდანიის დაბლობზე მდებარეობდა. მისი მამა ნავათი იყო ეფრემის ტომიდან. ახალგაზრდა იერობოამი ძალიან ენერგიული და საქმიანი იყო, ამიტომ სოლომონ მეფემ ის თავის სამსახურში ჩააყენა.

ბიბლიის მიხედვით ერთხელ იერობოამი წინასწარმეტყველმა ასიამ იერუსალიმის მახლობლად გაიყვანა, 12 ნაწილად გახია ახალი ტანისამოსი, 10 ნაწილი იერობოამს მისცა და უთხრა, რომ ღმერთი მას ისრაელის 10 ტომზე გაამეფებდა. ამის შემდეგ იერობოამს უთანხმოება მოუვიდა სოლომონთან, რომელმაც მისი მოკვლა მოინდომა, ამიტომ მომავალი ისრაელის მეფე ეგვიპტეში გაიქცა ფარაონ შეშონქ I-თან (ბიბლიაში სუსაკიმი). ფარაონმა იერობოამი შეიფარა და ის ეგვიპტეში სოლომონის სიკვდილამდე დარჩა. როდესაც სოლომონის ვაჟი, რობოამი გასამეფებლად ბექემში გაემართა, ისრაელიანებმა იერობოამი თავიანთ მეთაურად მიიწვიეს და მასთან ერთად სთხოვეს სოლომონის მემკვიდრეს გადასახადების შემსუბუქება. რობოამმა მკაცრი უარი მოახსენა ხალხს, რასაც ისრაელის 10 ტომის აჯანყება მოჰყვა. მათ მეფედ იერობოამი აირჩიეს და ამით სამეფო ორად გაიყო. ისრაელის სათავეში იერობოამი მოვიდა, რობოამს კი მხოლოდ იუდას და ბენიამინის ტომები შერჩა და იუდეის მეფედ ეკურთხა.

იერობოამმა თავისი სამეფოს დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები გაამაგრა და თავის რეზიდენციად ქალაქი ფირცა აირჩია. იერობოამს არ უნდოდა, რომ ხალხს იერუსალიმში, მისი მტრის, რობოამის ქვეყნის დედაქალაქში ევლო მსხვერპლშესაწირად, ამიტომ ისრაელის ქალაქებში: დანში და ბეთილში ორი ოქროს კერპი დაადგმევინა და ხალხს უბრძანა თაყვანი ეცათ მათთვის. მეფე თავად აძლევდა მაგალითს თავის ქვეშევრდომებს და მსხვერპლს სწირავდა კერპებს. მან გაანთავისუფლა ლევიტელი მღვდლები სამსახურიდან და კერპებს უბრალო ისრაელიანები დაუყენა ქურუმებად. ერთმა იუდეველმა წინასწარმეტყველმა გაბედა და იერობოამი უფლის სახელით შერისხა მაშინ, როცა ის კერპთაყვანისმცემელთა რიტუალს ასრულებდა, როდესაც მეფემ მისი შეპყრობა ბრძანა, ბიბლიის მიხედვით მას ხელი შეახმა, მაგრამ შემდეგ ისევ იმავე წინასწარმეტყველმა მოურჩინა. ბიბლიის მიხედვით იერობოამი ისევ უღეთო ცხოვრებას აგრძელებდა, ამიტომ უფალმა მისი ვაჟი, აბია დაავადმყოფა. იერობოამის ცოლი ბრძენ წინასწარმეტყველთან, ახიასთან წავიდა, რომელმაც მას იერობოამის დინასტიის განადგურება უწინასწარმეტყველა, რაც იმით დაიწყო, რომ მეფის ვაჟი აბია გარდაიცვალა.

იერობოამი აგრძელებდა რობოამთან იმ ომს, რომელიც სოლომონის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ორად გახლეჩილ ისრაელის სამეფოში. რობოამის სიკვდილამდე ამ ომს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ როდესაც იუდეაში მისი ვაჟი, აბია გამეფდა, ისრაელსა დაიუდეას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები გაჩაღდა. აბიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა იერობოამთან ბრძოლაში. ამ შეტაკების შემდეგ იერობოამმა დაკარგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, მათ შორის ბეთილი, იეშანუ და ეფრონი. იერობოამი წარუმატებლად აგრძელებდა აბიასთან ომს თავის სიკვდილამდე. ისრაელის პირველმა მეფემ 21 წელიწადი იმეფა. იერობოამი ძალიან ენერგიული, ქარიზმატული და საქმიანი იყო მეფობის პირველ წლებში,

მაგრამ ხელმწიფობა ომებში დამარცხებულმა, სულიერად და ფიზიკურად განადგურებულმა დაასრულა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები