ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ე. წ. გორისუბანში. აგებულია 1894 წელს. მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით.
ისტორია
1863 წელს ი. ჭავჭავაძემ იქორწინა ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილზე, რომელმაც მამისგან მემკვიდრეობით საგურამო მიიღო.
1874 წელს ი. ჭავჭავაძემ გორისუბანში, ზედაზნის ტყის პირას დადგა ორსართულიანი პატარა ფიცრული სახლი, რომელიც ოთხი (ორი ზემოთდა ორი ქვემოთ) ოთახისაგან შედგებოდა, ხოლო 1894 წელს ძველი სახლის ადგილზე აიგო სამართულიანი აგურის შენობა. სახლი მთავარი, მოხარატებული ხისაივნებიანი ფასადით მიმართულია დასავლათისკენ (მისასვლელი გზისაკენ). აქედან იშლება არაგვის ხეობისა და საგურამოს მიდამოების შესანიშნავი ხედი. სახლის მშენებლობასა და კარმიდამოს გაშენებას ილია პირადად ხელმძღვანელობდა. ეზში თავათ პოეტის მიერ დარგული რამდენიმე ხეა. გზის შუაგულში დგას რვა ცაცხვისა და ერთი დიდი კაკლის ხე. ტყიდან გამოყვანილია პატარა რუ. მშენებლობის დროს პოეტი ისე უფრთხილდებოდა ნარგავებს, რომ სახლის გეგმარებაც კი შეცვალა. ილია დიდად ზრუნავდა სამეურნეო სიახლეთა დანერგვაზე, როგორც თავის მამულში, ისე საგურამოს გლეხების კარ-მიდამოში.
შენობის სამხრეთ ნაწილი ორსართულიანია, ხოლო ჩრდილოეთი - სამსართულიანი. სამსართულიანი ნაწილი ქმნის წამყვან ასიმეტრიულ აქცენტს შენობის კომპოზიციაში. ცოკოლის სართული ნახევარსარდაფია, რომლის ოთახები აივანზე გამოდის. მთავარი შესასვლელი სახლს სამხრეთის მხრიდან აქვს. პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები და სასადილო ოთახები, მეორე სართულზე - სამუშაო და საძინებელი. სულ 11 ოთახია. სართულები ერთმანეთს ხის შიდა კიბით უკავშირდება.
შენობის ჩრდილოეთით დგას ერთსართულიანი, ცხრაოთახიანი სახლი, ე.წ. სამოურავო, ხოლო ჩრდილოეთით - მარანი.
საგურამოს ი. ჭავჭავაძისეული სახლი XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე წარმოადგენდა საქართველოს ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ მძლავრ კერას. ყოველ 20 ივლისს აქ იმართებოდა ილიაობა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ილიას მკვლელობის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას გადასცა. აქ ჯერ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ მწერალთა და ხელოვანთა დასასვენებელი სახლი იყო გახსნილი. 1949 წელს მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ. ეს საქმე უშუალოდ გიორგი ლეონიძემ ითავა, ორი წლის დაუღალავი შრომის შედეგად მოიძია თითქმის ყველა ის დაკარგული და აქეთ-იქით გაბნეული ნივთები, რომლებიც დღეს სახლ-მუზეუმს ამშვენებს.
დღეს სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მუზეუმის სტაციონარულ ნაწილში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველ ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები („ივერია“, „საქართველოს მოამბე“…). მე-19 საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ვერნეს „მაზეპა მგლების ხროვაში“, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო „შიში“, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები, დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
წყარო
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა
- ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ოფიციალური ვებ-გვერდი