ირიბი დამატება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირიბი დამატება – პირმიმართი დამატება წინადადების წევრი, წარმოდგენილი ზმნის ობიექტური პირის ფარდი სახელით. ირიბი დამატება, „უმოქმედოა“: ქვემდებარის მოქმედება მას ირიბად, ანუ არაპირდაპირ ეხება; ირიბი დამატება შეიძლება აღნიშნავდეს:
ა) მფლობელს („დედას ჩემი მეგობრების ტელეფონის ნომრები უბის წიგნაკში უწერია“);
ბ) ზმნით აღნიშნული მოქმედების უშუალო შემსრულებელს („გიორგიმ მეგობარს ტყიდან შეშა მოატანინა”);
გ) პირს, რომელსაც ქვემდებარის მოქმედება უშუალოდ ეხება („მანქანა ხეს დაეჯახა”);
დ) მოქმედების უშუალო, ოღონდ პასიურ შემსრულებელს („რა უაზროდ ეკვლევინება მტერს“) და ა.შ.

ირიბი დამატება, შეიძლება ახლდეს როგორც გარდამავალ (აუცილებლად სამპირიან), ისე გარდაუვალ (ორპირიან) ზმნა-შემასმენელს. ქართულში იგი ბრუნვაუცვლელია, ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია („დედა შვილს წერილს სწერს“, „დედამ შვილს წერილი მისწერა“..). გარდამავალი ზმნა-შემასმენლის III სერიის ფორმებთან ირიბი დამატება უბრალო დამატებად ტრანსფორმირდება („დედას შვილისთვის წერილი მიუწერია“). გარდაუვალი ზმნის ირიბი დამატება სამსავე სერიაში მიცემით ბრუნვაშია („ემალება ის მას", „დაემალა ის მას“, „დამალვია ის მას“...

ირიბი დამატება ზმნურ ფორმაში მ-ს რიგის აფიქსებით აისახება; პირდაპირი დამატებისგან განსხვავებით, მას სამსავე პირში ნიშანი აქეს: „მან მე მო-მ-წერა“,. „მან შენ მოგ-წერა“. „მან მას მი-ს-წერა“.

კ. გაბუნია

ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ., მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში, I თბ., 1928 (1968);
  • დავითიანი ა, ქართული ენის სინტაქსი, L, თბ., 1973; კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ, 1996

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები