იძუმო-ნო ოკუნი
იძუმო-ნო ოკუნი – კაბუკის დამაარსებელი, ტაძრის მოცეკვავე ახალგაზრდა ქალი Izumo no Okuni (ოკუნი იძუმოდან), რომელიც იძუმოში 1571 წელს დაიბადა. მამამისი – ნაკამურა სანემონი მჭედელი იყო.
ისტორია მოგვითხრობს, რომ მისი ქალიშვილი იძუმოს დიდ ტაძარში იყო მიკო (შინტოისტური ეკლესიის მსახური ქალი), რომელიც პატარაობიდანვე განთქმული იყო თავისი ცეკვით, სამსახიობო ნიჭით და სილამაზით. რაც შეეხება მის მიერ თეატრის დაარსებას, მისი მოკლე პრეისტორია ასეთია: თავდაპირველად ოკუნი რელიგიური დღესასწაულების დროს გამართულ სარიტუალო ცეკვებში მონაწილეობდა, სადაც მან პოპულარობა და აღიარება მოიპოვა. წარმატებით გამხნევებულმა, თავისი საშემსრულებლო რეპერტუარის გაფართოება დაიწყო. ასე, თანდათან, ოკუნიმ თეატრალიზებული ცეკვის ახალი სტილი შექმნა, რომელიც ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებზე იყო დაფუძნებული და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის (ძირითადად, ფლეიტა და დოლი) თანხლებით სრულდებოდა.
შემდეგ წარმოდგენებს პანტომიმა და კომედიური სცენები დაემატა, რაშიც ოკუნის ქმედით დახმარებას უწევდა მისი მომავალი მეუღლე – ნაგოია სანძაებურო. პირველი თეატრალიზებური წარმოდგენების გამართვა ოკუნიმ კიოტოში დაიწყო (სადაც ის XVII საუკუნის დამდეგს ჩავიდა), შემდეგ კი, ქალაქის ხმაურიან ქუჩებში გადაინაცვლა. მისი ტემპერამენტიანი ცეკვები, თამამი მოძრაობები უკვე ძალიან შორს იყო რელიგიური კონტექსტისგან და აშკარა ეროტიკულ ელემენტს შეიცავდა. ამგვარი რეპერტუარის წარმატება მყისიერი და რეზონანსული აღმოჩნდა. ოკუნი მაყურებლებს ხიბლავდა და იზიდავდა ასევე მის მიერ მამაკაცების განსახიერებით (უმეტესად ეს იყო სამურაების როლი), რომლებსაც ის ექსტრავაგანტური, იმ დროისთვის უჩვეულო სამოსით და ვარცხნილობით ასრულებდა. სხვადასხვა სცენათა შორის ინტერვალებში კი, თავის ხელოვნებას კლოუნი უჩვენებდა.
1603 წელს ოკუნიმ კიოტოში თავისი თეატრი დააფუძნა, რომელსაც კაბუკი ეწოდა. მან გაჭირვებული, უსახლკარო გოგონები შემოიკრიბა, რომლებსაც ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. ასე ჩამოყალიბდა დასი, რომელშიც მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან გამომდინარე, მამაკაცების როლებსაც ისინი ასრულებდნენ. ახალი თეატრალური ჟანრი უშუალოდ ეხმიანებოდა იმ ეპოქას, მაყურებლის გემოვნებასა და სულისკვეთებას. მან მკვეთრად შემოაბრუნა სანახაობრივი ხელოვნება რელიგიურიდან ცოცხალი, რეალისტური სამყაროსკენ. ოკუნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას საიმპერატორო კარზეც კი იწვევდნენ წარმოდგენის გასამართავად. აღსანიშნავია, რომ იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, პარალელურად იქმნებოდა ახალი ქალთა დასებიც, რომლებიც ბაძავდნენ ოკუნის ცეკვებს, იმავდროულად ცდილობდნენ კონკურენციაც გაეწიათ მისთვის. იმხანად კაბუკის ყველა დასს „ოკუნი კაბუკის“ უწოდებდნენ, ოკუნის გარდაცვალების შემდეგ – „ონნა კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „ქალთა კაბუკის“), უფრო გვიან პერიოდში კი, „იუჯიო კაბუკის“ (იაპონურად ნიშნავს „კურტიზანთა კაბუკის“) სახელით მოიხსენიებოდა.
აღსანიშნავია, რომ პირადად ოკუნის შესახებ ინფორმაცია 1610 წლიდან აღარ მოიპოვება. სავარაუდოდ, ის ხსენებულ წელს გარდაიცვალა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო ლიტერატურაში ოკუნის გარდაცვალების სხვადასხვა სავარაუდო თარიღი სახელდება. მისი სახელი კი უკვდავყოფილია იაპონური თეატრალური ხელოვნების ისტორიაში. 2002 წელს კაბუკის თეატრის 400 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კიოტოში მდ. კამოსთან იძუმო-ნო ოკუნის პატივსაცემად, მისი ძეგლი დაიდგა.