კაგურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაგურა – შინტოს რელიგიურ კულტთან დაკავშირებული ძველი იაპონური მისტერიები. აღმოცენდა მე-7-8 საუკუნეებში და მე-9-10 საუკუნეებში შეიძინა დასრულებული ფორმა.

კაგურას სათავეები დაკავშირებულია ხალხურ სამიწათმოქმედო წეს-ჩვეულებებთან და მზის კულტთან. შესრულების ფორმით კაგურა საცეკვაო პანტომიმაა, რომელსაც წარსულში ახლდა ორი ნახევარქოროს სიმღერა შეკითხვებისა და პასუხების ფორმით (უფრო იშვიათად, მთავარი ქურუმის და ქოროს სიმღერა). კაგურას ახლდა, აგრეთვე, დოლის და ფლეიტის მუსიკალური ფონი, უძველეს სანახაობაში კი „კოტოს“ (ჩამოსაკრავი სიმებიანი ინსტრუმენტი) თანხლება. კაგურას შემსრულებლები იყვნენ ქურუმები, მომავალი პროფესიონალი მსახიობები. კაგურას შინაარსი აგებული იყო მზის ქალ-ღვთაება ამატერასუს მითზე. მოქმედ პირებს ხელში აუცილებლად ეჭირათ ატრიბუტები: საღვთო ჟღარუნები, ტაძრის შესაწირი, თოხი, ანკესი, თუთის ხის ფოთლები (და სხვ.).

ძველად კაგურას წარმოდგენები იმართებო და უშუალოდ მიწაზე, შემდგომში იგი გადატანილ იქნა ტაძრის სცენაზე. ყველაზე ძველი კაგურა შედგებოდა 75 აქტისაგან, მოქმედება იწყებოდა ღამით და მთავრდებოდა გამთენიისას. კაგურა გაფორმებული იყო მდიდრულად, კოსტიუმები იკერებოდა ფარჩის და აბრეშუმის ქსოვილებისგან, იყენებდნენ ნიღბებს, პარიკებს, სხვა თეატრალურ რეკვიზიტს. კაგურა შენარჩუნებულია დღემდე, ოღონდ სახეცვლილი ფორმით.

სატაძრო კაგურის ყველაზე პოპულარული სახეობაა შინტოისტური ქალ-ქურუმის ცეკვა, რომელიც ნასესხებია მზის მითიდან კაგურაში მონაწილეობენ ქურუმები, პროფესიონალი მსახიობები, ზოგჯერ, ტაძრის მრევლიც. კაგურა სრულდება ტაძრის მოედნებზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად გაწყობილ ფიცარნაგებზე. ზოგჯერ კაგურა იძენს მასიური ხალხური წარმოდგენების ხასიათს, ზოგჯერ კი მაღალი წრისთვის განკუთვნილი სანახაობაა.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები