კავკასიური როჭო
კავკასიური როჭო (ლათ. Lyrurus mlokosiewiczi Taczanowski, 1875) − ფრინველი როჭოსებრთა ოჯახიდან, კავკასიის ენდემი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ქათმისნაირნი (Galliformes)
- ოჯახი − როჭოსებრნი (Tetraonidae)
- გვარი − როჭო (Lyrurus)
საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 190-220 მმ-ია. კუდი – 145-230 მმ, ნისკარტი – 16-22 მმ, წონა – 600-1100 გ. მამალი ბევრად დიდია დედალზე. შეფერილობაში მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი და ასაკობრივი დიმორფიზმი. სხეულის აგებულება მკვრივია, დამახასიათებელი საერთოდ ქათმისნაირებისათვის. გალო შემოსილია თითებამდე. თითებზე აქვს სავარცხლისებური გამონაზარდები, ე. წ. ფოჩები. მამალს საჭის გარეთა ბუმბულები შუა ბუმბულებთან შედარებით გრძელი და ქვემოთ მოხრილი აქვს. ორწლიანი და მეტი ხნის მამალი სრულიად შავია, მხოლოდ იღლიის ბუმბულებია თეთრი, ხოლო თვალებს ზემოთ შიშველი კანი წითელია. დედალი ჩალისფერია, მუქი მოყავისფრო განივი წინწკლებით. ერთწლიანი მამალი ემსგავსება დედლის შეფერილობას, მაგრამ ოდნავ მუქია, რადგან მოყავისფრო წინწკლები წვრილი და ხშირია.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
ენდემური სახეობაა კავკასიისათვის. გავრცელებულია მთავარ და მცირე კავკასიონზე სუბალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1500–3000 მ-ის სიმაღლეზე. საქართველოშიც ყველგანაა იმავე ზონაში. სამცხე-ჯავახეთში გვხვდება აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედებზე, ალპურ მდელოებზე, არყნარებსა და დეკიანებში. მობინადრე ფრინველია. წლის სხვადასხვა სეზონში მხოლოდ მცირე ვერტიკალურ გადანაცვლებას ახდენს.
ბიოტოპი
ბინადრობს სუბალპურ მდელოებზე მაღალბალახოვანი საფარით, როდოდენდრონის ბუჩქნარებში, ტანდაბალი და მეჩხერი არყნარებით. ზამთრობით ჩამოდის ტყის ზემო სარტყელში, ხოლო ზაფხულში ალპური ზონის ქვემო ნაწილშიც შეიძლება შეგვხვდეს.
გამრავლება
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს მეორე წელსვე. ახალგაზრდა მამლები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მთლიანად შავი, სქესმწიფენი არიან და მონაწილეობენ გამრავლებაში. განაყოფიერება პოლიგამიურია. ბუდობს როდოდენდრონის ბუჩქნარებში. დედალი აწყობს ბუდეს მიწის პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც ამოფენილია უმთავრესად როდოდენდრონის ფოთლებით. ბუდეს მიწაზე იკეთებს. მაისის მეორე ნახევარში დებს 10-12 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. გამოჩეკიდან ერთი-ორი საათის შემდეგ წიწილებს შეუძლიათ სირბილი და საკვების მოკენკვა. აგვისტოს ბოლოს ახალნაჩეკი უკვე მოზრდილების ტოლია.
კვება
იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭოს საკვებს შეადგენენ: მცენარეებიდან ფრინტას, ცირცელის, დეკას, არყის, ასკილის, ჟოლოს, ღვიასა და სხვათა თესლები, ნაყოფები და კვირტები. ცხოველური საკვებიდან აღსანიშნავია მწერები, პირველ რიგში ხოჭოები (ცხვირგრძელები, ბზუალები, ფოთოლჭამიები), აგრეთვე კალიები, ხერხიები, ბაღლინჯოები, ჭიჭინობელები და სხვ. კენკავენ ზოგჯერ ობობებსა და ლოკოკინებსაც.
მნიშვნელობა
შესანიშნავი სანადირო ობიექტია, მაგრამ მთებში შვენ სპეციალურად როჭოზე სანადიროდ იშვიათად დადიან. საერთო რაოდენობა დიდი არაა, ამიტომ სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. კავკასიური როჭოს მნიშვნელობა უფრო დიდია თეორიული თვალსაზრისით, როგორც ენდემური სახეობისა. კავკასიური როჭო შვიათი და რიცხვკლებადია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება.
წყარო
- საქართველოს ფრინველების სარკვევი
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- ქართული ენციკლოპედია