კალოური
კალოური – კალოზე მუშაობის დროს წარმოსათქმელი ლექს–სიმღერები. კახეთში კალოსპირული ეწოდება და სანიავებელ სიმღერებსაც მოიცავს. კალო თავთავიანთა გასალეწი ადგილია, რომელიც შეიძლება სახლთანაც მოეწყოს და ველზეც. ძნის ჩაშლას, გადაბრუნება-გალეწვას ხვავის განიავებასა და მარცვლის შენახვას თავთავისი სიტყვიერება სდევს: ზოგჯერ სალაღობო ლექსი, ზოგჯერ ფორმულა-გადაძახილი შეხალისება სიცხეში მყოფი ხარისა და კაცისა. ძნის სწრაფად გაშლა და მზიანი დღე – ლეწვის წარმატების პირობად ითვლება. ღრუბლიანში კალოობა შეუძლებელია, ამიტომ ამინდის შერჩევასაც დიდი ყურადღება ექცევა.
- კალოზე ყანა გავშალე, ოქროს თავთავიანიო;
- კევრს ორი ხარი შეუბი, ოქროს რქა–ხალიანიო,
ქებით ამბობენ კევრზე მჯდომნი და თან ხარ-კამეჩს ახალისებენ სწრაფ შემოსასვლელად. კალოურ ლექს-სიმღერებში ოროველის, ხსენება ისმის. საერთოდ კი ოროველა სამიწათმოქმედო სიმღერების (ხვნა,-თესვა, მკა, ლეწვა, განიავება) ზოგად სახელწოდებად ჩანს და ღვთაების სახელიდან მომდინარეობს. კალოობის შეყოვნება დაუშვებელია, პურეული აღებისთანავე უნდა გაილეწოს. ამის გამო მკა და ლეწვა ყველაზე ფიცხელ სამუშაოდ ითვლება. სიძნელის გამო მუმა-საქონელსაც კი აფრთხილებენ მელექსენი.
- ხარი ხნავს, ფური იწველის, მოზვერი ლეწამს კალოსა;
- მოდის, მოზვერო, კალონი, თვალ ფხით აგევსებაო.
მკასა და ლეწვას საქართველოში ათასეული წლების წარსული აქვს. ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კაჟისპირიანი ნამგლები, კევრები და მარცვლეულის შესანახი თიხის ჭურჭლები.