კარტოიდი
კარტოიდი – (cartoid), ტოპოლოგიურად სახეშეცვლილი გამოსახულება, სივრცე-დროითი, სტრუქტურული, უმასშტაბო თეორიული მოდელი, რომელშიც შენარჩუნებულია შემადგენელი ელემენტების ურთიერთგანლაგება. ტერმინი პირველად გაჩნდა XX საუკუნის 60-იან წლებში კარტოგრაფების და გეოგრაფების ვიწრო წრეში, აღნიშნავდა არაზუსტ სქემას. ტრადიციული რუკისგან განსხვავებით არ არის კვლევის საბოლოო პროდუქტი, იგი კვლევის პროცესის ფრაგმენტია და ამაშია მისი მნიშვნელობა. გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მოვლენების რთული და მრავალფეროვანი პროცესების ანალიზი და ასახვა ექსპერტის პოზიციიდან. ახასიათებს გენერალიზაციის მაღალი დონე, ინარჩუნებს ტრადიციული რუკის ორ თვისებას: თვალსაჩინოებას და თემატური რუკის პირობით აღნიშვნებს. აქვს საერთო ნიშნები მენტალურ რუკებთან, ასახავს კავშირს რეალობასა და პიროვნებას შორის: კარტოიდში ექსპერტის მიერ რეალობის შეფასებით, ხოლო მენტალურ რუკაში – პიროვნების მიერ რეალობის აღქმით.
გეოგრაფიული კარტოიდის პირველი ნიმუში მოცემულია ავსტრიელი მიწათმფლობელის იოჰან ფონ ტიუნენის (1783-1850) 1826 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „იზოლირებული სახელმწიფო“. საზოგადოებრივ გეოგრაფიაში ტიუნენის კარტოიდი ცნობილია ტიუნენის მოდელის სახელით. ასევე ცნობილია როდომანის კარტოიდები. თანამედროვე მეცნიერული კარტოიდებით ძირითადად სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებს გამოსახავენ. კარტოიდები უჩვეულოდ გამოიყურება, რადგან ინფორმაციით დატვირთულია არა ძირითადი რუკა, არამედ მის გარშემო ადგილები. იქ განლაგებული დიაგრამები და გრაფიკები ხაზებით უკავშირდებიან რუკის ცალკეულ ადგილებს და იძლევიან ინფორმაციას მათ შესახებ.
კარტოიდებს იყენებენ მიწების გამოყენების, ისტორიულ-გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური, ეპიდემიოლოგიური და სხვა კვლევების იდეებისა და ჰიპოთეზების წარმოსაჩენად, მაგალითად: სახელმწიფო საზღვრების კვლევა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების მისაღწევად, სპიდის და ტუბერკულიოზის, როგორც მასობრივი სივრცე-დროითი პროცესის კვლევა და სხვ.