კერმა (ქალაქი)
კერმა – (ეგვ. ამონემხატის კედელი) – კუშიტური (ნუბიური) სახელმწიფოს ცენტრი ნილოსის მესამე ჭორომის სამხრეთით. ადგილი შეისწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტის და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმის ექსპედიციამ 1913-1916 წლებში. მეორე და მესამე ათასწლეულებში კუშიტური სამეფო, რომელიც ნილოსის მესამე ჭორომის მიდამოებში მდებარეობდა, იყო ეგვიპტის მეტოქე ნუბიაზე ბატონობაში. სავარაუდოდ, მათი სახელმწიფოს ცენტრი მდებარეობდა კერმასთან, დონგოლას სიახლოვეს.
ამ მიდამოებში ნილოსის დაბლობი ძალიან ფართოვდება და სოფლის მეურნეობის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა. თვითონ ქალაქი ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ქალაქის ცენტრალური ნაწილი, რომელიც დაახლოებით 0.5 კვ. კმ.-ს მოიცავს, შემოვლებულია თხრილით და დამცავი კედლით. დასახლება გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთით და შესაძლოა მოიცავდა საკულტო ნაგებობებს და სატაძრო სახელოსნოებს. ნილოსთან სავარაუდოდ ქალაქის პორტი იყო. ქალაქის ცენტრში მდებარობდა ტაძარი (50მ.×25მ., დღეისათვის სიმაღლე 20 მ.). ტაძრი სიახლოვეს აღმოჩენილია დიდი სასახლე, რომელიც ადგილობრივი და ეგვიპტური არქიტექტურის ელემენტებს ამჟღავნებ.
ქალაქიდან სამი კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმოჩენილი სასაფლაო დაახლ. 30 000 საფლავით. ნუბიური ტრადიციის თანახმად, მიცვალებულები არ არიან მუმიფიცირებული. ისინ დაკრძალულია მოხრილ მდგომარეობაში, ხანდახან ლოგინზე დიდი ბორცვის ქვეშ. კერმაში ეს ბორცვები დეკორირებულია შავი და თეთრი ქვებით შედგენილი გეომეტრიული ორნამენტებით და თხების, გაზელების და საქონლის თავის ქალებით. საფლავში ატანდნენ სხვადასხვა ნივთებს, შეწირულ ცხოველებს და ადამიანებს. შესაწირისათვის, რომელიც საფლავის გარე თავსდებოდა, აგებდნენ პატარა სამლოცველოებს, რომლებიც თანდათან დიდმა აგურის ნაგებობამ შეცვალა. თანამედროვე ვარაუდით, დიდი ბორცვები კერმას მეფეების საფლავებია რომლებიც ქრონოლოგიურად ეგვიპტის პირველ გარდამავალ პერიოდს ემთხვევა.
ბოლო წლებში ჩატარებული გათხრების საფუძველზე, კერმას კულტურა რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი. ე.წ. KA (არქაული კერმა) პირველი გარდამავალი პერიოდის და ადრე შუა სამეფოს თანადროულია, KM (შუა პერიოდის კერმა) შუა სამეფოს დროისაა, KC (კლასიკური კერმა) კულტურის განვითარების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს და მეორე გარდამავალ პერიოდს ემთხვევა, KR (გვიანი ან პოსტ-კლასიკური კერმა) ეწოდება პერიოდს, როცა ადრეული ახალი სამეფოს დროს ეგვიპტემ ნუბიის დაბრუნება დაიწყო. მეორე გარდამავალი პერიოდის დროს კერმას სამეფომ თავისი გავლენა სამხრეთ ეგვიპტეზეც გაავრცელა და, ეგვიპტური წყაროების თანახმად, გახდა ჰიკსოსების მოკავშირე ეგვიპტეზე გავლენის სფეროების გასანაწილებლად. ჰიკსოსების განდევნის შემდეგ, ეგვიპტემ საბოლოოდ მოსპო კერმადან მომდინარე საშიშროება ადრე XVIII დინასტიის ფარაონების სამხედრო კამპანიების შედეგად, მაგრამ კერმაში აღმოჩენილი ნაპატას და მეროეს პერიოდების ფენები მიუთითებენ, რომ კერმამ შეინარჩუნა მნიშვნელობა უფრო გვიანდელი ნუბიური კულტურებისათვის.