კლასიკური პოლიტიკური ეკონომია
კლასიკური პოლიტიკური ეკონომია - (classical political economy), ლიბერალური ეკონომიკური თეორია, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნის 70-იან წლებში და XX საუკუნის 30-იან წლებამდე საფუძვლად ედო წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. მისი ფუძემდებლები იყვნენ ინგლისელი მეცნიერები ადამ სმითი და დევიდ რიკარდო, თუმცა, კლასიკური ეკონომიკური თეორია სათავეს იღებს უილიამ პეტის შეხედულებებიდან. მის წარმოშობას დიდად შეუწყვეს ხელი ინგლისელმა ფილოსოფოსებმა ჯონ ლოკმა (1632-1704) და დევიდ იუმმა (1711-1776), აგრეთვე ეკონომისტმა დელეი ნორსმა (1641-1691), ხოლო განვითარებას - ჟან-ბატისტ სეიმ (1767-1832).
ეკონომიკური თეორიის ამ ფუძემდებლური მიმართულების ლაიტმოტივია - ეკონომიკის ლიბერალიზაციის, მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასების საფუძველზე საბაზრო თვითრეგულირების იდეა. ეს იდეა ეყრდნობა ა. სმითის „უხილავი ხელის“ თეორიას. ამ იდეის მიხედვით სახელმწიფო განიხილება როგორც „ღამის დარაჯი“, სახელმწიფო საქმიანობა კი - როგორც არამწარმოებლური შრომა. კლასიკურ ეკონომიკურ თეორიას წითელ ზოლად გასდევს კერძო ინტერესების პრიორიტეტი საზოგადოებრივთან შედარებით. მისი ყურადღების ცენტრშია ცალკეული ფირმა, მათი დანახარჯების მინიმიზაციისა და მოგების მაქსიმიზაციის პრობლემა. კლასიკური პოლიტიკური ეკონომია ორ საუკუნეზე მეტ ხანს ედო საფუძვლად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას. ეს იყო მიკროეკონომიკური პარადიგმებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინდივიდუალური კონცეფციის ბატონობის ეპოქა. მისი იდეოლოგია ადამიანს განიხილავს, როგორც ეკონომიკურ ფენომენს, როგორც წარმოების საშუალებას და არა როგორც საზოგადოებრივი წარმოების მიზანს.
კლასიკური პოლიტიკური ეკონომია ძირითადად იკვლევს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პრობლემებს, აგრეთვე სწავლობს სიმდიდრის ბუნებასა და წყაროებს, ეროვნული პროდუქტის განაწილებას წარმოების ფაქტორების მესაკუთრეებს შორის შეზღუდული რესურსებისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებში. იგი აქცენტს აკეთებს კაპიტალის დაგროვებაზე, ბაზრების გაფართოებასა და შრომის დანაწილებაზე. კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის კვლევის საგანია მიკროეკონომიკური პრობლემებიც. დ. რიკარდომ საფუძველი ჩაუყარა შრომითი ღირებულების თეორიას. ღირებულების (ფასეულობის) კლასიკური თეორია აქცენტს შრომით დანახარჯებზე აკეთებს და ეყრდნობა შრომითი ღირებულების თეორიას, მაშინ როდესაც ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია.