მარჯანიშვილი კოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კოტე მარჯანიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოტე მარჯანიშვილი

კოტე (კონსტანტინე) მარჯანიშვილი – (28 მაისი 1872, სოფ. ყვარელი – 17 აპრილი 1933, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1931). ქართული თეატრის რეფორმატორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

მოღვაწეობა რუსეთში

კოტე მარჯანიშვილი დაიბადა 1872 წელს, 28 მაისს, სოფ. ყვარელში სწავლობდა თბილისში. თავისი სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მსახიობობით ჯერ ქართულ თეატრში, შემდეგ გადავიდა რუსულ სცენაზე.

მსახიობობიდან ის მალე გადადის რეჟისორობაზე. მუშაობს რუსეთის დიდ პროვინციული ქალაქების თეატრებში, საიდანაც იწვევენ მოსკოვის სამხატვრო თეატრში. შვიდი წელიწადი გაატარა მან სამხატვრო თეატრში. მისი ამ დროის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თანარეჟისორობა კ. სტანისლავსკისთან ერთად „ჰამლეტის“ გორდონ კრეგის მიერ და დამოუკიდებელი დადგმები - ჰამსუნის „ცხოვრების კლანჭებში“ და იბსენისპერ გიუნტი“. ამ უკანასკნელის დადგმამ მას დიდი სახელი მოუპოვა, მაგრამ ამავე დროს უსიამოვნება შეახვედრა თეატრის ხელმძღვანელების მხრით (დადგმა არ ეთანხმებოდა სამხატვრო თეატრის პრინციპებს), და ის იძულებული შეიქმნა მიეტოვებინა სამხატვრო თეატრი.

აქედან ის გადადის ჯერ ნეზლობინთან, შემდეგ კორშთან, სადაც მრავალ საინტერესო დადგმას ახორციელებს.

1813 წელს მას საშუალება ეძლევა განახორციელოს თავისი დიდი ხნის ოცნება. კ. მარჯანიშვილი ცდილობს შექმნას „სინთეტიური თატრი“, რომელშიაც წარმოდგენილი იქნება ყველა თეატრალური ჟანრები: ოპერაც, პანტომიმაც, დრამაც და ბალეტიც. კ. მარჯანიშვილმა პირველმა წამოაყენა რუსეთში საკითხი თეატრალური ფორმების სინთეტიზმის შესახებ.

მის მიერ მოსკოვში შექმნილი „თავისუფალი თეატრი“ (1913-14 წ.წ.) დიდი მოვლენა იყო მაშინდელ მხატვრულ ცხოვრებაში. კ. მარჯანიშვილმა ამ თეატრში სამუშაოდ მოიწვია ა. ტაიროვი, სანინი და კრეგი. მაგრამ კ. მარჯანიშვილმა ვერ შეძლო თავისი გეგმის განხორციელება. „თავისუფალმა თეატრმა“ იარსება სულ მხოლოდ ერთი სეზონი, რომლის განმავლობაშიც კ. მარჯანიშვილმა მოასწრო მხოლოდ ერთი დადგმის განხორციელება. ეს იყო ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, რომელიც რუსული ოპერეტის ისტორიაში შევიდა როგორც რეჟისორული ოსტატობის ბრწყინვალე ნიმუში.

მოღვაწეობა უკრაინაში

მარჯანიშვილი შემდეგშიაც განაგრძობდა მუშაობას ოპერეტის დარგში. მისმა დადგმებმა ლენინგრადის „პალას-თეატრში“ („ბოკაჩო“, „მასტოკა“ და სხვ.) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ თეატრალური ჟანრის განვითარებაში. სამოქალაქო ომის წლებში კ. მარჯანიშვილი მუშაობდა უკრაინაში. ის ხან „უკრაინის მთავარი რეჟისორია“, ხან „ქ. კიევის მთავარი რეჟისორი“, ხან კიდევ უკრაინის თეატრების ნაციონალიზაციის ჩამტარებელ კომისიის თავმჯდომარე.

1919 წელს კოტე მარჯანიშვილი კიევში, ყოფილ სოლოვცოვის თეატრში ახორციელებს ერთ-ერთ თვის საუკეთესო დადგმას - ლოპე დე ვეგასცხვრის წყაროს“.

წარმოდგენა დაიდგა ფრონტზე მიმავალ წითელარმიელებისათვის, რეჟისორი გ. კრიჟიცკი ასე აგვიწერს ამ წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას: „ მე მახსოვს წითელარმიელებით გაჭედილი დარბაზი. ეს ქარიშხალი იყო. არმიის სარდალმა, რომელიც უკრაინას წმენდდა პეტლიურეველებისაგან, წარმოდგენის შემდეგ მარჯანიშვილის უთხრა, რომ ის გამოგზავნის ფრონტზე მიმავალ ყველა ნაწილებს „ცხვრის წყაროს“ სანახავად: ის დარწმუნებული იქნება გამარჯვებაში“.

1919 წლის შემოდგომაზე კ. მარჯანიშვილი გადავიდა ლენინგრადის „კომიკურ ოპერაში“, სადაც მუშაობდა 1922 წლამდე.

მოღვაწეობა საქართველოში

1922 წელს, შემოდგომაზე, კ. მარჯანიშვილი ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობას რუსთაველის სახელობის თეატრში.

კ. მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში იმუშავა 1925 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი შესანიშნავი დადგმა განახორციელა, მათ შორის „ცხვრის წყარო“, „გააზნაურებული მდაბიო“, „ჰამლეტი“, „ინტერესთა თამაში“, „მასტოკა“, „მალშტრემი“, „კაცი მასა“ და სხვ.

1925 წლიდან 1928 წლამდე კ. მარჯანიშვილი კინოში მუშაობს. 1928-29 წლის სეზონში კი აარსებს ქუთაის-ბათომის სახელმწიფო თეატრს, სადაც თვის გარშემო იკრეფს ნიჭიერ ახალგაზრდებს.

ამ თეატრმა ორი სეზონი იმუშავა ქუთაისში, 1930 წლიდან კი გადმოვიდა თბილისში, სადაც ჩამოყალიბდა მეორე სახელმწიფო დრამის სახით კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით.

1931 წელს კ. მარჯანიშვილის მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება.

კ. მარჯანიშვილს საქართველოში გადმოსვლის შემდეგ იწვევენ მოსკოვის თეატრები ცალკე დადგმებისთვის. 1931 წელს მან კორშის თეატრში დადგა იბსენის „მშვენიერი სოლნესი“, რომელმაც უცხოური პრესის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

სიცოცხლის ბოლო წლები

სიცოცხლის ბოლო წლებში მარჯანიშვილი მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრში, სადაც დასადგმელად ამზადებდა ფ. შილერის ტრაგედიას „დონ კარლოსს“. პიესა მას თითქმის მზად ჰქონდა, პრემიერა დანიშნული იყო მაისის პირველ რიცხვებისთვის. ამის გარდა კ. მარჯანიშვილს მინდობილი ჰქონდა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა მოსკოვის დიდ საოპერო თეატრში, გარდა ამისა მარჯანიშვილს დაწყებული ჰქონდა და მუშაობდა ვერდის ოპერა „ოტელოს“ დასადგმელად თბილისის საოპერო თეატრში და ფ. შილერის „ყაჩაღების“ დასადგმელად თავის ხელმძღვანელობით არსებულ თეატრში. მოულოდნელმა სიკვდილმა მას საშუალება არ მისცა ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.


წყარო

‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები