კრიშნაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრიშნაიზმი - ინდუსთა ღვთაების, კრიშნას თაყვანისმცემლობაა, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში ინდუიზმის საფუძველზე წარმოიშვა და ცალკე დენომინაციად აშშ-ში ჩამოყალიბდა.

XX ს-ის 60-იან წლებში ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა რელიგიურ - თეოსოფიური სისტემა, რომლის მიმდევარნი კრიშნაიტებად ან ვაიშნავებად იწოდებიან.

სარჩევი

ისტორია

ინდოეთში გურუმ მოწაფეს, პროფესიით ქარხნის მენეჯერს, უთხრა: წადი ამერიკაში და იქ ინდუსთა ღმერთის - კრიშნას - მოძღვრება, კონკრეტულად, - უფალ ჩაიტანიას ეპისტოლე გაავრცელეო. დავალება შესრულდა.

გურუ შრიალა ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი გოსვამი მაჰარაჯა პრაბჰუპადა იყო, შემოკლებით სარასვატი გოსვამი, ინდოეთში ცნობილი მეცნიერი და მრავალი ვედური ინსტიტუტის დამაარსებელი.

მოწაფე - ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების შემქმნელი - აჩარია.

შრილა პრაბჰუპადა დაიბადა კალკუტაში 1896 წელს. დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტი, 1922 წელს გახდა ზემოხსენებული გურუს მოწაფე და 1933 წელს ქ. ალაჰაბადში ინიცირებულ (ხელდასხმულ) იქნა ბრაჰმანად. გურუ „კრიშნას ცნობიერებაზე“ უამბობდა, პრაბჰუპდა ბეჯითად შრომობდა და დაწერა „ბჰაგავატგიტას“ კომენტარები. 1950 წელს მან თავი დაანება სამენეჯერო საქმიანობას, მიატოვა ცოლი, ხუთი შვილი და განეშორა ყოველდღიურობას, რათა სიცოცხლე რელიგიური რუდუნებისათვის მიეძღვნა. დასახლდა წმინდა ქალაქ ვრინდავანში. ეწეოდა სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას. 1965 წელს ჩავიდა ამერიკაში, სადაც ინდოელი წმინდანის სამოსელში გამოწყობილმა, ყოველგვარ მატერიალურ სახსარს მოკლებულმა, დაიწყო კრიშნას მოძღვრების ქადაგება. იჯდა ბაღში, ამზადებდა ინდურ კერძებს, ეპატიჟებოდა გამვლელ-გამომვლელთ და სულიერებაზე საუბრობდა. მათ, რომლებმაც ახალი მოძღვრება იწამეს, 1966 წლის ივნისში „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დააარსეს. „საზოგადოებამ“ სამოღვაწეო ველი მალე მსოფლიო მასშტაბით გააფართოვა.

პრაბჰუპადამ 12 წლის განმავლობაში 14-ჯერ შემოუარა მსოფლიოს. ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა. მიმდევართა ყველაზე დიდი გუნდი მან ინგლისში შეიძინა. იქ მას როკჯგუფ „ბითლზების“ წევრი ჯორჯ ჰარისონი დაემოწაფა. იყო მოსკოვშიც, სადაც თანამოაზრეთა ჯგუფი შეიძინა. მათ 1978-80 წლებში ორგანიზაციები მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ტალინში, ერევანში, თბილისსა და სოხუმში ჩამოაყალიბეს. ამ თაოსნობის ინიციატორები, რიცხვით 50, საბჭოთა კანონმდებლობით გაასამართლეს და დასაჯეს. დევნა პერესტროიკამდე გაგრძელდა.

კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება

„კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ ამერიკასა და ევროპაში დაარსების დღიდანვე ინტენსიურ საქმიანობას შეუდგა. ააშენეს ასობით ტაძარი (აშრამი) და სკოლა, დაიწყეს თავიანთი კონფესიური ლიტერატურის თარგმნა, გააჩაღეს საგამომცემლო, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მუშაობა, შეიმუშავეს პროექტები სიღარიბისა და შიმშილის დასაძლევად.

„კრიშნას ცნობიერებას მინდობილნი“, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც აშრამში ცხოვრობენ, საგანგებო რეჟიმში იმყოფებიან: დილის 4.30-ზე იწყება მსახურება - მანგალა არატი (ცისკრის თაყვანისცემა), „ჰარე კრიშნა - მაჰამანტრას“ ინდივიდუალურად კრიალოსნის მეშვეობით განმეორება (ჯაპა მედიტაცია), რასაც მოსდევს ღვთაებათა მისალმება და დიდი სულიერი მოძღვრის - შრილა (სვამი) პრაბჰუპადას - გახსენება, ბოლოს კი - ლექცია. ესაა მათი წმიდა წერილის „შრიმადბჰაგავატამის“ კითხვა-კომენტირება. პრასადს (წყალობას), ანუ უფალ კრიშნასადმი შეთავაზებულ საჭმელს, მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევენ. ეწევიან ვეგეტერიანულ ცხოვრებას. ჩაი, ყავა, ალკოჰოლი და თამბაქოც მათთვის აკრძალულია. დაგმობილია აზარტული თამაშები. მკაცრად რეგლამენტირებულია სქესობრივი ცხოვრება. ატარებენ სპეციალურ სამოსელს. შუბლზე თიხის ხსნარისაგან დასმული აქვთ ნიშანი. იპარსავენ თმას (გარდა კოწოლისა). დააქვთ ნაჭრის პატარა აბგები.

მოძღვრება და პრაქტიკა

„კრიშნას ცნობიერება“ დაფუძნებულია ვედურ ლიტერატურაზე, ძირითადად კი - „ბჰაგავატგიტაზე“. სვამი პრაბჰუპადას თქმით, რადგან „არ არსებობს განსხვავება კრიშნასა და მის სიტყვებს შორის, „ბჰაგავატგიტა“ ისეთივე თაყვანისცემას იმსახურებს, როგორსაც თავად უფალი კრიშნა, რამეთუ ორივე აბსოლუტურია“.

შრილა პირაბჰუპადას მიაჩნდა, რომ მისი მოძღვრება და რელიგიური სისტემა უზენაესი უფლის კრიშნას ინკარნაციას - ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს აზრებს ეფუძნება. ჩაიტანია XV საუკუნეში ცხოვრობდა, ქადაგებდა ბენგალიაში. მას ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ უფლებამოსილებით აღჭურვა მოწაფეები, ჩაეწერათ მოძღვრება, რომელიც მან სიტყვიერად ჩამოაყალიბა.

ჩაიტანიასა და პრაბჰუპადას მიმდევრებს სწამთ, რომ კრიშნა უზენაესი პიროვნებაა, თავდაპირველი უფალი, მიზეზთა მიზეზი. ყველაფერი მას ეკუთვნის და ემორჩილება, ყველა ნახევარღმერთი: ბრაჰმა, შივა, ჩანდრა, ვარუნა და სხვანი მისი მსახურები არიან. კრიშნა, ზესულის სახით, ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება. მისი ცნობიერება თვლემს ნებისმიერი ადამიანის გულსა და გონებაში. კაცის მიზანია მოიძიოს, გამოაფხიზლოს და ააღორძინოს ეს ცნობიერება. კრიშნა მატერიალური სამყაროს მიღმა, სულიერ სამყაროში, პლანეტა ვრიშნალოკაზე იმყოფება, მაგრამ ენერგიებით ყველგანაა. ცოცხალი არსებები მისი მარადიული მსახურები არიან, მაგრამ მასთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა აკავშირებთ: შეიძლება იყვნენ ნეიტრალურნი, შეიძლება იყვნენ მსახურები, მეგობრები ან შეიძლება მასთან მშობლის, ან სატრფოს დამოკიდებულება იქონიონ. სიყვარული იმასაც კი ავიწყებინებს მათ, რომ კრიშნა ღმერთია. თავი რომ დააღწიო სამსარას, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის ბორბალს და სულიერ სამყაროში დაბრუნდეთ, უნდა მიენდო კრიშნას, გახდე მისი მსახური. მაშინ მატერიალური ენერგია, გნებავთ - კარმის კანონი, ვეღარ მოახდენს სამსარაზე გავლენას და აღარ მოგიწევს წუთისოფელში შემოსვლა.

ბჰაქტის, ანუ ღვთაებრივი სიყვარულის აღზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა მაჰამანტრა, ე.ი. დიდი მანტრა. „მანტრა“ სანსკრიტზე ნიშნავს მარცვალს, სიტყვას, ფრაზას, „მაჰამანტრა“ - დიდ, ზებუნებრივ სიტყვას, რომელსაც მისტიკური და შთამაგონებელი ძალა აქვს. იქ, მინდობილთა რწმენით, არეკლილი და კოდირებულია აღნიშნული მოძღვრების სიღრმე. იგი მედიტაციის (სულიერი ჭვრეტის) საშუალებაა. მისი დახმარებით - საგალობლის მარადის და „მოუკლებლად“ წართქმით - ინდივიდი მაღლდება წარმავალ სინამდვილეზე, აღწევს აღმაფრენასა და ნავარდობს წმიდა სულების სამფლობელოში ზეციურ პლანეტებს შორის.

მაჰამანტრას თავისუფლების, ანუ, ძველქართულად, გახსნილების დიად საგალობელს უწოდებენ:

„ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა,
კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე,
ჰარე რამა, ჰარე რამა
რამა რამა, ჰარე ჰარე“.

„ჰარე“ ნიშნავს უფლის ენერგიას, კრიშნა და რამა კი უფლის, ღმერთის სახელებია. მათი წარმოთქმით მლოცველი იმოსება ღვთის ენერგიით, რითაც, შეიძლება ითქვას, თრგუნავს მაიად (ილუზიად, არარაობად) წოდებულ სამყაროს და შინაგან „მე-ს“ ამავე ენერგიის წყაროსთან აზიარებს. ეს წყარო კი ყველაზე ცხოვლად კაცთა წინაშე კრიშნასა და რამას სახით გაცხადდა. ამიტომაც ერთგულები ცხოვრებისა და შრომის ყოველ მონაკვეთზე წარმოთქვამენ მაჰამანტრას. ატარებენ კრიალოსნებს (ფსკვნილს), რომლის 108 კვანძი კრიშნას 108 შეყვარებულ მწყემს ქალს განასახიერებს. თითოეულ მძივთან იგალობება „მაჰამანტრა“. ამტკიცებენ, როდესაც პიროვნება ამგვარად ადიდებს ღვთაებრივ სახელს, თავისუფლდება ტკივილისაგან და განიცდის აღტაცება-აღფრთოვანებას. ჩნდება ცეკვის მოთხოვნილება, ხშირად კი, თუ სათანადო პირობებია, ქუჩებსა და ბუნების წიაღში მარშის შესრულებისა დასაკრავი ინსტრუმენტებით, სიმღერითა და როკვით. ესაა კირტანა, სიტყვა-სიტყვით - გალობა. ამ რიტუალის საფუძველიაო, გვასწავლის პრაბჰუპადა, არჯუნას სიტყვები უზენაესი ბრაჰმანისადმი - კრიშნასადმი: „სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ყველა შენ შემოგნატრის!“

„კრიშნას ცნობიერება“ საქართველოში

საქართველოში „კრიშნას ცნობიერების“ ერთგულები პირველად სოხუმში გამოჩნდნენ და გასული საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს ჯგუფი შექმნეს. ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ოთარ ნაჭყებია, რომელსაც ინიციაციის შემდეგ ამბარიშა დასი ეწოდა. მან საკუთარ სახლში კრიშნას ტაძარი გამართა და მოძღვრების აქტიურ ქადაგებას შეუდგა, მაგრამ მის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ მალე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისინი გაასამართლეს და დააპატიმრეს. ამიტომ აღნიშნული მოძრაობის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა (თუმცა კრიშნას ერთგულები სოხუმში დღესაც იმავე სახლში ცხოვრობენ).

თბილისის ფილიალი - ვედური კულტურის ცენტრი - 1986 წელს შეიქმნა (რეგისტრირებულია 1992 წლიდან). მას აქვს აშრამი (კელიები) ერთგულთათვის და ტაძარი - ძირითადი ღვთისმსახურებისათვის.

თბილისის აშრამი გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის კრიშნაიდთა თემის დახმარებით დაფუძნდა და აშენდა. რეგისტრირებულია „ვედური კულტურის ცენტრის“ სახელით.

ეს ორგანიზაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი 90-იანი წლების პირველ ნახევარში იყო (500 ერთგული). ისინი მაშინ, რელიგიურ და საგამომცემლო-ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურ ქველმოქმედებასაც მისდევდნენ. ხსნიდნენ უფასო სასადილოებს. აფხაზეთში ომის დროს ფრონტის ხაზზე საკვები მიჰქონდათ.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე კრიშნაიდების რიცხვი 200-სს არ აღემატება.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები