კუიბიშევური ცხვარი
კუიბიშევური ცხვარი - გამოყვანილია კუიბიშევის ოლქში 1936 - 1948 წლების მანძილზე მუშაობით. შესაჯვარებლად გამოიყვანეს ჩერკასული მქისემატყლიანი ნერბები და რომნი-მარშის ჯიშის ყოჩები; ამ შეჯვარებით მიღებულ პირველ და მეორე თაობას ერთმანეთთან აწყვილებდნენ (ხალასი მოშენება), თანაც სასურველი ტიპის ცხოველების გადარჩევას აწარმოებდნენ და ახალმოზარდს კარგად კვებდნენ და პატრონობდნენ.
კუიბიშევური ჯიშის ცხოველები ნახევრად ნაზსაწმისიანი და ადრეულა არიან; გარეგნულად რომნი-მარშის ჯიშის ცხოველებს მიემსგავსებიან. მაგარი აგებულების გამო, ადვილად იტანენ შორ მანძილზე მგზავრობას. ნერბების ცოცხალი წონა 65 — 67 კილოგრამია, ყოჩებისა—100 - 110 კილოგრამი, ცალკეული ნერბების ცოცხალი წონა 120 კილოგრამს აღწევს. ადრეულობის მაჩვენებელი ის არის, რომ 6-თვიანი თოხლის წონა 40 — 45 კილოგრამია; ზრდასრულ ცხოველებში საკლავის წონა 52 — 55 °/3-ია.
საწმისს შტაპელური აგებულება აქვს, თუმცა, მცირე რაოდენობით, ისეთი ცხოველებიც გვხვდებიან, რომლებსაც კულულისებრი მატყლი აქვთ. მატყლი ერთგვაროვანია, ნახევრადნაზი, სიგრძით, საშუალოდ, 15 სანტიმეტრია და 12-20 სანტიმეტრს შორის მერყეობს. ნერბების კანძის წონა 4,0 კილოგრამია, ყოჩებისა 5,5 კილოგრამი, ხოლო სუფთა მატყლის გამოსავალი 60% - ს აღწევს. საუკეთესო ყოჩების კანძის წონა 7,0 კილოგრამია, საუკეთესო ნერბებისა კი 6,4 კილოგრამამდე. მატყლი თეთრია და, უპირატესად, 46-56 ხარისხისაა. ნაყოფიერი ცხვარია. 100 ნერბზე 130 - 145 კრავი მოდის.