ლეიკ პლესიდის ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები (1980)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გახსნის ცერემონია

ლეიკ პლესიდის ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა აშშ-ში, ლეიკ პლესიდში 1980 წლის 13-24 თებერვალს.

ლეიკ პლესიდს, ისევე, როგორც სენტ მორიცსა და ინსბრუკს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მეორედ ერგო. ამასთან, დიდი ძალისხმევის გარეშე, რადგან ლეიკ პლესიდის ერთადერთმა მეტოქემ – კანადის ვანკუვერმა, ხმის მიცემის დაწყებამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა.

წარწერის ტექსტი

ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები ცივი ომის პერიოდს დაემთხვა. დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის დაძაბულობაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრამ. აშშ-ის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ამავე წელს მოსკოვში ჩასატარებელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების მოთხოვნითაც გამოვიდა, ლეიკ პლესიდს კი ამ მხრივ, საფრთხე არ დამუქრებია. ერთადერთი, ვინც XIII თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა, ტაივანი იყო, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის სახელით გამოსვლას ითხოვდა და არა „ჩინეთის ტაიბეის“, როგორც ეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურდა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდა ჩინეთი და კოსტა რიკა, ხოლო კვიპროსი ზოგადად ოლიმპიადებში მონაწილეობას ლეიკ პლესიდიდან შეუდგა. ორგანიზატორებმა 1980 წლის ოლიმპიადისთვის ცოცხალი თილისმა – ენოტი, სახელად როკი შეარჩიეს, მაგრამ არ გაუმართლათ, რადგან თამაშების დაწყებამდე მოკვდა, მისი ადგილი კი „რონიმ“ დაიკავა.

ლიხტენშტაინელმა ჰანი ვენცელმა სლალომსა და გიგანტურ სლალომში იზეიმა ჩემპიონობა

XIII თამაშები ტრიუმფად იქცა ამერიკელი ერიკ ჰეიდენისთვის. მან ციგურებით რბოლაში უნიკალურ შედეგს მიაღწია, როცა ვაჟთა 5 დისციპლინაში (500, 1000, 1500, 5000, 10 000 მ.) გათამაშებული ხუთივე ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამასთან, 10 ათას მეტრზე მსოფლიოს, დანარჩენებში კი ოლიმპიური რეკორდები დაამყარა. ერთ კონკრეტულ ზამთრის ოლიმპიადაზე მსგავსი შედეგისთვის დღემდე არავის მიუღწევია (2018 წლის ჩათვლით). საინტერესოა, რომ ქალ პრიზიორთა შორისაც იყო ჰეიდენის გვარის წარმომადგენელი – ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონის უმცროსი და – ბეტ ჰეიდენი, რომელმაც 3000 მეტრზე ბრინჯაოს ჯილდო დაიმსახურა. ერიკ ჰეიდენის 5 ოქროს შემდეგ, ამერიკელებმა 1 უმაღლესი სინჯის მედალი ჰოკეიშიც მოიპოვეს. ფაქტობრივად, სტუდენტებისგან შემდგარი აშშ-ის ნაკრების გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მორიგ ჩემპიონობას სსრკ-ის გუნდისგან ელოდნენ, რომელმაც ოლიმპიადამდე ერთი კვირით ადრე „მედისონ სკვერ გარდენში“ მოწყობილ საკონტროლო შეხვედრაში ამერიკელები 10:3 დაამარცხა.

სამთომოთხილამურეთა შორის საუკეთესო შედეგებს მიაღწია ინსბრუკის თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, შვედმა ინგემარ სტენმარკმა. ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოთხილამურე საუკეთესო იყო სლალომსა და გიგანტურ სლალომში. ქალებში გამოირჩა ლიხტენშტაინის წარმომადგენელი ჰანი ვენცელი. მან სტენმარკის მსგავსად ტექნიკურ დისციპლინებში – სლალომსა და გიგანტურ სლალომში იზეიმა ჩემპიონობა, სწრაფდაშვებაში კი მეორე იყო. აღსანიშნავია, რომ ვენცელი თავისი ქვეყნის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჩემპიონია, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშებზე (2018 წლის ჩათვლით). ლეიკ პლესიდში მისი უმცროსი ძმა – ანდრეასიც გამოდიოდა და გიგანტურ სლალომში ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ეს იყო პირველი ოლიმპიადა, სადაც ხელოვნური თოვლი გამოიყენეს და ბოლო, სადაც სამთომოთხილამურეთა ასპარეზობებს მსოფლიოს ჩემპიონატის დატვირთვა ჰქონდა.

ბიათლონში (4X7.5) ზედიზედ მეოთხე ოქრო მოიპოვა სსრკ-ის წარმომადგენელმა ალექსანდრ ტიხონოვმა, ხოლო სამგზის ჩემპიონი გახდა მისი თანაგუნდელი ნიკოლაი ზიმიატოვი, რომელიც ბარის თხილამურობაში იყო საუკეთესო.

დრამატული გამოდგა თხილამურებით რბოლა 15 კილომეტრზე. შვედმა ტომას ვასბერგმა ფინელ იუჰა მიეტოს 0.01-წამიანი უპირატესობით აჯობა, რაც ამ სახეობათა ოლიმპიურ ისტორიაში პირველ და მეორე ადგილებს შორის ყველაზე მცირე ინტერვალია. საინტერესოა ისიც, რომ გამარჯვების შემდეგ შვედმა ფინელს მედლის შუაზე გაჭრა და მისი გაყოფა შესთავაზა, მაგრამ მიეტომ ვასბერგის წინადადებაზე უარი თქვა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები