ლისიპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლისიპოსი – ძვ.წ. IV ს-ში (370-300 წწ.) მოღვაწე დიდი მოქანდაკე, გვიანი კლასიკის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. ძველი ავტორების ცნობით, იგი გასაოცარი შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა და 1500-მდე ნამუშევარი ჰქონდა შექმნილი. მათ შორის იყო ღმერთების კოლოსალური ფიგურები და ჰერაკლეს თორმეტივე გმირობის ამსახველი სკულპტურული ჯგუფები.

სარჩევი

შემოქმედება

ლისიპოსს ახალ ვითარებაში უწევდა მუშაობა. საბერძნეთი მაკედონიამ დაიპყრო, ალექსანდრე მაკედონელმა უზარმაზარი იმპერია დააარსა დუნაის ნაპირებიდან ინდამდე, ლისიპოსი კი მისი კარის ოსტატი იყო. ამიტომაც მისი შემოქმედება გარდამავალი დროის დამახასიათებელ სხვადასხვა ტენდენციას შეიცავს. მასთან ვხვდებით როგორც ცხოვრებისეული რეალიზმით აღბეჭდილ კამერულ ნამუშევრებს, ისე საპარადო ხასიათის მონუმენტურ ქანდაკებებსაც. გადმოცემით ვიცით, რომ ლისიპოსმა შექმნა ალექსანდრე მაკედონელის, ამ უდიდესი მხედართმთავრის, ერთ-ერთი სახელოვანი გამარჯვების აღსანიშნავი დიდი კომპოზიცია − „ბრძოლა გრანიკოსთან“, რომელიც 25 ნატურალური ზომის ცხენოსანი ფიგურისაგან შედგებოდა. ლისიპოსის დიდი ზომის ქანდაკებათაგან ასევე ცნობილია მისი გრანდიოზული, ზევსის 20-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ცნობებს მის შესახებ პლინიუსთან ვხვდებით: „მასში გვანცვიფრებს ის, რომ შესაძლებელია მისი ხელით ამოძრავება, მაშინ, როცა ქარიშხალი ვერაფერს დააკლებს: ასეა გაანგარიშებული მისი წონასწორობა“. როგორც ამ აღწერიდან ჩანს, ლისიპოსმა აქ გარკვეული მათემატიკური გამოთვლები და საინჟინრო ხერხები გამოიყენა. ეს ქანდაკება, თავისი გრანდიოზულობითა და ადამიანის მასშტაბთან შეუთანხმებლობით გარკვეულწილად წინ უსწრებს მომდევნო, ელინიზმის ეპოქაში ფართოდ გავრცელებულ კოლოსებს. ასეთ გრანდიოზულ ქანდაკებებთან ერთად ლისიპოსი ქმნის პატარა, კამერულ კომპოზიციებსაც. ცნობილია, რომ მის მიერ შექმნილი ჰერაკლეს მცირე ზომის ბრინჯაოს ფიგურა ალექსანდრე მაკედონელის საყვარელი ქანდაკება იყო.

აპოქსიმენოსი
ლისიპოსი. აპოქსიმენოსი. რომაული ასლი

ლისიპოსის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძვ.წ. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში ბრინჯაოსაგან შექმნილ ე.წ. „აპოქსიმენოსს“ (ათლეტი, რომელიც ხვეტიათი იწმენდს მტვერს), რომელმაც ჩვენამდე მარმარილოს რომაული ასლის სახით მოაღწია.

ეს არის ჭაბუკის ფიგურა, რომელიც სპორტული შეჯიბრების შემდეგ სხეულიდან საგანგებო საფხეკით მტვერს იცილებს. ჭაბუკი მარცხენა ფეხს ეყრდნობა, მარჯვენა კი უკან და განზე აქვს გადგმული; სხეული ოდნავ წინ არის გადმოხრილი და თანაც შეტრიალებული. მისი ხილვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ჭაბუკი ერთი ფეხიდან მეორეზე გადაინაცვლებს, ამიტომაც მის პოზაში სიმყარე არ იგრძნობა. იგი თითქოს ბალანსირებს და მოძრაობს ჩვენს თვალწინ. ფიგურა, თუ შეიძლება ითქვას, ერთგვარი არამდგრადი წონასწორობის მომენტშია გამოსახული. მისი ბრუნი სივრცეში აიძულებს მნახველს, გარს შემოუაროს, რათა სხვადასხვა ხედვის წერტილიდან მთელი სისავსით აღიქვას მისი ურთულესი ნიუანსებით აღსავსე მოძრაობა. ამ მომენტში მის თვალწინ ფიგურა სულ სხვადასხვა ასპექტით წარდგება, შთაბეჭდილებებიც განსხვავებული იბადება: თუ ფიგურა წინიდან ერთგვარ ენერგიულობას ასხივებს, გარს შემოვლისას ამ ენერგიას თითქოს თანდათან, აღქმის პროცესში ცვლის დაღლილობისა და მოდუნების შეგრძნება. შთაბეჭდილებათა ამგვარი მოულოდნელი ცვლილება გვიანი კლასიკის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანია. გარდა ამისა, გვიან კლასიკაზე მიგვანიშნებს მისი სახის ზოგიერთი დეტალიც – ღრმად ჩასმული თვალები, შუბლზე ოდნავ შესამჩნევი ნაოჭი – ბრძოლით გამოწვეული ფიზიკური დაღლილობის გამომხატველი. ეს უკვე აღარ არის იდეალური გმირი, რომლისთვისაც უცხოა დაღლილობა.

ალექსანდრე მაკედონელი
ლისიპოსი. ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტი. ძვ.წ. IV ს-ის ბოლო მეოთხედი

ლისიპოსის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პორტრეტს. აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ალექსანდრე მაკედონელის თავი, რომელიც ელინიზმის ხანის ასლის სახით შემოგვრჩა და რომელიც, ალბათ, ძალზე ახლოსაა ორიგინალთან.

ამ პორტრეტში ავტორი არ ისახავდა მიზნად ალექსანდრე დიდის ინდივიდუალური გარეგნული თუ შინაგანი სახასიათო ნიშნების გადმოცემას, აქ გარკვეულწილად მაინც სახის იდეალური ტიპია მოცემული, ანუ ეს ჯერ კიდევ არაა პორტრეტი სრული სისავსით. და მიუხედავად ამისა, ალექსანდრე მაკედონელის ამ სახეში, გარკვეულწილად, მაინც იგრძნობა ადამიანის შინაგანი სამყაროს გახსნის მცდელობა. თავის ენერგიული ბრუნი და უკან გადაყრილი თმები ერთგვარ პათეტიკურობას ანიჭებს სახეს. ამასთან, შუბლზე ჩაკვეთილი ნაოჭები, შეფიქრიანებულ-შეწუხებული მზერა, ოდნავ გახსნილი ბაგეები მშფოთვარე, დრამატულ ელფერს სძენს მისი სახის გამომეტყველებას. ამ პორტრეტში საკმაოდ ძლიერად ვლინდება ადამიანის ვნებათა ღელვა და შინაგანი დაძაბულობა, რაც ამ ეპოქის საერთო სულისკვეთებას გამოხატავს და ამ მხრივ, ერთგვარ განზოგადებულ სახედაც შეიძლება აღვიქვათ. მაგრამ, ამავე დროს, ეს პორტრეტი უკვე ერთი ნაბიჯია გაიდეალებული გმირის სახიდან კონკრეტული ადამიანის გამოსახვისაკენ, ნამდვილი პორტრეტისაკენ.



წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები