ლიფტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიფტი

ლიფტი − (ინგლ. lift აწევა), წყვეტილი მოქმედების სტაციონალური საწეველა ადამიანებისა და ტვირთის შვეული ტრანსპორტირებისათვის შენობის, ნაგებობის, გემის ან სხვა სტრუქტურის სართულებს შორის, კაბინის ან პლატფორმის გადაადგილებით ხისტი მიმმართველების მეშვეობით. ლიფტი, როგორც წესი, იკვებება ელექტროძრავებისაგან, რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავთ ბაგირები, საპირწონე სისტემები ან ჰიდრავლიკური დომკრატები. არქიტექტორ ვიტრუვის მიხედვით პირველი შვეულად გადაადგილებადი საწეველა შექმნა ძვ. წ. 236 წელს არქიმედემ; უფრო მოგვიანებით ლიფტის ხსენება თარიღდება VI საუკუნით (წმინდა ეკატერინეს მონასტერი, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა). პირველი სამგზავრო ლიფტი დამონტაჟებული იქნა ლითონის კარკასის მქონე ცათამბჯენში ნიუ იორკში (აშშ), რომელიც აღჭურვილი იყო ე. ოტისის გამოგონებული უსაფრთხოების სისტემით (საავარიო დამჭერებით); ენერგიის წყაროდ გამოყენებული იყო ორთქლის მანქანა.

1867 წელს პარიზის (საფრანგეთი) გამოფენაზე წარადგინეს ჰიდრავლიკური ლიფტი, რომელიც მალევე დამონტაჟებული იქნა ეიფელის კოშკზე. პირველი ელექტრული („ოტისის” ფირმის) ლიფტი კი 1889 წელს ამუშავდა ერთ-ერთ ცათამბჯენზე ნიუ იორკში. დანიშნულების მიხედვით არსებობს ლიფტის სახეები: სამგზავრო, სატვირთო, სატვირთო-სამგზავრო, საავადმყოფოს, სამრეწველო და სატვირთო პლატფომა;
კონსტრუქციის მიხედვით: სატვირთო მონორელსით, პნევმოლიფტი, ჰიდრავლიკური, საინვალიდო, სამშენებლო, მაკრატელისებრი, ავტომანქანების პარკირების სისტემის, პანორამული, საოჯახო, გემისა და სხვ.;
მდებარეობის მიხედვით: შენობის შიგა და გარეთა;
ამძრავის კონსტრუქციის მიხედვით (რედუქტორით ან რედუქტორის გარეშე): ელექტრული, ჰიდრავლიკური და პნევმატიკური.

ელექტროამძრავიანი ლიფტის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: კაბინა, ბაგირი, ელექტროძრავა, საპირწონე, ხისტი მიმმართველები, შახტი, საავარიო დამჭერები, ბუფერი, ელექტრონული მოწყობილობა (უსაფრთხოება, განათება), სამართავი პუნქტი.

საშუალოდ ლიფტების სამსახურის ვადაა დაახლოებით 25 წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ აუცილებელია ლიფტმა გაიაროს დიგნოსტკური ტექნიკური კონტროლი. ლიფტის სავალი ნაწილის ცვეთის დამახასიათებელი ნიშნებია: ლითონის ნაწილების ზედაპირების ხახუნის ხმა, კაბინის გამოსვლა შვეული მდგომარეობიდან (გადახრა), კაბინის გადაადგილების (მოძრაობის) უთანაბრობა, ვიბრაცია კაბინის მოძრაობისას, სართულებზე გაჩერების საპროექტო დონის დარღვევა (არ უნდა არემატებოდეს 35 მმ-ს), კაბინის ან შახტის მთლიანობის დარღვევა და სხვ.

სამგზავრო ლიფტის მოძრაობის სიჩქარეა დაახლოებით 0,5-5 მ/წმ, სატვირთოსი – 0,18-0,5 მ/წმ. 2017 წლისთვის ყველაზე სწრაფია Mitsubishi Electric Corporation-ის (იაპონია) წარმოების ლიფტი, რომელიც დამონტაჟებულია შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრის შენობაში (ჩინეთი) – სიჩქარე 20,5 მ/წმ (დამონტაჟდა 2016 წლის 7 ივლისს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ-ხალიფას (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) ლიფტების სიჩქარეა 10 მ/წმ. ლიფტების მექანიკური და ელეტრონული დაპროექტება ხდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, რომლებიც შეიძლება იყოს საერთაშორისო, ნაციონალური, სახელმწიფო, რეგიონალური ან საქალაქო. ლიფტის ვარგისიანობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დამპროექტებელს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები