მათემატიკური ენციკლოპედიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათემატიკური ენციკლოპედიები – სტატიები მათემატიკასა და მათემატიკოსებზე სხვადასხვა სახის საცნობარო გამოცემებში – ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში – გამოჩნდა დაახლოებით მე-17 საუკუნის დასასრულსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში.

მათემატიკური ენციკლოპედიის სახით ერთ-ერთი პირველი წარმატებული გამოცემა იყო 1728 წელს ინგლისელი ე. ჩეიმბერსის 2-ტომეული „ციკლოპედია, ანუ ხელოვნების და მეცნიერების საერთო ლექსიკონი“

უფრო ცნობილი იყო საფრანგეთში 1751 – 1780 წლებში 35 ტომად გამოსული „ენციკლოპედია, ანუ მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის განმარტებითი ლექსიკონი“. ამ გიგანტური ნაშრომის რედაქტორი თავიდან ბოლომდე იყო გამოჩენილი მწერალი და განმანათლებელი დ. დიდრო, რომელმაც სტატიების დასაწერად მიიზიდა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი და მოაზროვნე; მათემატიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა იმ დროის უდიდესი მათემატიკოსი და მექანიკოსი ჟ. დალამბერი, რომელმაც ენციკლოპედიაში მოათავსა მთელი რიგი შესანიშნავი სტატია მათემატიკისა და მექანიკის სხვადასხვა დარგებიდან. შემდგომ, ამ ენციკლოპედიაში მოთავსებული სამეცნიერო სტატიები ცალკე, სამეცნიერო დისციპლინების მიხედვით გამოიცემოდა საერთო სახელწოდებით „სისტემატური ენციკლოპედია“. 1782 – 1832 წლებში გამოიცა 199 ტომი, მათ შორის ცალკე ტომად ყველა სტატია მათემატიკის შესახებ.

XVIII - XIX საუკუნეების განმავლობაში ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში შეიქმნა მრავალრიცხოვანი ენციკლოპედიები ეროვნულ ენებზე. მათ შორის აღნიშვნის ღირსია „ბრიტანულო ენციკლოპედია“ (1768 – 1783 წლები), გერმანულ ენაზე ფ. ა. ბროკჰაუზის ფირმის მიერ გამოცემული ენციკლოპედიები (1772 – 1783), ფრანგული 17 ტომიანი „XIX საუკუნის დიდი საყოველთაო ლექსიკონი“ (1865 – 1890); 1806 – 1865 წლებში რუსეთში ა. პლიუშარის მიერ გამოცემული „ენციკლოპედიური ლექსიკონი“; 1873 – 1879 წლებში პეტერბურგში 17 ტომად გამოსული „რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი“.

მათემატიკური სტატიების რაოდენობითა და ხარისხით საუკეთესო იყო 1890 – 1907 წლებში ფ. ბროკჰაუზისა (ლაიპციგი) და ი. ეფრონის (პეტერბურგი) ფირმების მიერ გამოცემული მრავალტომიანი „ენციკლოპედიური ლექსიკონი“, სადაც საკმაოდ შინაარსიანი და მრავალრიცხოვანი სტატია მიძღვნილია ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებისადმი.

მათემატიკისა და მათემატიკოსებისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩევა „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ (1-ლი გამოც. 1926-1947 წლები, 65+1 ტომი; მე–2 გამოც. 1950–1958 წლები, 50+1 ტომი; მე-3 გამოც. 1969–1978 წლები, 30 ტომი).

პირველი სპეციალიზირებული მათემატიკური ლექსიკონი გამოჩნდა XVII ს-ში; იგი შეადგინა იტალიელმა ჯ. ვიტალემ – „მათემატიკური ლექსიკონი“ (1668); შემდგომ, ინგლისელმა ჯ. მოკსონმა გამოსცა „ხელმისაწვდომი მათემატიკა, ანუ მათემატიკური ლექსიკონი“ (1679); ფრანგმა ჟ. ოზანამმა 1690 წ-ს გამოსცა „მათემატიკური ლექსიკონი“. გაცილებით სრული და უფრო სასარგებლო იყო ქ. ვოლფის ანბანური „მათემატიკური ლექსიკონი“, რომელიც ლაიფციგში გამოვიდა 1716 წ-ს. ყურადსაღებია აგრეთვე გ. კლიუგელის „მათემატიკური ლექსიკონი“ (1803-1808).

თანამედროვე სპეციალიზირებულ მათემატიკურ ენციკლოპედიებიდან საჭიროა აღინიშნოს ი. ნაზის და გ. შმიდის „მათემატიკური ლექსიკონი“, ორი ტომი, გერმანულ ენაზე (1974), იაპონური „ენციკლოპედიური მათემატიკური ლექსიკონი“ ოთხ ტომად, (1987) და ი. ვინოგრადოვის რედაქციით გამოსული რუსულენოვანი ხუთტომეული „მათემატიკური ენციკლოპედია“ (1977 – 1985).

საინტერესოა მ. აქსიონოვას რედაქტორობით „ავანტას“ მიერ რუსულ ენაზე გამოცემული „ენციკლოპედია ბავშვებისათვის (მათემატიკა)“ (ტ11; 2002 წ.), აგრეთვე გერმანული ერთტომეული „მცირე ენციკლოპედია“ (1965).

მათემატიკასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე პირველი „მათემატიკური ტერმინების ლექსიკონი“ შედგენილი და გამოცემული იქნა 1928-1930 წლებში, რომელიც გადახალისებული და დაზუსტებული სახით კვლავ გამოიცა 1949 წ-ს. ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის დამუშავებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით მათემატიკოსებს ა. რაზმაძეს, გ. ნიკოლაძეს, ნ. მუსხელიშვილს, ა. ხარაძეს, გ. ჭოღოშვილს და სხვ. და ენათმეცნიერებს გ. ახვლედიანს, ვ. ბერიძეს, ა. შანიძეს და სხვ. 1977 წელს რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედაქციით გამოიცა „ტექნიკური ტერმინოლოგია“. რომელიც ადრე ქართულ ენაზე გამოცემულ ამავე ტიპის ტერმინოლოგიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი იყო, მაგრამ მასში შეტანილი მრავალი მათემატიკური ტერმინი უფრო მეტ დახვეწასა და დაზუსტებას საჭიროებს. პირველი გამოცემა, რომელიც მათემატიკის თითქმის ყველა დარგიდან საკმაოდ დიდი მოცულობის საცნობარო მასალას მოიცავს არის 1975-1987 წლებში 11 ტომად გამოცემული „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“.

მათემატიკისადმი მიძღვნილი პირველი, ქართული ენციკლოპედიური ცნობარი გამოიცა 2001 წელს წელს - „მათემატიკა, მექანიკა ტერმინები, ცნებები, განსაზღვრებები“ (ავტორი ნ. მახვილაძე, რედაქტორი ჯ. შარიქაძე), რომელიც მოიცავს ორიათასზე მეტ სტატიას მათემატიკისა და მექანიკის სხვადასხვა დარგებში გამოყენებული ტერმინებისა და ცნებების წარმოშობისა და შინაარსის შესახებ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები