ენციკლოპედიური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენციკლოპედიური ლექსიკონი – სამეცნიერო ან სამეცნიერო-პოპულარული საცნობარო გამოცემა,რომელშიც შეკუმშული და სისტემური სახით ასახულია ამა თუ იმ ეპოქის მეცნიერულ-კულტურული დონე. ლინგვისტური ლექსიკონისაგან განსხვავებით, რომელშიც სიტყვის მნიშვნელობებია ახსნილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი ორიენტირებულია ცნებათა ახსნაზე, საგანთა, მოვლენათა აღწერაზე და ა. შ. თავისი ხასიათით ენციკლოპედიურია ტერმინოლოგიური და ბიოგრაფიული ლექსიკონებიც.

შინაარსის მიხედვით ენციკლოპედიური ლექსიკონები სხვადასხვა ტიპისაა: უნივერსალური – წარმოგვიდგენს არსებით ინფორმაციას ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა სფეროდან; დარგობრივი – ორიენტირებული ერთ რომელიმე დარგზე (რუს. ენაზე გამოცემული ენციკლოპედიები: „ლიტერატურული ენციკლოპედია“ (10 ტომი, 1928–39); „ლინგვისტური ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (1990)): რეგიონალური – ეხება ერთ რომელიმე მხარეს, ქვეყანას, ქალაქს (ენციკლოპედია „თბილისი“, 2002; სპეციალური – ეხება ცალკეულ თემას. სტრუქტურის (მასალის განლაგების) მიხედვით განსხვავებულია ანბანური (მასალა დალაგებულია ანბანთ-რიგზე), სისტემური (მასალა გაშუქებულია თემატურ ციკლებად) და შერეული (ანბანურ-სისტემური) ენციკლოპედიური ლექსიკონები.

სარჩევი

ენციკლოპედიური ხასიათის შრომები

ენციკლოპედიური ხასიათის შრომები უძველესი დროიდანაა ცნობილი ძვ. ეგვიპტეში, ძვ. ჩინეთში, ძვ. საბერძნეთში, ძვ. რომში, შუა საუკუნეებიდან კი – ევროპაში, არაბულენოვან სამყაროში. ტერმინი „ენციკლოპედიის“ მნიშვნელობა ყოველთვის ერთი და იგივე არ ყოფილა. ანტიკურ სამყაროში იგი ზოგად-საგანმანათლებლო ცოდნის ელემენტარულ კრებულებს აღნიშნავდა. XVI ს. დასავლეთ ევროპაში ახალი მნიშვნელობით – „სხვადასხვა შინაარსის კრებულის“ გაგებით – გამოიყენებოდა. შემდეგ თანდათანობით მიიღო დღევანდელი სახე. ეს ტერმინი სისტემატურად განლაგებული მასალის აღსანიშნავად პირველმა გამოიყენა ი. გ. ალშტედმა 1620 („ფილოსოფიური კურსის ენციკლოპედია“, 1728 კი – ეფ. ჩემბერსმა, რომლის შრომაშიც მასალა ანბანთრიგზე იყო გაწყობილი. ენციკლოპედიური ლიტერატურის ფართო გავრცელებას სათავე დაუდო დ. დიდროსა და ჟ. დალამბერის რედაქციით გამოცემულმა 35-ტომიანმა დიდმა ფრანგულმა ენციკლოპედიამ (1751-80). მსოფლიო ენციკლოპედიური აზროვნების უდიდეს მონაპოვრად ითვლება ინგლისის ეროვნული ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (I გამოც. 1768–71), „ბროკჰაუზის“ სახელწოდებით ცნობილი გერმანული ენციკლოპედიების გამოცემები (1808-იდან), ამერიკული ენციკლოპედია „ამერიკანა“ (1903–04), იტალიური – „იტალიანა“ (1929-39), ჰ. ლარუსის ფრანგული ენციკლოპედიები (XIX-XX სს.) და სხვ. რუსეთშიც გამოიცა მნიშვნელოვანი ენციკლოპედიები: პავლენკოვის (1899), გრანატის (1891-იდან), ბროკჰაუზისა და ეფრონის (1890-1907), „დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“ (1926-47, 66 ტომი; მე-2 გამოც., 1950-58, 51) ტომი; მე-3 გამოც. 1969-78, 30 ტომი).

ენციკლოპედიური ხასიათის თხზულებები საქართველოში

საქართველოში ტერმინი „ენციკლოპედია“ XVIII ს-იდან იხმარება, თუმცა ძვ. ქართული მწერლობის ძეგლთა შორის მრავალფეროვანი შინაარსისა და საკითხთა სისტ. განლაგების გამო ბევრი მათგანი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ენციკლოპედიური ხასიათის თხზულებად (მრავალთავები, სწავლანი, საეკლესიო ჰიმნოგრაფიული, პოლემიკურ-დოგმატური თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური კრებულები). მაგ. იოანე-ზოსიმეს მიერ შედგენილი კრებულის (956) იადგარულ ნაწილში ავტორს განხილული აქეს იმდროინდელი საქართველოს ჰიმნოგრაფიული ძეგლები – არქაულიც (VII-IX სს.) და თანადროულიც (X ს), მათთვის მიუწერია „ძუელნი“ და „ახალნი“. საქართველოში არსებული ნათარგმნი თუ ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა თავმოყრილია X ს. მოღვაწის მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილ კრებულში (978–988), რომელშიც საგალობლებს მიწერილი აქეს ავტორთა სახელები და გალობის ნიშნები. თემის მრავალმხრივი განხილვისა და საკითხების სისტემ. განლაგების გამო თემატური ენციკლოპედიის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ ეფთვიმე მთაწმიდელის მათეს სახარების იოანე ოქროპირის თარგმანის კომენტარები, გიორგი მთაწმიდელის თვენი.

ეფთვიმესა და გიორგის განმანათლებლური მოღვაწეობა გააგრძელა ეფრემ მცირემ. მან თარგმანის ტექსტის გაგებისათვის საჭირო შენიშვნები შეიტანა არა ტექსტში, არამედ – წინასიტყვაობაში, ანდერძსა და სქოლიო-კომენტარებში. ფილოლოგიურ-ლექსიკოლოგიური და გრამატიკული ხასიათის ეს კომენტარები მეცნიერულ-საცნობარო აპარატის როლს ასრულებს და ეფრემ მცირის თხზულებებს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ეგზეგეტიკური თხზულება „ფსალმუნთა განმარტება“, რომელსაც ახლავს ანბანურ რიგში გაწყობილი ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ცნებათა განმარტებები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი „დოგმატიკონი“, რომლის ხელნაწერის კიდეებზე მრავლადაა არსენის ხელით მიწერილი საღვთისმეტყველო ცნებათა განმარტებების შემცველი სქოლიო-შენიშვნები. ქართული ფილოსოფიის და ენციკლოპედიური აზროვნების ჩამოყალიბებას, აგრეთვე სამეცნიერო-ფილოსოფიური ტერმინებისა და ცნებების შემუშავება-დამკვიდრებას დიდი ამაგი დასდო იოანე პეტრიწმა. მან პროკლე დიადოქოსის თხზულების „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის“ თარგმანი გააღრმავა და გაამდიდრა კომენტარებითა და შენიშვნებით, დაურთო ბოლოსიტყვაობა, რომელშიც მისი თეოლოგიური სისტემაა ჩამოყალიბებული. წინამორბედ მოღვაწეთა ტრადიციებს აგრძელებს ანტონ I. მისი დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულება „მზამეტყველება“ საკვლევი თემის ყოველმხრივი და სისტემ. განხილვით ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს.

ახალი ეტაპი ქართული ენციკლოპედიური აზროვნების განვითარებაში იწყება სულხან-საბა ორბელიანის ,„ლექსიკონი ქართულით“, მისი ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობის გამგრძელებელნი არიან დავით და იოანე ბატონიშვილები. ისინი ცდილობდნენ, „ლექსიკონი ქართულისათვის“ უფრო მეტად მიეცათ ენციკლოპედიური ხასიათი: ამატებდნენ ახალ ტერმინებს, ბევრ სიტყვას ურთავდნენ უცხო შესატყვისებს, კომენტარს, წყაროთა დასახელებებს, იყენებდნენ უახლეს სპეციალურ ლიტერატურას. დავით ბატონიშვილს 1788 შეუდგენია „მითოლოგიური ლექსიკონი“ გ. ჩელკოვის ამავე სახელწოდების ლექსიკონის მიხედვით; მისი ერთ-ერთი წყაროა ფსევდონინეს მითოლოგიური კომენტარების ეფრემ მცირისეული თარგმანი. მითოლოგიური გმირებისა და სამყაროს ყოველმხრივი აღწერა-დახასიათება ლექსიკონს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს. ენციკლოპედიური ხასიათისაა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ („ხუმარსწავლა“), რომელიც მკითხველს იმ დროის მეცნიერულ მიღწევებს აცნობს.

XIX ს-იდან ტერმინი „ენციკლოპედია“ მყარად იკიდებს ფეხს როგორც თარგმანებში, ისე ორიგინალურ თხზულებებში. ასეთია, მაგ., „ყმათა ენციკლოპედია ანუ ახალნი შემოკლებულნი ჰსწავლანი ყოვლისა გვარისანი“, რომელიც იოანე ბატონიშვილის დავალებით რუსულიდან უთარგმნია ი. ბაბლაძეს (ინახება ხელნაწერის სახით).

1823 პეტერბურგში დაიბეჭდა გ. ჩუგუნაშვილის (ჩუგუნოვის) „ენციკლოპედია ანუ შეკრებულება ზნეობათა სწავლათა ჰასრთანი და განსჯანი სხუათა და სხუათა თავთათვს და აღსხმული ანბანთა ზედა“. ეს ნაშრომი პირველი გამოცემაა, რომლის სათაურშიც არის ტერმინი „ენციკლოპედია“. 1898–99 თბილისში გამოიცა ი. როსტომაშვილის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი – „სალარო ცოდნისა“ 4 ტომად. შემდეგ რამდენჯერმე სცადეს ენციკლოპედიის გამოცემა (1904 – ამხანაგობა „ცისკარმა“, 1912 – ბაქოში მცხოვრებმა ქართველებმა, 1914 – გ. რუკავიშნიკოვმა), მაგრამ უშედეგოდ.

1927 თბილისში დაიბეჭდა იუსტ. აბულაძის „რუსულ-ქართული ლექსიკონი სალიტერატურო, საპოლიტიკო და უცხო სიტყვათა და ტერმინთა ჩათვლით“ (I ნაწ, რომელიც შინაარსითა და შედგენილობის პრინციპით ენციკლოპედიური ხასიათისაა.

ენციკლოპედიის გამოცემა XX ს-ის 30-იან წლებშიც სცადეს. საკ. კჰ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის დადგენილებით (1932) შეიქმნა სარედაქციო კოლეგია „ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის“ მოსამზადებლად. 1936-თვის დაიწყეს ტექსტის აწყობა, მაგრამ იმ პერიოდში შექმნილ ვითარებათა გამო მასზე მუშაობა 1940 შეწყდა.

XX ს. 60-იან წლებში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის შექმნა ი. აბაშიძის ხელმძღვანელობით (1966–92 – მთ. რედაქტორი ი. აბაშიძე, 1992-2006 – ა. საყვარელიძე, 2006-იდან – ზ. აბაშიძე). 1975–87 წლებში გამოიცა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 12 ტომი (11 ძირითადი, I სპეც. ტომი „საქართველოს სსრ“ – 2 წიგნად ქართ. და რუს. ენებზე). ამავე რედაქციამ დაიწყო მომზადება ენციკლოპედიისა „საქართველო“, რომლის პირველი ტ. გამოვიდა 1997 (მთ. რედ. ა. საყვარელიძე), 2002 კი გამოიცა ენციკლოპედია, „თბილისი“. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პირველი პერსონალური (ბიოგრაფიული) ენციკლოპედიური ლექსიკონი „ივანე ჯავახიშვილი“ (მთ. რედაქტორი აკად. რ. მეტრეველი).

ლ. კიკნაძე


ლიტერატურა

ყიფიანი ი. ნარკვევები ენციკლოპედიური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1987.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები