მასკანი პიეტრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პიეტრო მასკანი − (7 დეკემბერი 1863, ლივორნო – 2 აგვისტო 1945, რომი), იტალიელი კომპოზიტორი. სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. 1885-იდან იგი დირიჟორობდა ოპერისა და ოპერეტის თეატრებში, 1895- 1902 პეზაროს მუსიკალური ლიცეუმის დირექტორი იყო. მას საყოველთაო აღიარება მოუტანა ოპერა „სოფლის ღირსებამ“ (ჯ. ვერგას პიესის მიხედვით, 1890, თეატრი „კონსტანცი“, რომი), რომელმაც ლეონკავალოს „ჯამბაზებთან“ ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ საოპერო მიმართულებას – ვერიზმს. იგი იდგმება მსოფლიოს მრავალ სცენაზე, ნაწყვეტები სრულდება კონცერტებზე. მასკანის ეკუთვნის კიდევ რამდენიმე ოპერა, ოპერეტები, საორკესტრო ნაწარმოებები, კინომუსიკა.