მაჩხანის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჩხანის ეკლესია

მაჩხანის ეკლესია - (ინგლ. Machkhan Church), არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ დიღმის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. აგებულია IX საუკუნის შუა ხანებში.

ეკლესია დარბაზულია (7,4X4,6 მ), ნაგებია თლილი ქვით. გარედან შემოსილია შირიმის ქვით. დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარის დასავლეთ მონაკვეთი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და ღრმა ნიშია. ერთი სარკმელი სამხრეთის კედელშია. ცილინდრული კამარა კაპიტელებიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს ეყრდნობა. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

სამხრეთის ფასადზე ჯვრებია გამოსახული, ხოლო კარის არქიტრავის ქვაზე სამშენებლო წარწერაა. ქართული ასომთავრულ, წარწერაში ჩართულია არაბული ტექსტი, ორივე ტექსტის მიხედვით ეკლესია აუგია ჰომად კიტრისძეს. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის მარჯვნივ, არის კიდევ ერთი წარწერა („ქ სახელითა ღმრთისაითა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა შეწევნითა წმიდისა თევდორესითა აეშენა საყდარი ესე დიდგორის ხევისუფლობასა გელსაბისაი (გულსაბისაი?) ქალაქისა უფლობასა ამირაისა ღიავარისა (?) იოვანეს უფალო შეუნდვენ ამინ“). ეკლესიას შემოვლებული აქვს უწყვეტთაღედიანი ქვის ლავგარდანი. ეკლესიის ირგვლივ ფეოდალური ხანის ნასოფლარია, რომელიც ამჟამად ტყით არის დაფარული. შემორჩენილია ქვის შენობებისა და კლდეში გამოკვეთილი სამალავი ქვაბის ნაშთები.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები