მეიდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

მეიდუმი – ადგილი, სადაც ფარაონმა სნოფრუმ (IV დინასტია) ააგო ერთ-ერთი თავისი სამი პირამიდიდან.

სნოფრუს არქიტექტორები, სავარაუდოდ, სრულყოფილი პირამიდის ფორმის ძიებაში იყვნენ და საბოლოოდ ააგეს „მეიდუმის პირამიდა“, რომელიც თავისი ფორმით პირველი გეომეტრიულად სრულყოფილი პირამიდა იყო. მდებარეობს კაიროდან დაახლოებით 75კმ. სამხრეთით, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ვიწრო უდაბნოს ზოლში ნილოსის დაბლობსა და ფაიუმის ოაზისს შორის. დასრულებული სახით ეს პირამიდა, რომელიც სიდიდით მეხუთეა პირამიდებს შორის, 94.5 მ. სიმაღლის იყო, მისი ოთხივე კედლის სიგრძე კი 144 მეტრის. მაგრამ დღეს მას „ყალბ პირამიდას“ (Haram el Kaddab)
მასტაბა
ეძახიან, რადგან იმდენად გაიძარცვა ქვის მძარცველების მიერ ჯერ კიდევ ფარაონების დროს, რომ დღეს, თავისი ბრტყელი თავით, ფორტს მოგვაგონებს. მისი ძარცვა სამშენებლო მასალად, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით რამსეს II-ის (XIX დინასტია) დროიდან დაიწყო. მეიდუმის პირამიდა სნოფრუს კიდევ ერთ, დაშურის (ე.წ. „მოხრილი“, ან „მოღუნული“) პირამიდის თითქმის თანადროულად დასრულდა. მეიდუმში ასევე პირველად გვხვდება ის ხუთი ელემენტი, რომელიც შემდეგ ძველი სამეფოს პირამიდის კომპლექსის აუცილებელ ელემენტებად გადაიქცა: მთავარი პირამიდა, თანმხლები პირამიდა (ან პირამიდები), გალავანი, მოსახსენიებელი ტაძარი, მოპირკეთებული გზა, რომელიც პირამიდის გალავანთან იწყებოდა და აკავშირებდა მას მოსახსენიებელ ტაძართან, რომელიც დაბლობში, კულტივირებული მიწის კიდესთან იდგა.

მეიდუმში ასევე მდებარეობს პირამიდასთან ასოცირებული სასაფლაო, სადაც ფარაონის ოჯახის წევრები და დიდებულები იყვნენ დაკრძალული. მათ მასტაბებში მოძიებულია უამრავი კედლის ნახატი და ქანდაკება, რომელიც ამ პერიოდის შედევრად არის მიჩნეული. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჰელიოპოლისის ქურუმის და მთავარსარდლის, რახოტეპის და მისი მეუღლის, ნოფრეტის ქანდაკებები.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები