მეორე დასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მეორე დასი" („ახალი ახალგაზრდობა“) − ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალურ–დემოკრატიული მიმდინარეობის წარმომადგენელთა ჯგუფი, გ. წერეთლის, ნ. ნიკოლაძისა და ს. მესხის ინიციატივით ჩამოყალიბებული 1869 წელს.

ამ მიმდინარეობის სოციალური საფუძველი და თეორიული წყაროები ძირითადად იგივე იყო, რაც პირველდასელებისა (თერგდალეულებისა), მაგრამ იგი „მესამე წოდების“ კლასობრივ და ეროვნულ მოთხოვნათა უფრო რადიკალურად გამომხატველი და განმანათლებლურ-უტოპიურ-სოციალისტური იდეების უფრო თავგამოდებული დამცველი იყო.

XIX ს. 70-იან წლებში თერგდალეულთა შორის დაწყებული იდეური დიფერენციაცია უმთავრესად სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხების გაგებასა და გადაწყვეტაში გამომჟღავნდა. „მეორე დასის“ წარმომადგენლებს, რომელთა სამოღვაწეო პროგრამა ბურჟუაზიული ხასიათისა იყო, თერგდალეულთა გეგმები აღარ აკმაყოფილებდათ. ისინი ჰუმანისტურ მატერიალიზმთან და კრიტიკულ რეალიზმთან ერთად, პოზიტივიზმის, საბუნებისმეტყველო მატერიალიზმისა და „შეუფერავი რეალიზმის“ პრინციპებსაც იცავდნენ. ამასთან, თუმცა კი აღიარებდნენ თავად-აზნაურობის ქონებისა თუ დაწესებულებების გამოყენების შესაძლებლობას ხალხის ინტერესებისთვის, გადაჭრით უარყოფდნენ მათს კლასობრივ მეთაურობას და წარმმართველ ძალად მშრომელ, განათლებულ, ასოციაციებში გაერთიანებულ წვრილ მესაკუთრეებს მიიჩნევდნენ.

ამ ჯგუფის წარმომადგენელნი, გარდა მხატვრული ლიტერატურის და კრიტიკისა, მუშაობდნენ ჟურნალისტიკაში, პუბლიცისტიკაში, ეწეოდნენ მთარგმნელობითს საქმიანობას, აგროვებდნენ ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. მეორედასელთა ბეჭდვითი ორგანოები იყო „დროება“, „სასოფლო გაზეთი“, ჟურნალი „კრებული“. თანამშრომლობდნენ აგრეთვე „ტიფლისსკი ვესტნიკში“, „ობზორში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „მოამბეში“, „კვალში“. „მეორე დასის“ აქტიური წევრები იყვნენ პ. უმიკაშვილი, კ. ლორთქიფანიძე. მათ ემხრობოდა ა. წერეთელი.

ლიტერატურა

  • ნ. ნიკოლაძე, ახალი ახალგაზრდობა, ჟურნალი „კრებული“, 1873. No 1;
  • ვ. კოტეტიშვილი, რჩეული ნაწერები, 1965;
  • მ. გაფრინდაშვილი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეური მიმდინარეობანი, წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V, 1970.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები