მერკატორი გერჰარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერჰარდ მერკატორი

გერჰარდ მერკატორი – (ლათ. Gerhardus Mercator, ნიდერლანდ. Gheert Cremer; გერტ კრემერი; 1512-1594 წ.წ.), ფლამანდიელი მათემატიკოსი და გეოგრაფ-კარტოგრაფი.

მან გამოიგონა გეოგრაფიული რუკების განსაკუთრებული პროექციით ხაზვის ხერხი, რომელსაც ამჟამადაც მერკატორულს უწოდებენ. მერკატორი თავის რუკებზე მერიდიანს გამოხატავდა ეკვატორის და პარალელური წრეების პერპენდიკულარულად, „რომ შეენარჩუნებინა სიგანედების ნამდვილი თანაფარდობა, მერკატორი თავის რუკებზე ტოვებდა სიგრძედის გრადუსებს ერთნაირს, ადიდებდა მანძილს სიგანედების გრადუსებს შორის გარკვეული პროპორციით. ასეთი ხერხით რუკების ხაზვის შედეგად თუმცა ქვეყნების კონტურები ეკვატორიდან თანდათან დაშორებული პოლუსისაკენ გრძელდებიან და პოლუსთან მიახლოებული სრულიად აღარ შეეფერებიან სინამდვილეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პროექციას მეზღვაურებისათვის მეტად მნიშვნელოვანი თვისება აქვს: მას ახასიათებს კუთხის მუდმივობა, რომელსაც ქმნის მოძრავი ხომალდის მიმართულება ყველა მერიდიანისადმი, ამას კი არც ერთი სხვა პროექცია არ იძლევა. ამის გამო, მეზღვაურები ამჟამადაც ხმარობენ მერკატორის პროექციით შედგენილ რუკებს“.

მერკატორის მთავარი შრომაა – რუკების კრებული და ამ რუკების აღწერა; ეს შრომა გამოცემულია 1595 სახელწოდებით „ატლასი“, რადგან მის ყდაზე გამოხატული იყო მითური ბუმბერაზი (გიგანტი) ატლანტი, რომელსაც დედამიწა უჭირავს თავის მხრებზე.

მერკატორმა პირველმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსს.

მერკატორმა მორალური დახმარება გაუწია ინგლისელების არტურ პიტისა და ჩარლზ ჯეკმენის ექსპედიციას, რომელსაც მიზნად ჰქონდა აღმოეჩინათ ჩრდილო-აღმოსავლეთის გასასვლელი 1580 წელს. აი რას სწერს მერკატორი ერთ-ერთ თავის წერილში, რომელიც გაუგზავნა ჰაკლიუიტს: „ჩინეთში წასვლა ზღვით ჩრდილო-აღმოსავლეთის გასასვლელით მეტად მოხერხებულია და ადვილია“


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები