გეოგრაფიული რუკა
გეოგრაფიული რუკა − (geographical map, chart),
1. ობიექტური რეალობის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის ანასახი დროულ ცვალებადობაში, შესრულებული რუკის ენით (ა. ასლანიკაშვილი);
2. სინამდვილის ხატებრივ-ნიშნობრივი მოდელი;
3. დედამიწის ზედაპირის მათემატიკურად განსაზღვრული, შემცირებული, გენერალიზებული, პირობითი აღნიშვნებით შესრულებული გამოსახულება.
რუკები განსხვავდებიან: შინაარსის, სივრცის (ტერიტორიის) მომცველობის, მასშტაბის, დანიშნულების, სარგებლობის ფორმის მიხედვით.
შინაარსის მიხედვით არის: ზოგადგეოგრაფიული და თემატური; სივრცის მომცველობის მიხედვით – დედამიწის, კონტინენტების, სახელმწიფოების, რეგიონების, ქალაქების;
მასშტაბის მიხედვით – მსხვილმასშტაბიანი (lagre scale) - 1:200 000 და უფრო მსხვილი, საშუალომასშტაბიანი (medium scale) - 1:300 000 – 1:1 000 000 და წვრილმასშტაბიანი (small scale) - 1:1 000 000-ზე უფრო წვრილი;
დანიშნულების მიხედვით – სამეცნიერო, საცნობარო და სასწავლო;
სარგებლობის მიხედვით – მაგიდის, კედლის, დასაკეცი და ელექტრონული. გეოგრაფიული რუკების გარდა არის მთვარის, ვარსკვლავიური ცის და სხვა ციური სხეულების რუკებიც.
უძველესი, რუკის მსგავსი გამოსახულებები შესრულებულია 14 – 15 ათასი წლის წინ გამოქვაბულების კედლებზე, თიხისა და ხის ფირფიტებზე. საინტერესოა ბაბილონელთა რუკები. ძველმა ბაბილონმა, რომელიც კულტურის ცენტრს წარმოადგენდა, დიდი როლი შეასრულა გეოგრაფიული ცოდნის განვითარებაში ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში. ამჟამად გეოგრაფიული რუკების შესადგენად გამოიყენება აეროფოტო და კოსმოსური სურათები. ფოტოგამოსახულების რუკასთან შეთავსებით მიიღება ფოტორუკა, რომელსაც ორთოფოტოსაც უწოდებენ.