მერქანფენოვანი პლასტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანათალი შპონი

მერქანფენოვანი პლასტიკი – (რუსულად ДСП – Древе́сно-слои́стый пластик) საკმაოდ გავრცელებული საშენი მასალაა, რომელიც წარმოადგენს ანათალი შპონის ფურცლებისგან დამზადებულ მერქანპოლიმერულ კომპოზიტს. ეს ფურცლები მაღალი წნევისა (20 მპა-მდე) და ტემპერატურის (150°C) პირობებში ერთმანეთთანაა შეწებებული რეზოლური ტიპის სინთეზური წებოებით ან ფენოლფორმალდეჰიდური ფისით. წარმოებაში საუკეთესოა არყის ხის შპონი სისქით 0,35-0,65 მმ, ტენიანობით – 6-10%. მექანიკური თვისებები: სიმკვრივე – 1300 კგ/მ3; სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 140-280 მპა, კუმშვაზე – 100-180 მპა, ღუნვაზე – 150-280 მპა; სიმტკიცე ახლეჩაზე ნაკერის მიმართულებით – 11-15 მპა; სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 250 მპა; წყლის შთანთქმა 24 სთ-ის განმავლობაში – 5-15%. მშენებლობაში გამოიყენება ფურცლების (სისქე 15 მმ-მდე) ან ფილების (სისქე 15-60 მმ) სახით. ნამზადის სიგრძეა 700-5600 მმ, სიგანე – 950-1500 მმ. ახასიათებთ მაღალი ტენ და ბიომედეგობა, სტაბილურობა ზედაბალ (–270°C) ტემპერატურაზე, მაღალი მექანიკური სიმტკიცე, დიელექტრიკული თვისებები, მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ და სხვ.

ფურცლოვანი მერქანფენოვანი პლასტიკები
მერქანფენოვანი პლასტიკის ფილები

ფენებში შპონის ბოჭკოების მიმართულებების მიხედვით მერქანფენოვანი პლასტიკი მზადდება ოთხი სახის (რუსული წყაროების მიხედვით): A) ფენებში მერქნის ბოჭკოების მიმართულება ერთნაირია ან ყოველი მე-4 ფენა მობრუნებულია 20-25° კუთხით. მარკა ДСП-А; Б) ყოველ 8-12 ფენას პარალელური მიმართულების ბოჭკოებით ენაცვლება ერთი ფენა მართობი მიმართულებით. მარკა ДСП-Б, ДСП-Б-э, ДСП-Б-м, ДСП-Б-т, ДСП-Б-о; B) ყოველ მოსაზღვრე ფენაში ბოჭკოების მიმართულება ურთიერთმართობულია. მარკა ДСП-В, ДСП-В-э, ДСП-В-м; Г) ყოველ შემდეგ ფენაში ბოჭკოების მიმართულება მობრუნებულია წინას მიმართ 45°-იანი კუთხით. მარკა ДСП-Г, ДСП-Г-м. (А, Б, В, Г ასოები უჩვენებს პლასტიკში შპონების განლაგების მიმართულებას, ხოლო э, м, т და о – მასალის დანიშნულებას).

მერქანფენოვანი პლასტიკების გამოყენების სფეროებია: მშენებლობა, ჰიდროტექნიკური მშენებლობა, ელექტროტექნიკური მრეწველობა, ტყვიაგაუმტარი კონსტრუქციები, ფრიქციული დეტალები, კრიოგენული (დაბალ ტემპერატურასთან, ვაკუუმთან, გაყინვასთან დაკავშირებული) და კოსმოსური ტექნიკა, მეტალურგიული და სამთომომპოვებელი წარმოების მოწყობილობები, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, ხის კონსტრუქციების შეერთებები და სხვ.

მერქანფენოვანი პლასტიკი შეიძლება შეგვხვდეს სხვა დასახელებითაც, როგორიცაა დელტა-მერქანი ან დაბაკელიტებული ფანერა).


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები